#მუსიკა

80 წლის ცოცხალი ლეგენდა, უკვდავი ხმა სახელად ბობ დილანი

გაზიარება:

რობერტ ალ ციმერმანმა, რომელიც შემდგომ მთელმა სამყარომ ბობ დილანის სახელით გაიცნო, შემოქმედებითი ცოვრება ნიუ-იორკის შემოგარენში, გრინვიჯ ვილიჯში დაიწყო. მისი ტექსტები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და მოიცავდა: პოლიტიკურ, სოციალურ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ ალუზიებს. აკუსტიკური გიტარითა და ტუჩის გარმონით შეიარაღებული, გამხდარი ბიჭი 60-იანელთა თაობის ხმად იქცა, იმ თაობის, რომელმაც თავისი აქტივიზმითა და საპროტესტო მუხტით ძირეული და შეუქცევადი ცვლილებები მოახდინა დასავლეთის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ყოფაში.



ბობ დილანის ჰიტები: „The Times They Are A-Changing”, “Blowing In the Wind”, Mr Tambourine Man“, “A Hard Rain's A-Gonna Fall“, თავიანთი მწვავე შინაარსით სამოციანი წლების უსამართლობის, ჩაგვრისა და ფარისევლობის წინააღმდეგ მიმართულ დაუვიწყარ ჰიმნებად შემოგვრჩა. 

დამღალა იმან, რომ წამდაუწუმ ამბოხის დიდ მეუფედ, პროტესტის ქურუმად, განხეთქილების ხელმწიფედ, დაუმორჩილებლობის ჰერცოგად, მაწანწალების ლიდერად, აპოსტაზის კაიზერად, ანარქიის არქიმანდიტრად, გავლენინ ტიპად მასახელებდნენ

1963 წლის 28 აგვისტოს, სამოქალაქო უფლებების ბრძოლის კულმინაციურ დღეს, როცა მრტინ ლუთერ კინგმა რასობრივი თანასწორობის შესახებ ისტორიული სიტყვა -  „I Have A Dream – მე მაქვს ოცნება” – წარმოთქვა, ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დილანი მივიდა და ასიათასობით დემონსტრანტს ადამიანების ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის შესახებ უმღერა.

ბობ დილანი ქმნის ლექსებს, რომლებიც სიმღერებისთვის არის განკუთვნილი. მისი შემოქმედება უბრალო მუსიკა და ტექსტი არ არის, მისი სიმღერები მხატვრული თვალსაზრისით უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი

24 მაისს, ბობ დილანის მე-80 დაბადების დღეს, დიდი ალბათობით, ჩვენთანაც ზარ-ზეიმით აღნიშნავენ მისი გულშემატკივრები, რომელთა ნაწილსაც შესაძლოა ბუნდოვნად ახსოვდეს 1985 წელს ბობ დილანის სტუმრობა საბჭოთა საქართველოში, რაც არა მხოლოდ იმ პერიოდში მცხოვრებთათვის, არამედ ჩვენთვისაც კი რთული დასაჯერებელია. ფაქტი ფაქტად რჩება და ცოცხალი ლეგენდა სახელად ბობ დილანი თბილისის ქუჩებში ვაჟთან ერთად დასეირნობდა, კოლმეურნეობის მოედანზე პატარა სახინკლეშიც ივახშმა და რაღაც ძალით ქართველ ახალგაზრდებსაც გადაეყარა, რომლებიც დილანის შემოქმედების მოტრფიალენი გახლდნენ.

ბობ დილანმა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად დიდხანს, ძალიან ბევრი ისაუბრა, შემდეგ ისინი თავის ნომერშიც მიიპატიჟა და რამდენიმე სიმღერა ერთად შეასრულეს

გადმოცემის თანახმად, ბობ დილანსა და მის ქართველ მასპინძლებს საერთო ენა დიდად ვერ გამოუნახავთ. მეტიც - როგორც ამბობენ, თბილისში ყოფნის დღეებში დილანმა სულ რამდენჯერმე გაიღიმა - მათ შორის მაშინ, როცა მორიგ სუფრაზე ყოფნისას მედუდუკეთა ანსამბლის მუსიკა მოასმენინეს.

ცოტათი თავქარიანი, მეამბოხე, მებრძოლი და თავისებური ბობ დილანი არასდროს გაჩერებულა, არც მაშინ, როდესაც საკუთარი თავის პოვნის გზაზე არა ერთ დაბრკოლებას გადააწყდა, ან, როდესაც ჯონ ლენონის მკვლელობის შემდეგ დევნის მანიით იყო შეპყრობილი და მით უმეტეს მაშინ, როდესაც 50 წელს მიტანებულმა გადაწყვიტა, რომ ჯერ კიდევ არაფერი გაუკეთებია და ყველაფერი თავიდან დაიწყო, წავიდა დაუსრულებელ ტურნეში, რომელიც ოფიციალურად დღემდე არ დაუსრულებია.

ბობ დილანის სახელს უკავშირდება 6 წიგნი მხატვრობაზე, 100 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი, გრემი, ოქროს გლობუსი, ოსკარი და ნობელის პრემია.

ზევით