#მოდა

DZHABA - ქართული მოდის რუკაზე ახალი კაშკაშა ვარსკვლავი გაჩნდა

გაზიარება:

Mercedes-Benz Fashion Week-ზე ქართველი დიზაინერები ჩვენს გაოცებას არ წყვეტენ. ყოველი მომდევნო ჩვენება ცხადყოფს, რომ ქართული მოდის პოტენციალი უსაზღვროა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ჩვენი დიზაინერების ნიჭსა და ხედვას აქტუალობაში განხორციელების საშუალება მივცეთ. 

ერთ-ერთი ასეთი დიზაინერია ჯაბა ქურთიშვილია, რომელმაც თავისი ჩვენებით, დაძაბულ გარემოს რამდენიმე წუთით მოგვწყვიტა და ძლიერი ფემინურობის სამყაროში გვამოგზაურა.

The Diary-ის რედაქცია Dzhaba-ს თავის დებიუტზე ესაუბრა. ასე რომ, მოემზადეთ, ჩვენთან ერთად ახალი, საინტერესო პერსონა გაიცნოთ. 

საიდან იწყება Dzhaba-ს ამბავი?

ჯაბა: ჩემი ისტორია ფირის ფოტოგრაფიიდან იწყება, ვქმნიდი ტანსაცმელს და შემდეგ ფოტოებს ვუღებდი მათ. მოდის სამყაროში პირველი ნაბიჯი კი Be next-ში მონაწილეობა იყო, სადაც ე.წ. კაფსულა კოლექცია წარვადგინე და გავიმარჯვე კიდევაც. როგორც კონკურსის გამარჯვებულმა, სრული კოლექციის შესაქმნელად ფინანსური მხარდაჭერა მივიღე და მაშინ დაიწყო ჩემი შემოქმედების ახალი ეტაპიც. 

როგორი იყო თქვენი პირველი გამოჩენა მოდის კვირეულზე? 

ჯაბა: ჩემი კოლექციის ჩვენება წელს პირველად, Mercedes-Benz Fashion Week-ზე მოხდა, რასაც მოდის ადგილობრივ და საერთაშორისო ინდუსტრიის პლატფორმებზე პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ ვიტყოდი, რომ ჩემი გამოჩენა წარმატებული იყო. 

რა არის თქვენი ინსპირაციის მთავარი წყარო?

ჯაბა: ნებისმიერი რამ. ინსპირაცია შეიძლება მივიღო ბავშვობის მოგონებებიდან, კონკრეტული ადამიანისგან ან ფილმისგან. ძალიან მიყვარს მატერიებით თამაში და მათში უხეში ჩარევა, პირობითად კლასიკური ფორმების ქუჩასთან დაპირისპირებით დეკონსტრუქცია.

რა ამბავს ჰყვება 11 მაისს წარდგენილ კოლექცია?

ჯაბა: კოლექციის კონცეფცია ზუსტად იმას მოიაზრებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე - კლასიკური ფორმების დეკონსტრუქცია ქუჩასთან დაპირისპირებით. კოლექცია, რომელსაც „THE CINDERELLA MURDER“ დავარქვი, პოპ-კულტურით ნასაზრდოები და ისტორიული ფანტასტიკითა შთაგონებულია. რომელიც თავისი არსით ცვლილებას მოიაზრებს. მუშაობის პროცესი კი საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი იყო.

კოლექცია ძალიან საინტერესო მოდელებმა წარადგინეს, როგორი იყო მათი შერჩევის პროცესი? თქვენს წარმოსახვაში როგორ ადამიანს უნდა სცმოდა თქვენი ტანსაცმელი?

ჯაბა: ჩვენებისთვის კასტინგი თავად ჩავატარე და ეს პროცესი ჩემთვის, ბევრი თვალსაზრისით ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. საბოლოოდ შევარჩიე როგორც გამოცდილი მოდელები, ასევე დებიუტანტები. ჩვენების მონაწილეებს შორის მხოლოდ მოდელები არ ყოფილან, იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებიც, მაგალითად მსახიობები. ამ პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა მათი განსაკუთრებული, საინტერესო ბუნება და ენთუზიაზმი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ, შესაშური პასუხისმგებლობის გრძნობის, თავისუფლებისა და ნდობისთვის. სწორედ ამ ყველაფრის დახმარებით, მათთან მუშაობა ძალიან გამიმარტივდა.

თქვენი შემოქმედება რომ ერთ ნამუშევარში ერთიანდებოდეს, როგორ ფიქრობთ, რომელი იქნებოდა?

ჯაბა: მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან თითოეული ნამუშევარი გამოხატავს ჩემს ხედვას და ერთად და ცალ-ცალკე, ჩემთვის ყველა ძალიან ძვირფასია.

როგორ ფიქრობთ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული მოდა და თქვენ, როგორც მისი წარმომადგენელი რა ცვლილებებს ისურვებდით? 

ჯაბა: ვფიქრობ, საქართველო მოდის რუკაზე, თავისი ესთეტიკითა თუ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებით, ძალიან გამორჩეული და უნიკალურია. ცვლილებებს რაც შეეხება, ეს ბუნებრივი პროცესია და მას ყველა თავისებურად ვგრძნობთ.

რა რჩევას მისცემდით მკითხველს, ვისაც მოდის სამყარო აინტერესებს, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმის შიში ვერ დაუძლევია?

ჯაბა: მთავარია იყო გულწრფელი შენს საქმესთან და გქონდეს საკუთარი თავის რწმენა. ამ ყველაფერს როგორც კი გაიაზრებ, მიხვდები, რომ საშიში არაფერია.

ასე, რომ ჯაბას ამბავი ახლა იწყება. ის ინტერვიუში გვეუბნება, რომ შეჩერებას, არ აპირებს, პირიქით საზღვრების გაფართოებასა და თავისი ხედვის უკეთ წარმოჩენას გეგმავს. მგონი დაგვეთანხმებით, რომ მისი კოლექცია ნამდვილად იმსახურებს გაცილებით დიდ აუდიტორიას.

ზევით