#მუსიკა

KENDRICK LAMAR vs DRAKE: დაპირისპირების ქრონოლოგია

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

გირჩევთ, სტატიის წაკითხვამდე kendrick lamar-ის ახალი ჰიტი - Not Like Us ჩართოთ და გულდასმით მოუსმინოთ სიტყვებს!

And yes, we pick sides!

ჰიპ-ჰოპ კულტურაში დაპირისპირებები არავის უკვირს. როგორც ხელოვნების ყველა ფორმა, რეპიც თვითგამოხატვისთვისაა შექმნილი და არტისტებიც არა მხოლოდ სოციალურ პრობლემებსა თუ შინაგან კონფლიქტებზე, არამედ ერთმანეთის მიმართ ბრაზზე, უთანხმოებასა და ღვარძლზე წერენ. ისტორიას დღემდე ახსოვს 2pac-ისა და The Notorious B.I.G.-ის, თუ Jay-Z-ისა და Nas-ის დაპირისპირებები, რომელთა შედეგადაც რეპ კულტურას არაერთი Diss Track-ი შემორჩა. ამჯერად დღევანდელობის ორი გამორჩეული რეპერის, კენდრიკ ლამარისა და დრეიკის, მრავალწლიანმა დაპირისპირებამ მიაღწია პიკს. 

the notorious b.i.g., biggie, biggie smalls, tupac, 2pac shakur
ფოტო: Biography.com

კენდრიკ ლამარი, თავისი გამორჩეული რითმებითა და უნიკალური ხედვით, თაობის საუკეთესო რეპერად ითვლება. მისი ტექსტები ხშირად პოლიციის სისასტიკეს, შავკანიანთა პრობლემებსა და შინაგან კონფლიქტებს ეხება. K-Dot მეტსახელის მქონე რეპერი ერთადერთი მუსიკოსია, კლასიკური და ჯაზის ჟანრების მიღმა, რომელსაც მუსიკის ტექსტისთვის პულიცერის პრემია აქვს მიღებული.

მეორე მხარეს კი არსებობს დრეიკი, რეპისა და R&B-ის ნაზავით 21-ე საუკუნის კომერციულად ყველაზე წარმატებული ჰიპ-ჰოპ არტისტი. მის multi-platinum ჰიტებს შორის ისეთი ტრეკებია, როგორიცაა Hotline Bling, One Dance და The Motto. კანადელ რეპერს ოთხი გრემის ჯილდო აქვს მიღებული.

drake vs kendrick, drake, kendrick lamar, beef, euphoria,
ფოტო: Rolling Stone

მიუხედავად დღევანდელი განხეთქილებისა, კარიერის დასაწყისში რეპერები რამდენიმე კოლაბორაციითაც წარდგნენ მსმენელის წინაშე. დრეიკის 2011 წლის ალბომში “Take Care” კენდრიკი ინტერლუდიაშია წარმოდგენილი, ასევე K-Dot-ის მეორე სტუდიურ ალბომს, სახელწოდებით “Good Kid, M.A.A.D City”, დრეიკი ტრეკით “Poetic Justice” შეუერთდა.

ორ ტიტანს შორის უთანხმოება თავდაპირველად Big Sean-ის Control-ის გამოშვებას მოჰყვა, სადაც კენდრიკმა სხვა კოლეგებთან ერთად დრეიკი “გადისა”.

 “Pusha T, Meek Millz, A$AP Rocky, Drake Big Sean, Jay Electron', Tyler, Mac Miller I got love for you all but I'm tryna murder you n***s”.

დრეიკმა კენდრიკს ამ ტრეკზე პასუხი არ გასცა და მათ შორის ღია კონფლიქტიც რამდენიმე წლით დასამარდა. ამ დროის მანძილზე ოთხი გრემის მფლობელ მუსიკოსს დაპირისპირება Meek Mill-თან ჰქონდა, 2018 წლიდან კი Pusha T-ისთან, რომელმაც თავის სიმღერაში “The Story of Adidon” მსმენელს დრეიკის საიდუმლო შვილის შესახებ აცნობა: “You are hiding a child, let that boy come home”. ტრეკის პასუხად შვილის - ადონისის არსებობის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსმა თავად დაადასტურა. ცნობისთვის, დრეიკი ბიოლოგიური ვაჟის არსებობას მალავდა და ახლო წრეებში ამბობენ, რომ მამობას არც კი აღიარებდა. 

კენდრიკისა და კანადელი რეპერის "ჯახი" მხოლოდ შარშან განახლდა, მას შემდეგ, რაც დრეიკისა და J.Cole-ის კოლაბორაციულ ტრეკში “First Person Shooter” ამერიკელმა რეპერმა დრეიკი, კენდრიკ ლამარი და საკუთარი თავი რეპის “დიდ სამეულად” მოიხსენია, პულიცერის პრემიის ლაურეატმა კენდრიკმა კი სამეულის ერთ დონეზე ყოფნა დამცინავად უარყო - “არ არსებობს დიდი სამეული, დიდი მხოლოდ მე ვარ”. ამ განცხადებით J.Cole მცირე ხნით ორი რეპერის დაპირისპირების ნაწილიც გახდა. კენდრიკის პასუხის შემდეგ “7 Minute Drill” - მასზე დაწერილი diss track-ი გამოუშვა, სადაც მუსიკოსის შემოქმედება მოსაწყენად შერაცხა.

30 აპრილს ლამარმა საპასუხო ტრეკი - “Euphoria” გამოუშვა. სიმღერის სახელი HBO-ს ამავე სახელწოდების მქონე სერიალისგანაა აღებული, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც სწორედ დრეიკი გახლავთ. კენდრიკი რეპერს მატყუარა მანიპულატორს უწოდებს და საკუთარ თავს მის ყველაზე დიდ “ჰეითერად” მოიხსენიებს: "I hate the way that you walk, the way that you talk/ I hate the way that you dress/ I hate the way that you sneak dissing”. ამავე კვირაში ჰიპ-ჰოპ არტისტმა მეორე სიმღერაც გამოუშვა, სახელწოდებით “6:16 in LA”.

უწყვეტი მუსიკალური ორთაბრძოლა 3 ივნისს დრეიკმა “Family Matters”- ით განაგრძო, სადაც კენდრიკის ნამდვილ მამობას ეჭვის ქვეშ აყენებს. ამასთან ერთად, რეპერს საცოლის ღალატსა და ძალადობაში სდებს ბრალს. კენდრიკმა კი ნამდვილი ბომბი ჩამოაგდო და დრეიკის ტრეკის გამოჩენიდან 15 წუთში “Meet The Grahams” ატვირთა, რომელიც შეგვიძლია დაპირისპირების ყველაზე აგრესიულ ნაწილად მივიჩნიოთ.

სიმღერის დასაწყისშივე რეპერი დრეიკის შვილს თანაუგრძნობს იმის გამო, რომ მამად კანადელი მუსიკოსი შეხვდა.

ტექსტის მეორე ნაწილში კენდრიკი დრეიკს ამერიკელ სექსუალურ მოძალადეს, ჰარვი უაინშტაინს ადარებს, მესამე ნაწილში კი მის ქალიშვილზე საუბრობს, რომელსაც, როგორც აღნიშნავს, მომღერალი არ უწევს აქტიურ მამობას. დრეიკმა K-Dot-ის საწინააღმდეგოდ თავის ინსტაგრამზე ქალიშვილის ყოლა უარყო. კენდრიკი არც აქ წყვეტს თავდასხმებს და 24 საათში ახალ სიმღერას, "Not Like Us" უშვებს, რომლის ქავერ ფოტოზეც დრეიკის ტორონტოს სახლი, სექსუალური მოძალადეების სახლების მსგავსად, წითელი მარკერებითაა მონიშნული. გარდა ამისა, კენდრიკ ლამარის ერთ-ერთი ფრაზა იმასაც გვაუწყებს, რომ მას დრეიკის ახლო გარემოცვა იმდენად ვერ იტანს, რომ კენდრიკს თავად აწვდიან ინფორმაციას.

კანადელი მსახიობი და მომღერალი კონფლიქტის ეპიცენტრში "The Heart Pt. 6"-ით ბრუნდება, რომლითაც ქალიშვილის ყოლის ჭორებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მეორე შვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია თავად მიაწოდა კენდრიკს, ის კი ანკესს წამოეგო. ამავდროულად, სიმღერაში ლამარის საცოლისა და მისი ბიზნეს პარტნიორის, დეივიდ ფრის სავარაუდო რომანს განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტრეკი ბევრისთვის დაგვიანებულ პასუხად მიიჩნეოდა, ჰიპ-ჰოპის მსმენელთა ნაწილში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. 

სოციალურ მედიას თუ დავუჯერებთ, დრეიკი აშკარად აგებს ორთაბრძოლას. კენდრიკის ბოლო ნამუშევარს ფანებმა "ლექცია" შეარქვეს, რომელსაც დრეიკმა უნდა მოუსმინოს და განათლება მიიღოს. ინტერნეტ მომხმარებლები იმასაც წერენ, რომ დრეიკმა მარცხი დროულად უნდა აღიაროს, თორემ კარგი ბედი არ ეწევა. 

ზევით