ლონდონში, კარლო კაჭარავას პერსონალური გამოფენა People and Places გაიხსნა

გაზიარება:

„ინგლისი დიდია, სერ!“

როგორი ირონიულია ცხოვრება, არა? მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში მოღვაწე ქართველ მხატვარს, პოეტს, ესეისტსა და არტ-კრიტიკოსს, კარლო კაჭარავას, ცხოვრებაში არასოდეს ჰქონია პერსონალური გამოფენა, დღეს კი მისი ნახატების კრებული სახელად People an Places, შუაგულ ინგლისშია გამოფენილი. 

ლონდონის სამხატვრო გალერეა Modern Art კარლო კაჭარავას პერსონალურ გამოფენას 10 ოქტომბრიდან, სანია კანტაროვსკისა და სკოტ პორტნოის კურატორობით, 17 დეკემბრამდე მასპინძლობს.

მე ძალიან ბევრს ვხატავ. ხატვა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. ინგმარ ბერგმანის თქმის არ იყოს, მე შევიშლებოდი ბევრი რომ არ მემუშავა. სამყაროსთან ბრძოლის იარაღი მხოლოდ მხატვრობაა - კარლო კაჭარავა

„ინგლისი დიდია, სერ!“, მაგრამ კიდევ დიდია საქართველოც, რადგან მას გასული საუკუნის მიწურულს, შესაძლებლობა ჰქონდა კარლო კაჭარავას მრავალგანზომილებიანი პიროვნება გაეცნო. კარლო გვიან საბჭოთა პერიოდში აღიზარდა, თუმცა საზღვრებს მიღმა გასვლა და დასავლურ სამყაროსთან გაერთიანება ადრეული წლებიდან ჰქონდა გადაწყვეტილი.

კარლო ყოველთვის ინტერესდებოდა დასავლური კულტურით, ცხოვრების წესით, ხელოვნებით, თეორეტიკოსებითა და მწერლებით, მაშინაც კი როდესაც მას დასავლუი სამყაროს სიყვარულს საბჭოთა კავშირის სისტემა მკაცრად უკრძალავდა, კარლო თავით ფეხებამდე იძირებოდა ახალ ფასეულობათა სისტემაში, რაც ხელოვანის შემოქმედებაზეც ნათლად აისახებოდა.

კარლო კაჭარავა გახლდათ შემოქმედი, რომელმაც ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად (ხელოვანი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა), შეძლო და დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე ერთნაირად აღაფრთოვანებს და შთააგონებს არტკრიტიკოსებსა თუ ახალგაზრდა ხელოვანებს. კარლოს ექსპრესიული ილუზიის, ფუტურიზმისა თუ კომიქსების შტრიხებით შექმნილი ნამუშევრები, საზღვრებს გარეთ, პერსონალურ გამოფენად, მისი გარდაცვალების შემდეგ, 1998 წელს ნიუ-იორკის ჯოის გოლდსტეინის გალერეაში გამოიფინა. 

„მხატვრებისთვის ხელოვნებათმცოდნე ვარ, ხელოვნებათმცოდნეებისთვის ვარ გაურკვეველი ავანგარდისტი, რომელიც რაღაცას ვხატავ და რატო ვხატავ არავინ იცის და პოეტებისთვის ვარ დემაგოგი, თუმცა რეალურად მე ვარ პოეტი“.

ზევით