#მოდა

BERHASM თბილისის კულტურის კვირეულზე

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

თბილისის კულტურის კვირეულისა და Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში რამდენიმე ქართველი დიზაინერის საოცარი კოლექციები ვიხილეთ. ხელოვანებმა კვირეულის სტუმრები საინტერესო ლოკაციებით, გზავნილებითა და დიზაინით აღფრთოვანებული დატოვეს. ერთ-ერთი მათგანი კი ბესო თურაზაშვილია, რომელსაც ბრენდი Berhasm-ის სულისჩამდგმელის სახელით ვიცნობთ. 

ბესო თურაზაშვილი, ბერჰაზმი, დიზაინერი, berhasm, მერსედესის მოდის კვირეული, ქართველი დიზაინერი

საიდან იწყება თქვენი თავგადასავალი მოდის სამყაროში?

ბესო: ჩემი ამბავი მოდის ინდუსტრიაში 2012 წელს იწყება, მაშინ, როცა სტელა მაკ-კარტნის გუნდს შევუერთდი და ნიუ-იორკის ოფისში დავიწყე მუშაობა. ამის შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან ვთანამშრომლობდი, 2016 წელს კი საკუთარი ბრენდი გავხსენი და demi couture კოლექციების კეთება დავიწყე. 2019 წელს ახლანდელ ბრენდზე მუშაობა გადავწყვიტე, რომელსაც უკვე Berhasm-ის სახელით იცნობთ. ბრენდის პრეზენტაცია და სხვადასხვა კამპანია პარიზის მოდის კვირეულზე გვქონდა, მათ შორის წვეულებები, რომელსაც მოსალოდნელზე მეტი, 600 ადამიანი დაესწრო. სწორედ იქ დაინტერესდა ჩვენი საქმიანობით საერთაშორისო პრესაც და აი, ასე მოვედით დღევანდელ დღემდე.

Berhasm Fall Winter 19/20

თქვენს უახლეს კოლექციაზე მოგვიყევით. როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი?

ბესო: 2024 წლის კოლექციას "Chaos and New Order" დავარქვით. ეს ის არის, რასაც ემოციურად და ფიზიკურად მთელი კრეატიული გუნდი ყოველდღიურობაში განვიცდით. ეს განცხადება, როგორ ეფემერულადაც არ უნდა ჟღერდეს, ძალიან მიწიერი ამბავია მაშინ, როცა თბილისში ცხოვრობ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by BERHASM® (@berhasm_global)

ლოკაციაზე როგორ შეაჩერეთ არჩევანი? რაიმე კონკრეტული დატვირთვის სივრცეს ეძებდით?

ბესო: მინდოდა ქვეყნისა და ქალაქის ისტორია ამესახა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ლოკაციად თბილისის პირველი კინოს შენობა შეგვერჩია. ახლა ის ლიმინალურ მდგომარეობაშია, თითქოს ისტორიის რაღაც შუალედში, რომელიც ახალ დასაწყისს ელოდება, ის კი არა და არ მოდის. ეს ადგილი ჩვენს, თბილისის მიმართ ამჟამინდელ ემოციურ დამოკიდებულებას ეხმაურება. ამისივე გამოძახილია კოლექციასაც, ქაოსისა და ახალი წესრიგის კონცეფციასაც.

ჩვენების სტილიც მიმდინარე მოვლენებს მოვარგეთ. მაკიაჟი გაზით აცრემლებულ, გაწითლებულ თვალებიან მომიტინგეებს აღწერდა, მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად არ ჩერდება.

მე და ჩემს გუნდს გვჯერა, რომ მოდა ყოველთვის იყო და იქნება მსოფლიო გარემოს ასახვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ, შემოქმედებითი ადამიანები ყოველდღიურ სამოსს ვარჩევთ, სულ იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ კომუნიკაციას დაამყარებს ჩვენი ჩაცმულობა ადამიანებთან. შესაბამისად, სამოსის შექმნის პროცესშიც ვცდილობთ, ისეთი რამ შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ მათაც მსგავსი გადაწყვეტილების შესაძლებლობა და არჩევანი მივცეთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Darrel Hunter (@modehunter)

თქვენი ჩვენება საინტერესო მოდელებით გამოირჩეოდა. როგორი იყო კასტინგის პროცესი?

ბესო: სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოში კასტინგის ჩატარება რთული საქმეა.

ქართული სააგენტოების უმრავლესობა ინკლუზიურობას არ ცნობს, ამიტომ საინტერესო, არატრადიციული სილამაზის მოდელების პოვნა მათი მეშვეობით შეუძლებელია.

ჩვენ street/instagram კასტინგის ხერხს მივმართეთ და ასე ვიპოვეთ სხვადასხვა ზომის, ფორმის, წარმოშობის, სილამაზის მოდელები. სხვანაირად არ გამოვიდოდა. ჩვენი გუნდისთვის ინკლუზიურობა მნიშვნელოვანია. ოღონდ ამას არ ვამბობ, თითქოს რამეს მოჩვენებითად ვაკეთებთ, რეალურად სამოსს XS ზომიდან 2XL ზომამდე ვქმნით, ამიტომ ყველა ტიპის ადამიანი უნდა ჩანდეს ჩვენს ჩვენებებზე. ამას ცოტა ახალგაზრდა ბრენდი აკეთებს, რადგან რთული პროცესია, შექმნა ამდენად ინკლუზიური ბრენდი. რაც შეეხება გარეგნობას, გვინდოდა ისეთი მოდელები შეგვერჩია, რომლებიც იმ ცხოვრების სტილს მოუხდებოდნენ, რომელიც ჩვენს აუდიტორიას აქვს. ჩვენი აუდიტორიის 50% 25-35 წლის ახალგაზრდა ადამიანები არიან, რომლებიც ელექტრონულ მუსიკას უსმენენ და აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ. მაგრამ ჩვენი მომხმარებლის 15%-ს 35+ ასაკის ხალხი შეადგენს, ამიტომ ჩვენებაზე შედარებით ასაკოვანი მოდელიც გვყავდა.

კოლექციის წარდგენა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად მოგიწიათ, მოგვიყევით თქვენს ემოციებზე...

ბესო: ჩვენი კოლექციის სახელი ძალიან კარგად დაემთხვა იმას, რაც საქართველოში ხდება. არადა, მუშაობა ამ კოლექციაზე წინა წელს დავიწყეთ. რა თქმა უნდა ძნელი იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ბოლო თვე არის ყველაზე აქტიური ბრენდებისთვის. ეს ის პერიოდია როცა ჩვენებისთვის მიდის მზადება, ვასრულებთ კოლექციას და ახლის კეთებას ვიწყებთ.

ჩვენი გუნდის წევრები პოლიტიკურად აქტიურები არიან, შესაბამისად ამ პროცესებში ყველანი ძალიან აქტიურად ვართ ჩართული.

ჩვენ რა მექანიზმებიც გვაქვს, ჩვენი სათქმელის გაშუქებას მათი მეშვეობით ვცდილობთ. ვიცი, რომ ბევრმა ბრენდმა მოვლენებზე რეფლექსიისგან თავი შეიკავა, თუმცა ჩვენი ბრენდი ამ გზას არ დასდგომია, კვირეულზეც ამ თემასთან დაკავშირებით, უცხოურ მედიასთან რამდენიმე ინტერვიუ ჩავწერე. ჩვენებას საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებსაც თავიანთი დიდი აუდიტორია ჰყავთ, ამიტომ ჩვენი ვალიც იყო, რომ მათთვის საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობაზე მოგვეყოლა, გაცხადებულად გვეთქვა, თუ როგორია ჩვენი პოზიცია. მგონია, რომ ასეთი ჩართულობა მოვლენების პოზიტიურ განვითარებას ძალიან დაეხმარება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by juulekay (@juulekay)

როგორ ფიქრობთ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მოდა?

ბესო: ამაზე სასაუბროდ ალბათ ძალიან ბევრი დრო დამჭირდება... იმას გეტყვით, რომ კოვიდი ბევრი მოვლენის წყალგამყოფი ფაქტორი იყო. მას შემდეგ, ახალგაზრდა ბრენდებისთვის ცხოვრება ძალიან გართულდა. რთული გახდა საერთაშორისო მაღაზიებში ყოფნა. ჩვენ კოვიდამდე დავიწყეთ მუშაობა და ფოკუსის გაკეთება პირდაპირ გაყიდვებზე მოგვიწია. არ გვქონდა whole sale-ის იმედები. ონლაინ პლატფორმები ძალიან დაგვეხმარა, ჩვენი ვებ-გვერდი გავაკეთეთ, კიდევ ზალანდოში შევედით. ასეთ პლატფორმებზე ყოფნა ანალიტიკისა და სტატისტიკის ქონას უწყობს ხელს. უკვე ვიცით, თუ ვინ ყიდულობს ჩვენს ბრენდს. მეტიც, აუდიტორიასთან პირდაპირი კავშირი გვაქვს და კერძო მაღაზიებზე არ ვართ დამოკიდებული.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by BERHASM® (@berhasm_global)

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ბესო: ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია: კრეატიული ოფისი საქართველოში გვაქვს, ევროპის მასშტაბით ვაწარმოებთ გაყიდვებს, ხოლო უშუალოდ სამოსი ჩინეთში, ძალიან მაღალი დონის ქარხნებში იწარმოება. ჩვენი მთავარი მიზანი ახალი კატეგორიების დამატებაა. უკვე გვაქვს დენიმი, ჩანთები, აქსესუარები, მაგრამ ასეთი ტიპის პროდუქტის შექმნა სირთულეებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ამ მიმართულებით განვითარებისთვის კიდევ დიდი შრომა დაგვჭირდება. ასევე, ძალიან გვინდა, ჩვენი ცნობადობა აზიურ ბაზარზეც გავზარდოთ და ადგილობრივ მომხმარებლებთან წარმატებულად ვითანამშრომლოთ.

ზევით