#მუსიკა

ეთნო-ფოლკლორისთვის მინიჭებული ახალი ჟღერადობა

გაზიარება:

4 მარტს, ეთნო-ფოლკლორის ცნობილი მომღერალი დათო კენჭიაშვილი, ბენდთან ერთად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართველი მსმენელის წინაშე ემოციური მნიშვნელობის კონცერტით წარდგება, თუმცა სანამ დაგეგმილი კონცერტის შესახებ დამატებით დეტალებს გაგიზიარებთ, დათო კენჭიაშვილის პირად ისტორიას და მის მუსიკალურ მოგზაურობას წარმოგიდგენთ.

მუსიკა ჩემს ცხოვრებაში

მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის ჩემთან ერთად თანაარსებობს, რაც გარკვეულწილად ჩემი გენეტიკის დამსახურებაა, რომლის წყალობითაც, ოჯახის თითქმის ყველა წევრი მღერის, ლაკონიურად რომ ვთქვა, ხელოვნება ჩვენთვის შეძენილი არ გახლავთ, ის კოდში გვიდევს.

ჩემს მუსიკალურ ინსპირაციად ჰამლეტ გონაშვილი იქცა, რომლის ხმაც ჩემი პიროვნული ჩამოყალიბებიდან დღემდე ჩამესმის.

ჩემთვის მოტივაცია დაბრკოლებების გადალახვაში მოდის, ალბათ სწორედ ამის გამო ავირჩიე მუსიკალური სფერო და მას ცხოვრება სამუდამოდ დავუკავშირე, ხელოვნება ყველაზე მეტად მამოტივირებს. 

პირველ სიმღერასთან ერთად მოსული წარმატება

მახსოვს, პირველ წარმატებას მომღერალ ლელა თათარაიძის სიმღერის "შენმა სურვილმა დამლიას" შესრულების შემდეგ ვეზიარე. 1999 წელს, მეგობრის დღიურში ჩავწერე, რომ ერთ დღეს აუცილებლად ვიქნებოდი ცნობილი მომღერალი, ამის ფაქტობრივი მტკიცებულებაც არსებობს, თუმცა პოპულარობას ყოველთვის კეთილდღეობა და სიკეთე არ მოაქვს, ეს ჩემს პირად გამოცდილებასაც ეხება. მალევე დაიწყო შინაგან მესთან ბრძოლა, რადგან თავი ისეთ სივრცეში ამოვყავი, სადაც სრულიად მარტო ვიყავი, ხშირი იყო ჩემი შემოქმედების კრიტიკაც, ბუნებრივია ყველას არ მოეწონება ის, რასაც აკეთებ, თუმცა ეს პროცესი მაინც რთული გასავლელი აღმოჩნდა. მუსიკალური ინდუსტრია არის ის სფერო, სადაც უდიდესი ენერგიისა და დაუღალავი შრომის ჩადება გიწევს, ისევ და ისევ...

პოპულარობა საქართველოს საზღვრებს გარეთ

იმ ქვეყნებისა და რეგიონების ჩამოთვლა, სადაც გამოსვლა მქონია, შორს წაგვიყვანს, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ნამდვილად ირანი იყო. იქ ჩვენი ფერეიდნელი ქართველები დაგვხვდნენ, მათგან იმხელა სიყვარული და დადებითი მუხტი მივიღე, როგორიც არცერთ სხვა ქვეყანაში არ მიმიღია.

მაშინ, ირანში, ალბათ პირველად ვიგრძენი რომ შემდგარი მომღერალი ვიყავი.

განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი კონცერტი

4 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი მსმენელის წინაშე დედებისთვის მიძღვნილი კონცერტით წარვდგები. იდეა, მე და ჩემს დას (თათიას) დაგვებადა, დედაჩვენმა 3 წლის წინ დაგვტოვა, მისი ხსოვნის პატივსაცემად ჩვენი უდიდესი სურვილი იყო სწორედ ამ კონცერტით დედებისთვის და არამარტო, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე გვეჩუქებინა.

ზევით