#ლიტერატურა

„გზააბნეული სული“ - ოლგა ტოკარჩუკის პირველი გრაფიკული რომანი

გაზიარება:

ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის პირველი გრაფიკული რომანი „გზააბნეული სული“, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ფილოსოფიური წიგნი, მარტივი ენით მოთხრობილი ამბავი ზუსტად ისაა, რის წაკითხვაც ახლა, ამ დაძაბულ და აჩქარებულ დროს ასე ძალიან გვჭირდება. მოთხრობა-იგავი დაკარგული და ნაპოვნი სულის შესახებ გამომცემლობა „ზოლიანმა კატამ“ 2022 წლის დასაწყისში გამოსცა და მასში ყველა ასაკის მკითხველი, პირად ისტორიას აღმოაჩენს.

48-გვერდიანი სრულყოფილების შესაქმნელად ორი ბრწყინვალე გონება გაერთიანდა, ტექსტი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ლიტერატურის დარგის ლაურეატმა ოლგა ტოკარჩუკმა შექმნა, საოცარ ილუსტრაციებზე კი იოანა კონცეხომ იზრუნა.

ნობელის პრემიის ლაურეატის ოლგა ტოკარჩუკისა და ილუსტრატორ იოანა კონცეხოს გზები მოულოდნელად Paris Book Fair-ზე გადაიყარა, იმ საბედისწერო დღეზე საუბრისას იოანა იხსენებს: „ვუთხარი რომ მიყვარდა მისი წიგნები და აღმოჩნდა, რომ მან იცოდა ვინ ვიყავი, მეტიც, ის კარგად იცნობდა ჩემს ილუსტრაციებს“. სწორედ იმ პერიოდში, ოლგა ტოკარჩუკს პოლონური საბავშვო გამომცემლობისგან, ილუსტრირებული გრაფიკული რომანის შექმნის შეთავაზება ჰქონდა მიღებული და თანამშრომლობა, დაუფიქრებლად იოანა კონცეხოს შესთავაზა.

„გზააბნეული სულის“ პირველ წინადადებას ოლგა დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა კომპიუტერის ერთ-ერთ ფაილში უსათაუროდ და როდესაც მწერალი გრაფიკული რომანის შექმნის პერსპექტივის წინაშე დადგა, ტოკარჩუკმა ზუსტად იცოდა რის შესახებ მოუთხრობდა მკითხველს მისი ილუსტრირებული წიგნი. ოლგამ ადამიანთა სულების კვლევა გადაწყვიტა, არეულ, საოცრად აჩქარებულ ცხოვრებაში იმ ადამიანთა დაკვირვებით დაკავდა, რომლებსაც საკუთარი სულები, სადღაც გვერდით მიეტოვებინათ და მოსაბეზრებელ რუტინაში თავით-ფეხებამდე გადაშვებულიყვნენ. 

 

„გზააბნეული სული“ ეს არის წიგნი დროის მიერ ალყაში მოქცეულ თანამედროვე ადამიანზე, რომლის ცხოვრებაც სავსეა მოლოდინით, მოთმინებითა და ხშირად იმედგაცრუებითაც. რომანი ერთი კაცის ისტორიას გვიამბობს, რომელიც ოლგას დაკვირვების შედეგად მიღებული განზოგადებული სახეა. წიგნის მთავარი გმირის ცხოვრება სულის გარეშეც, კარგად გამოიყურებოდა, მას ეძინა, ჭამდა და მუშაობდა, მანქანას მართავდა და ზოგჯერ ჩოგბურთსაც კი თამაშობდა. მაგრამ ხანდახან, მხოლოდ ხანდახან მამაკაცი იმასაც აცნობიერებდა, რომ სამყარო მის გარშემო ერთ სიბრტყედ ქცეულიყო, მათემატიკის სავარჯიშო რვეულის გვერდს დამსგავსებოდა, რომელიც მთლიანად თანაბარი კვადრატებით არის დაფარული.

სასტუმროს საძინებელ ოთახში პანიკის შეტევის შემდეგ, „გზააბნეული სულის“ მთავარი გმირი ბრძენ ექიმთან მიემგზავრება, რომელიც მას გარკვეული დროის მარტო გატარებას ურჩევს, „რადგან მხოლოდ ჯდომითა და მოთმინებითაა შესაძლებელი საკუთარ სულთან დაკავშირება“. წიგნის ფილოსოფიური თემა, თავად სულის საკითხი, ილუსტრაციებით არის შესწავლილი. თხრობაში იოანა კონცეხოს დელიკატურად შემოჰყავს სულის პერსონიფიცირება - ახალგაზრდა გოგოს სახით. მართალია, „გზააბნეული სულს“ ძალიან ცოტა ტექსტი აქვს, თუმცა ილუსტრაციები ამ სიცარიელეს იდეალურად ავსებენ. იოანას ნახატები ერთდროულად მელანქოლიასა და სიხარულს ასხივებენ და კომუნიკაციის უნიკალურ ფორმასაც გვთავაზობენ.

ილუსტრატორსავე ეკუთვნის იდეა მამაკაცის სულის ზრდა ქოთნის მცენარეების ზრდით წარმოეჩინა. „სახლის მცენარეები მიყვარს და აივანზეც მაქვს. ადრე არ მომწონდა ისინი - ვფიქრობდი, რომ ისინი საკმაოდ მოსაწყენი და უინტერესონი იყვნენ. მაგრამ, დროთა განმავლობაში მე ვისწავლე მათი დაფასება. შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი ძალიან გამძლეები არიან და თუ მათზე იზრუნებ, ისინი მადლიერებას მრავალი ყვავილით გამოხატავენ” - ამბობს იოანა.

ოლგა ტოკარჩუკისა და იოანა კონცეხოს „გზააბნეული სული“ ბედნიერების მომტან მედიტაციას ჰგავს, რომელშიც დაკარგული სულის საძებრად წასულ მამაკაცს მივყვებით კვალდაკვალ და მასთან ერთად საკუთარ სიმშვიდესაც ვპოულობთ.

ზევით