Bonjour, Emily! ემილი კუპერის პარიზული ცხოვრება და სასიყვარულო დრამები ოფიციალურად გრძელდება. ჰოლივუდის მასშტაბური გაფიცვების გამო, Emily In Paris-ის, ისევე როგორც ათობით სხვა ტელეშოუს, გადაღებები რამდენიმე თვით გადაიდო. თუმცა, სერიალის ერთგულ მაყურებელს, ლილი კოლინსმა პირადად ამცნო სამზადისის დაწყების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი საყვარელ სერიალს სულ მალე იხილავს.
მე-4 სეზონის პრემიერის თარიღი:
Netflix-ს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუსახელებია მე-4 სეზონის გამოსვლის თარიღი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ Emily In Paris-ის ახალი სეზონის გადაღებები, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მე-3 სეზონი მზადდებოდა. მწერლებისა და მსახიობების გაფიცვის გამო პროცესი, ნახევარი წლით გადაიდო, ახლა კი სერიალის შემოქმედებითი გუნდი ახალი სცენარით იწყებს მუშაობას. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სეზონის გარკვეული ნაწილი უკვე გადაღებულია, ივნისიდან - სექტემბრამდე კი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო პარიზში ყველანაირი კინოწარმოება აიკრძალა, მოსალოდნელია რომ Emily In Paris-ს უფრო მალე ვიხილავთ, ვიდრე წარმოვიდგენთ.
სამსახიობო შემადგენლობა:
ლილი კოლინსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ სეზონში ბრუნდება, ემილი კუპერის გარეშე სერიალი წარმოუდგენელიც კია. კოლინსთან ერთად, მე-4 სეზონში აგრეთვე ვიხილავთ მინდისაც, ეშლი პარკის მონაწილეობით, სავარაუდოა, რომ სერიალში ისევ გამოჩნდებიან კამი (კამი რაზატი), გაბრიელი (ლუკას ბრავო), სილვი (ფილიპინ ლეროი-ბოულიე), ლუკი (ბრუნო გუერი) და ჟულიენი (სამუელ არნოლდი).
მიუხედავად იმისა, რომ მე-3 სეზონის ფინალში, ემილი და ალფი, ლუსიენ ლავისკონტის მონაწილეობით, დაშორდნენ, არ არის გამორიცხული, რომ მისი პერსონაჟი ახალ სეზონში კვლავ გამოჩნდეს.
ახალი სეზონის სინოფსისი:
ცხადია, ახალი სეზონის სიუჟეტის ხაზი იმ მოვლენების გარშემო განვითარდება, რომელზეც წინა სეზონში შევჩერდით. ყველას გვაინტერესებს როგორ გაგრძელდება ემილის და გაბრიელის ურთიერთობა, წინა სეზონის სკანდალური ფინალის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კამიმ, გაბრიელი საკურთხეველთან მიატოვა, ალბათ გახსოვთ, რომ ისინი საერთო შვილს ელოდებიან, სასიყვარულო სამკუთხედი ჯერაც არ დანგრეულა და პერსონაჟებს კიდევ ბევრი რამ აქვთ გასარკვევი ურთიერთობაში.
საინტერესოა როგორ განვითარდება ემილისა და ჟულიენის სამსახურებრივი ურთიერთობაც. როგორც გახსოვთ, ემილიმ პროფესიული ზღვარი გადაკვეთა, როდესაც ჟულიენის პრეზენტაციაში ჩაერთო, რის შემდეგაც სამუელ არნოლდის პერსონაჟმა სააგენტოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. დიდად სავარაუდოა, რომ ახალ სეზონში ჟულიენის პროფესიული განვითარების მომსწრენი გავხდებით.
„სადაც არ უნდა წავიდეს, მე სიამოვნებით ვიზრუნებ, რომ ის გაზარდოს, როგორც პერსონაჟი. საინტერესო იქნება მის პირად ცხოვრებაში ჩაყვინთვაც, შეხვედრა მის ოჯახთან, მშობლებთან, მეგობრებთან. ჟულიენის ღამის ცხოვრების შესახებ მეტის გაგება და იმის აღმოჩენა, თუ რას აკეთებს ეს პერსონაჟი თავისუფალ დროს” - აღნიშნა სამუელ არნოლდმა ინტერვიუში.
ამასობაში მინდი ცდილობს, თავისი ოცნება აიხდინოს და Eurovision-ზე იმღეროს. მე-3 სეზონის ფინალში ამ ოცნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯიც ვიხილეთ, როდესაც შევიტყვეთ, რომ მინდის და ბენუას სიმღერა საერთაშორისო კონკურსისთვისაა შერჩეული. „თუკი ევროვიზიის სცენარს გავყვებით, ჩემი ყველაზე დიდი სურვილია კიდევ ერთი ორიგინალური სიმღერა შევასრულოთ“ - აღნიშნავს ეშლი პარკი.