#კინო

გრეტა გერვიგის Barbie ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული ყველაზე შემოსავლიანი ფილმია

გაზიარება:

Mattel-ის მიერ გრეტა გერვიგზე დადებული ფსონი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილება აღმოჩნდა კომპანიისთვის და ამაში Barbie-ს შემოსავლის რეკორდული რაოდენობაც მეტყველებს. Barbie უკვე მიიჩნევა ქალი რეჟისორის მიერ გადაღებულ ყველაზე შემოსავლიან კინოპროდუქტად. ადრე, რეკორდი ეკავა პეტი ჯენკინსს 2017 წლის DC Comics-ის ფილმის Wonder Woman-ისთვის, რომელმაც სალაროებში 822,8 მილიონი დოლარი შეადგინა. 

გრეტა გერვიგის მშვენიერი Barbie აგრძელებს კაშკაშს სალაროებში, მეორე შაბათ-კვირის განმავლობაშიც და ახლა, სულ  რამდენიმე დღეა დარჩენილი მილიარდდოლარიან კლუბში გაწევრიანებამდე. ეს ყველაფერი კი შესაძლებელი მხოლოდ გრეტა გერვიგის ბრწყინვალე თხრობის, გადაღებისა და შესანიშნავი მარკეტინგის გამო გახდა.

გრეტა გერვიგი, ბარბი

ის თუ როგორ შექმნა გრეტა გერვიგმა ბარბის სამყარო, რომელიც ყველა გოგოს ოცნებაა, და გამოხატა ბარბის პერსონაჟი, მის გარშემო მყოფი ადამიანები და სიუჟეტის სიღრმე წარმოუდგენელია. ის, თუ როგორ აყალიბებდა ბარბის გმირებს, როგორც უბრალო გოგოებს და არა გლამურულ თოჯინებს, არის ის, რაც საზოგადოებას დღეს სჭირდებოდა.

რეჟისორმა, ფაქტობრივად ახალი მნიშვნელობა მიანიჭა ბარბის (რაც დასაწყისშივე მთავარ მიზანს წარმოადგენდა). მან უთხრა პატარა გოგოებს, რომ საკმარისია გიყვარდეთ საკუთარი თავი და დააფასოთ თქვენი ინდივიდუალობა, სხვა დანარჩენი უბრალოდ მეორეხარისხოვანია.

მხოლოდ სალაროების გახსნის კვირას, Barbie-ს გლობალურმა შემოსავალმა $356 მილიონი დოლარი შეადგინა. ორშაბათს, 31 ივლისს, ფილმმა უკვე გადააჭარბა $800 მილიონ დოლარს მთელს მსოფლიოში. Barbie-ს ასევე ჰქონდა ყველაზე დიდი გახსნა 2023 წელს, აჯობა Guardians of the Galaxy Vol. 3-ს და The Super Mario Bros. Movie-ს.  

კიდევ რამდენიმე რეკორდულ ციფრს რომ შევავლოთ თვალი, აღმოვაჩენთ, რომ Barbie, სათამაშოზე გადაღებულ ფილმებს შორის, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია, რომელიც არ არის IMAX-სთვის შექმნილი. ფილმი მომგებიანი გადაწყვეტილება აღმოჩნდა Warner Bros.-სთვისაც, გრეტა გერვიგის Barbie სტუდიის არსებობის ისტორიაში, ყველაზე შემოსავლიან პრემიერად იქცა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Barbie-ს პრემიერა, კრისტოფერ ნოლანის Oppenheimer-ის პრემიერას დაემთხვა, თუმცა ამ დროისთვის შემოსავლით თითქმის ორჯერ უსწრებს, რაშიც ეკრანიზაციის მარკეტინგულ გუნდს ლომის წვლილი მიუძღვის.

ზევით