#სპორტი

ქართველი ფეხბურთელი საერთაშორისო კლუბში - ლუკა სილაგაძემ კონტრაქტი ლატვიურ „ლიეპაიასთან“ გააფორმა

გაზიარება:

„6 წლის ვიყავი ფეხბურთზე რომ შევედი. საყვარელმა ლია ბებომ წამიყვანა პირველად. იმ დღეს ფეხბურთი თავდავიწყებით შემიყვარდა და ჩემთვის დღემდე არაფერი შეცვლილა“ - ასე იხსენებს ფეხბურთთან პირველი გადაკვეთის მომენტს, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა სილაგაძე, რომელმაც, სულ რამდენიმე დღის წინ ლატვიურ კლუბ „ლიეპაიასთან“ გააფორმა კონტრაქტი. ლუკა ლატვიაში დაბრუნდა და ქართველი ფეხბურთელების იმ რიცხვსაც შეუერთდა, რომლებიც წამყვან, საერთაშორისო კლუბებში ასპარეზობენ, თანაც საოცარი წარმატებით.

რა როლი ითამაშა დინამოს აკადემიამ ლუკა სილაგაძის აღზრდისა და ჩამოყალიბების საკითხში, ვინ არიან აკადემიის სხვა „შვილები“, რომლებიც გამორჩეული საკლუბო სეზონებით იწონებენ თავს და როგორ და რა ტემპით ვითარდება ქართული ფეხბურთი დღეს - ამ კითხვებზე პასუხებს, ლუკასთან ინტერვიუში აღმოაჩენთ.

ლუკა სილაგაძე, ლიეპაია

თქვენს საფეხბურთო კარიერაში მიმდინარე სიახლეების შესახებ რომ გვიამბოთ, სად და როგორი მოლოდინით აგრძელებთ კარიერას?

ახლახან გავაფორმე კონტრაქტი ლატვიურ კლუბ „ლიეპაიასთან“. ჩემთვის ეს ქვეყანა უცხო არ არის, რადგან ლატვიაში 3 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და გამომდინარე აქედან, ადაპტირებაც არ გამჭირვებია. მოლოდინებს რაც შეეხება, საკუთარი თავისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ და ვიცი, რომ არც ეს წელი იქნება გამონაკლისი.

რა გავლენა მოახდინა დინამო თბილისის აკადემიამ თქვენს სამომავლო კარიერაზე?

დინამოს აკადემიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში. ფეხბურთელად რომ ჩამოვყალიბდი და პიროვნულად განვვითარდი, ეს პირველ ყოვლისა, სწორედ ჩემი აკადემიის დამსახურებაა. 

ლუკა სილაგაძე, ლიეპაია

უფრო დიდ მასშტაბზეც, რომ შევხედოთ დინამოს აკადემიის წვლილი, ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში, დღესდღეობით შეუფასებელია. მსგავსი აკადემიის ქონა ქვეყნისთვის აუცილებელია და რაც მეტი იქნება, მით მეტად დაეხმარება სამომავლოდ ქართულ ფეხბურთს წინსვლაში. 

როგორ ფიქრობთ რა განაპირობებს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მსოფლიო ასპარეზზე პოპულარობას?

დინამოს აკადემიაში ძალიან ბევრმა ისეთმა ფეხბურთელმა აიდგა ფეხი, რომლებიც დღეს საქართველოს ნაკრების მაისურს ირგებენ და სწორედაც რომ ქვეყნის სახელით თამაშობენ. ქართველი ფეხბურთელები მრავლად არიან ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ესპანეთში, „ვალენსიაში“ თამაშობს, ამ ლიგის და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა, ასევე ზურიკო დავითაშვილი, რომელიც „ბორდოს“ ღირსებას იცავს, ორივე მათგანმა დინამოს აკადემია გამოიარა. ბევრი ქართველი ფეხბურთელია აზიაშიც, არ შემიძლია არ გამოვყო ბექა მიქელაძე, ვაკო ყაზაიშვილი, ლუკა გადრანი და სხვები. არ მინდა ვინმე გამომრჩეს...

ლუკა სილაგაძე, ლიეპაია

როგორ ფიქრობთ ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესის ზრდა კვარას დამსახურებაცაა?

ქართველ ფეხბურთელებზე ნამდვილად დიდი მოთხოვნაა საერთაშორისო ასპარეზზე. ეს „კვარას“ დიდი დამსახურებაცაა, მის წინა სეზონს რომ გადავხედოთ, ის უბრალოდ სასწაული იყო, როგორც სტატისტიკურად, ისე თამაშით. ვფიქრობ, ყველამ გაითავისა, რომ თუკი ჩვენს ქართულ ნიჭს დავუმატებთ ბევრ შრომას და თავდადებას, დიდ მწვერვალებს მივაღწევთ. 

ხვიჩა კვარაცხელიას დიდი დამსახურებაა დღეს, ქართველები ევროპის ტოპ 5 ლიგებში რომ მიდიან.

ლუკა სილაგაძე, ლიეპაია

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ალბათ, როგორც ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის, ჩემი დიდი ოცნება და პატივია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში და ამისთვის ყოველწლიურად ვცდილობ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო.

ზევით