#კულტურა #ცნობილები #კინო #საზოგადოება

კახი და ბელა - სიყვარულის მარადიული ისტორია

გაზიარება:

27 აპრილს, საქართველომ, 85 წლის ასაკში, თეტრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე დაკარგა, დაკარგა სახალხო არტისტი, რომლის სამსახიობო შესრულებითა და მანეერით, მიხრა-მოხრითა და ხმის ტემბრით, უბრალო ღიმილითა და გულწრფელი სიტყვებით ადამიანების მოთაფვლა როგორც სცენიდან, ისე პირისპირაც იდეალურად შეეძლო.

კახი კავსაძემ სახალხო აღიარება და სიყვარული სიცოცხლეშივე მოიპოვა და არა მხოლოდ, როგორც შეუდარებელმა კინოს მსახიობმა, რომლის ფილმოგრაფიაც „ვერის უბნის მელოდიებს“, „ნატვრის ხეს“, „მონანიებასა“ და არა ერთ ქართულ შედევრს აერთიანებს, არც როგორც თეატრის ვირტუოზმა შემსრულებელმა, არამედ ადამიანმა - რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ცხოვრების ერთადერთი სიყვარული, რომლის ერთგულიც კახი სიცოცხლის ბოლო დღემდე რჩებოდა.

კახისა და ბელას სიყვარულის ისტორია ბევრჯერ ნანახ, გაგონილსა თუ ამოკითხულ ზღაპრულ ამბავს ჰგავდა, რომელიც ერთი ნახვით შეყვარებით დაიწყო, მაშინ კახიცა და ბელაც სამსახიობო კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, ბელა დასაწყისშივე ბრწყინავდა, სხვაგვარად უბრალოდ გამორიცხულიც იყო, კახი კი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა ყველასათვის საკუთარი ნიჭიერება დაემტკიცებინა.

ყველაფერი მართლაც ერთი ნახვით დაიწყო, როდესაც კახიმ დერეფანში მომღიმარი ბელა დაინახა, თუმცა სიყვარულს კავსაძე გულით ძალიან დიდხანს დაატარებდა, ბოლოს როგორც იქნა მოიკრიბა ძალა და ცხოვრების სიყვარულს გრძნობებში გამოუტყდა, სიყვარული საპასუხო აღმოჩნდა და კახიმ და ბელამაც მალევე იქორწინეს.

ბელას ისე ვაღმერთებდი – არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი

ემოციური და ამაღელვებელი მოსასმენი იყო კახისა და ბელას თანაცხოვრების ისტორიები, თუმცა ორმაგად სულისშემძვრელი აღმოჩნდა მათი ისტორიის განვითარება. 5 თვის ორსული იყო ბელა მირიანაშვილი ავად რომ გახდა, მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდებოდა, თუმცა ბელამ ანტიბიოტიკების მიღებაზე უარი განაცხადა, გაციება კი ფილტვების ანთებაში გადაიზარდა. მშობიარობის შემდეგ ბელას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მსახიობი ლოგინს სამუდამოდ მიეჯაჭვა.

„მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ზეამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის,“ – წერდა ბელა მირიანაშვილი.

„ოღონდ მას ეცოცხლა და დაუფიქრებლად დავთმობდი ჩემს სიცოცხლეს. ლოგინად იყო ჩავარდნილი, ვერ დადიოდა ჩემი ბელა.. მაგრამ მაინც ვეჭვიანობდი“

კახი და ბელა

კახიმ და ბელამ ერთად, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და ბედნიერებით სავსე 26 წელიწადი გაატარეს, როგორც კახი კავსაძე იხსენებდა, ამ ხნის განმავლობაში ბელა მხოლოდ 3 წელიწადი იყო ჯანმრთელი, 23 კი იავადმყოფა, მაგრამ ცუდად ყოფნა კახის მხოლოდ ერთხელ გაუმხილა - „მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა დამიძახა და მითხრა, ცუდად ვარო... არ ტყდებოდა, ღირსების უმაღლეს საფეხურზე იდგა ყოველთვის“.

„ბელა! - ვეძახი უნებურად, ძველი ჩვეულებისამებრ.. არავინ მეხმაურება. ანდა როგორ გამომეხმაურება მარადისობიდან. 54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან, მაშინ 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ ცალხელა დავდივარ, არა მთლიანი, არამედ ნახევარი.

კახი და ბელა

ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო - ბელა მირიანაშვილი. ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა, ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა. ხშირად მაგრძნობინებდა თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ - რა უფლება მქონდა მისი აზრი არ გამემართლებინა?! - ბელა! - ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ.. ეს ძალზე ინტიმურია“.

ზევით