#კინო

ბერნარდო ბერტოლუჩი და მისი პერსონაჟები, რომლებსაც რეალობისგან გაქცევა სურთ

გაზიარება:

ავტორი: ქეთა ჯიქია

 

იმაზე ფიქრისას თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და სინამდვილეს შორის, გამახსენდა იტალიელი რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი, რომლის პერსონაჟებიც ყოველთვის ახერხებენ რომ გაავლონ ეს იდუმალებით მოცული ზღვარი, რეალობასა და ოცნების სამყაროს შორის და მასში სამუდამოდ დაიკარგონ.

დღეს გადავწყვიტე გირჩიოთ სამი ფილმი, რომელმაც რეალობის ერთფეროვნება, ფილმის მიმდინარეობისას სრულად ჩააქრო და გაანათა ის ოცნებებითა და შეგრძნებებით სავსე სამყარო, რომლის დანახვასა თუ განცდას ადამიანები ხშირად ვნატრობთ ხოლმე.  თუკი გსურთ, რომ ოცნების სამყაროს, მრავალფეროვნებასა და არ არსებულ უდაბნოებში შეაბიჯოთ ეს სამი ფილმი თქვენთვისაა.

1. sheltering sky/ცა, როგორც თავშესაფარი

ფილმი მოგვითხრობს ამბავს 3 ამერიკელის შესახებ, რომლებიც მოგზაურობას მაროკოს ერთ-ერთ ქალაქ ტანჟერში გადაწყვეტენ. ფილმის დასაწყისშივე ჩნდება მინიშნება იმისა, რომ ეს არ არის უბრალო ფილმი მოგზაურობაზე, რადგან, ისინი საკუთარ თავს არა ტურისტებს, არამედ მოგზაურებს უწოდებენ. ამერიკული ერთფეროვნებისგან დაღლილნი გადაწყვეტენ, რომ მთლიანად შეისწავლონ და გამოცადონ აფრიკული კულტურა და „დააგემოვნონ“ მისი ეგზოტიკა.

ფილმის ყურებისას, ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ მოგზაურობა მართლაც არ აღმოჩნდა ტურისტული და ისინი სულიერი მოგზაურობის მორევში ჩაიძირნენ. ისინი მოგზაურობენ სულის წყურვილით, რომელიც ეძებს ეგზოტიკას და პოულობს კიდეც მას. მათი ამერიკიდან - აფრიკაში ჩამოსვლა, თითქოს საკუთარი მე-ს გისოსებიდან გათავისუფლებას და ველურ ბუნებაში გაშვებას ჰგავს. პერსონაჟები ნელ-ნელა კარგავენ რეალობის საყრდენებს და ოცნების ჰაერში არსებობას სამუდამოდ განაგრძობენ.

2. The dreamers /მეოცნებენი

ფილმი საზოგადოებაში დიდ გაუგებრობას იწვევს ხოლმე, რადგან ფილმი ნაჩვენები და - ძმის ურთიერთობა, რეალური სამყაროსთვის მიუღებელი და არაბუნებრივია, მაგრამ ვფიქრობ რომ მათი მსგავსი ცხოვრების წესი, სიმბოლური აღნიშვნა გახლავთ იმ არარეალური სამყაროსი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. იზაბელასა და თეოს, მოგვიანებით მეთიუც უერთდება.

ისინი ერთად ცხოვრობენ ბინაში, რომელიც მიმაჩნია, რომ არარეალური, ოცნების სამყაროს აღმნიშვნელია და ბინაში გატარებული ყოველი წუთი კი სიურრეალისტურია. პარიზის ქუჩები რეალობა გახლავთ, სასტიკი და დაუოკებელი. ტრაგედია მაშინ დატრიალდება, როდესაც ისინი არარეალურ სამყაროს დატოვებენ და გადაწყვეტენ რეალობაში გაიჭრან.

3. Last tango in paris /უკანასკნელი ტანგო პარიზში

ფილმში მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. ფილმს ასევე ახლავს არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელიც სცენებს უფრო მეტად ინტენსიურსა და საინტერესოს ხდის. მოქმედება პარიზში ვითარდება და ამბავი აგებულია იმ მამაკაცის ცხოვრებაზე, რომელიც ტრაგიკულად ქვრივდება და სევდისაგან თავის დაღწევას ლამობს.

ტრაგიკულობისგან თავის აცილების მიზნით ის თავის არარეალურ სამყაროს ქმნის, რომლის მსხვერპლიც გოგონა ხდება. მთავარი პერსონაჟის მოთხოვნილებები და გოგონას დაუფიქრებელი ქმედებები ერთმანეთს ერწყმის და პარიზის ერთ-ერთ მიტოვებულ ბინაში ოცნების სამყაროს ქმნის. საინტერესოა, რომ მამაკაცს არ სურს გოგონას სახელის გაგება. სახელი ამ შემთხვევაში ყველანაირ პირადულ ინფორმაციას ასახავს, რასაც შეიძლება რომ რეალობასთან რამენაირი კავშირი ჰქონდეს. სახელის უარყოფით კი ნათლად ჩანს ის, რომ მამაკაცს სურს გოგონასთან ყოფნისას სრულიად მოსწყდეს რეალობას და შეაბიჯოს გამოგონილ სამყაროში, სადაც ყველაფერი კარგადაა.

ზევით