#მუსიკა

განრისხებული წვიმის ღმერთი და მუსიკალური ფესტივალის მე-2 დღე

გაზიარება:

წარმოდგენა არ გვაქვს ლაზარესა თუ ელიას (ან შესაძლოა ორივეს ერთად) რისხვა რით დავიმსახურეთ, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინდელ დღეს ლისის საოცრებათა ქვეყანაში იმაზე დიდხანს და უშურველად იწვიმა, ვიდრე იქ მყოფები ვისურვებდით. მუსიკისა და ჩვენი საყვარელი Open Air-ის მოყვარულები რომ წვიმას არ ვუშინდებით ეს ფაქტი ფაქტად დღის ბოლომდე, არა, გათენებამდეც კი დარჩა, მაგრამ ერთი საავდრო ქვა ნამდვილად დაგვამშვენებდა.

მუსიკალური დღესასწაულის მეორე დღის ამინდმა ერთი სიკეთე მაინც ქნა - წვიმისგან თავშესაფრის ძიებაში მყოფი Tbilisi Open Air-ის სტუმრები დაგვაახლოვა და სასიამოვნო ინტერაქციისთვის მოგვცა გასაქანი. სწორედ იქ, Alta-ს სივრცეში მდგომებმა გავცვალეთ დღის ლაინაფის შესახებ აზრები, ქართველი მუსიკოსების მრავალფეროვნებას და მათ განსხვავებულობას გავუსვით ხაზი და დღის მთავარი გმირის - ბრიტანული ინდი როკ ბენდის Alt-J-ს ჩვენთვის რჩეული სიმღერები განვიხილეთ.

Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ენერგიული The Black Marrows, თავზეხელაღებულმა Killages-მა ჩაანაცვლა, მთავარი სცენის მესამე გამომსვლელად ყველასათვის საყვარელი „არა“ იქცა, ბევრი ნაცნობი და რამდენიმე ჯერ კიდევ უცნობი ახლად გამომცხვარი სიმღერებით. ქართველ გამომსვლელთა შორის უკანასკნელი სცენაზე Mokumoku ვიხილეთ.

ამასობაში, ღამის 12 საათიც მოახლოვდა და ვინც არ უნდა ყოფილიყო გასულ ღამეს წვიმის მომყვანი ღვთაება, მისი უზომოდ მადლიერი ვართ, რადგან Alt-J-ს ჰარმონიული ჰანებით ტკბობის საშუალება მოწმენდილი ცის ქვეშ, სწორედ იმ სიმშვიდეში მოგვცა, რომელსაც მხოლოდ ინდი როკ ბენდი და მისი თაყვანისმცემლების ჟრიამული დაარღვევდა.

არ ვიცით ზუსტად რატომ (იქნებ ამინდის, ან სულაც შემსრულებლების დამსახურებით), მაგრამ ფესტივალის მეორე დღემ თვალის დახამხამებაში ჩაიარა და წინ მხოლოდ 1, დღევანდელი დღის თავგადასავალი დაგვიტოვა. 

ზევით