გარე თვალით დამკვირვებელი | სანდრო სულაბერიძე

10 მაისიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2022" -ის ფარგლებში, ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენას „გარე თვალით დამკვირვებელი“ მასპინძლობს.

„გარე თვალით დამკვირვებელი“ - სანდრო სულაბერიძის ოპტიკური ექსპერიმენტების შედეგების კრებითი გამოფენაა. ხელნაკეთი კამერები და მათ მიერ გადაღებული ფოტოები ინფორმაციული ტექნოლოგიების დეკონსტრუქციას წარმოადგენს.

დაკვირვება ინტერაქციაა. ადამიანის სუპერძალა მილიონობით თვალია, რომელიც დედამიწის ზურგზე და მის ფარგლებს გარეთაა გაბნეული. გარე დამკვირვებლების მნიშვნელობა გადაუჭარბებლად დიდია ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიდან - სტიკერით დაფარული პერსონალური კომპიუტერის ვიდეოთვალამდე. ფარული კადრები და მიზანმიმართულად მანიპულირებული სურათები დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე.

ეს ტექნოლოგიები რომლებიც დღეს უკვე ყოველდღიუირობაა, ხან ძალიან საშიში და ხანაც საინტერესო და სასიამოვნოა. რეკრეაციულ პარკში დამონტაჟებული ასეულობით კამერა დაცულობის და დაუცველობის შეგრძნებას ერთდოულად გვიტოვებს.

სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაბადებული მედია ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი ნამუშევრები ძირითადად სინათლის მნიშვნელობაზე, აღქმაზე და ინფორმაციის დინებაზეა. თავისი შემოქმედებით ის იკვლევს სინათლეს -როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელს და აინტერესებს როგორ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. როგორ არის აგებული ვირტუალური რეალობა და როგორ გვცვლის აღქმა.

სანდრო აქტიურად მონააწილეობს სახელოვნებო ინიციატივებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მისი ბოლო რამდენიმე გამოფენაა: Tete-a-Tete - დროებითი სტუდია მოლში, წინამძღვრიშვილის 44/46, თბილისი 2022 Chewing Fat - kristina kite gallery, ლოს ანჟელესი, აშშ 2021, Supermarket 2021, სტოკჰოლმი, შვედეთი 2021. სანდრო არის სახელოვნებო ინიციატივა ობსკურას წევრი 2015 წლიდან.

გამოფენის ფარგლებში იმუშავებს სანდრო სულაბერიძის დროებითი ფოტო-სტუდია Tete-a-tete. სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ წინასწარ დარეგისტრირდეთ ექსპერიმენტულ ფოტო გადაღებაზე. გამოფენის დასრულების შემდეგ სურათი დაბეჭდილი სახით გამოგეგზავნებათ მითითებულ მისამართზე.

კამერა ბუზის თვალი III - სანდროს მიერ 2019 წელს შექმნილი სახელოვნებო ობიექტი და ექსპერიმენტული პროტოტიპია.

ზევით