#კულტურა #საზოგადოება

გიორგი ფოცხიშვილი ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა

გაზიარება:

ფოცხიშვილების საცეკვაო დინასტიის წარმომადგენელი, გიორგი ფოცხიშვილი, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა. დირექტორმა, ტედ ბრანდსენმა გიორგის სიახლე ბალეტ „რაიმონდას” დასრულებისთანავე ამცნო, რომელშიც ქართველი მოცეკვავე შეიხ აბდ ალ-რაჰმანის როლს ასრულებდა.

„გიორგი ფენომენალური მოცეკვავეა, რომლის მსგავსსაც იშვიათად შეხვდები. მას აქვს ქარიზმატული სასცენო ხასიათი, გამორჩეული ნახტომები, გასაოცარი ტექნიკა და პარტნიორობის თანდაყოლილი გრძნობა. ის არის გამორჩეული მოცეკვავე, რომელსაც ასეთ პატარა ასაკში უკვე შეუძლია შთააგონოს უამრავი მაყურებელი”, – განაცხადა ტედ ბრანდსენმა.

ცოტა ხნით ადრე, 2023 წლის სექტემბერში, გიორგი ფოცხიშვილი საკმაოდ პრესტიჟული, ალექსანდრა რადიუსის ჯილდოს მფლობელი გახდა, რომელიც იმედის მომცემ ახალგაზრდა მოცეკვავეებს გადაეცემათ ხოლმე. ერთ თვეში, ქართველმა მოცეკვავემ Zwaan-ის პრემია  „ყველაზე შთამბეჭდავი საცეკვაო მიღწევისთვის” მოიპოვა. ამავე წელს, გიორგი ცნობილ გამოცემა - Dance Europe-ში „წლის მოცეკვავის“ ნომინაციის მფლობელი გახდა. ნაციონალური ბალეტის  მთავარი სოლისტის წოდება კი მისი ტრიუმფალური წლის ბრწყინვალე დაგვირგვინებაა.

გიორგი ფოცხიშვილს ცეკვა ნამდვილად სისხლში აქვს. უკვე 60 წელია, მისი ოჯახი ამ საქმეს ემსახურება. მოცეკვავე ბაბუის, დედისა და მამის ოჯახში გაზრდილ გიორგის ცეკვის მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე გაუჩნდა. ის ჯერ ქართულ ცეკვებს დაეუფლა, მოგვიანებით კი დედის, მაია კიკნაძის ხაზის გაყოლა სცადა და საკუთარი ძალები ბალეტშიც მოსინჯა. ნაციონალური ცეკვიდან კლასიკურ მიმართულებაზე გადასვლა მარტივი არ იყო, თუმცა გიორგის ფიზიკური ტრანსფორმაცია შედგა და მისგან ბრწყინვალე ბალეტის მოცეკვავე დაიბადა.

17 წლის იყო, გიორგი ფოცხიშვილმა პირველი პრესტიჟული ჯილდო - ბერლუსკონის საპატიო ჯილდო რომ დაიმსახურა. თბილისში, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლების დასრულების შემდეგ, გიორგიმ სწავლა ამსტერდამში განაგრძო, სადაც ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის დასს შეუერთდა. ქართული ცეკვის გავლენით შექმნილი სასცენო ხასიათით და დაუღალავი შრომით, გიორგი ფოცხიშვილი 2023 წლის აპრილში სოლისტის პოზიციაზე დააწინაურეს, 18 დეკემბერს კი მთავარ სოლისტად დაასახელეს.

ზევით