#კულტურა #საზოგადოება #წიგნების თარო #ლიტერატურა

დღეიდან, თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქია

გაზიარება:

დღეს, 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიენიჭება. თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონია 17 საათზე დაიწყება და თბილისიც, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურისგან ღირსეულად გადაიბარებს.

ღონისძიებაზე დასასწრებად, თბილისს ესტუმრნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი იან დენისონი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი ვერა მიხალსკი-ჰოფმანი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი ხოსე ბორგინო და პრეზიდენტი ბოდურ ალ ქასიმი, 2020 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მასპინძელი ქალაქის, კუალა ლუმპურის დელეგაცია და სხვა ოფიციალური პირები.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ 2001 წელს დააარსა. პროექტი, ყოველ წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ხორციელდება და მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის განმავლობაშიც თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ატარებს, დაგეგმილია რიგი ღონისძიებები, მათ შორის წიგნის ფესტივალები, კონცერტები თუ კონკურსები, ამ ერთი წლის განმავლობაში შეიქმნება აპლიკაციები და ინტერაქტიული წიგნები პატარებისთვის, აგრეთვე ტურისტებისთვის შეიქმნება თბილისის ლიტერატურული რუკა, რომელზეც დატანილი იქნება მუზეუმები, გამომცემლობები, ლიტერატურული კაფეები და რაც მთავარია, შეიქმნება 24-საათიანი უფასო ბიბლიოთეკა.

ზევით