მუსიკალური ჯგუფი, რომლის სიმღერებიც ყველა თაობის წამომადგენელმა ზეპირად იცის, მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს. უკვე 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ABBA ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული გახდა. შვედურმა კვარტეტმა 1974 წლის აპრილში, ბრაიტონში გამართულ ევროვიზიაზე პირველი ადგილი სიმღერით “Waterloo” მოიპოვა. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი მსოფლიო შვედური ჯგუფის წარმატებას კვლავ ზეიმობს.
6 აპრილი არა მარტო ევროვიზიის, არამედ ზოგადად მუსიკის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც სამყარო არაერთი ღონისძიებითა თუ ფილმით გაიხსენებს. დოკუმენტური ფილმი ABBA: Against the odds”, რომელსაც ცნობილი რეჟისორი ჯეიმს როგანი და პროდიუსერი დენ ჰოლი ხელმძღვანელობდნენ, ბენდის 50 წლიან ისტორიაში გვამოგზაურებს. ფილმი ჯგუფის აღმასვლას იკვლევს ევროვიზიის დიდებიდან გლობალურ ვარსკვლავობამდე.
დოკუმენტური მასალა უცნობ საარქივო კადრებსა და თავად ჯგუფის წევრების ექსკლუზიურ ინტერვიუებს მოიცავს.
როგორც ცნობილია, ფილმზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეკორდული რაოდენობის არხმა ითანამშრომლა. მათი მიზანი ერთი იყო - ეჩვენებინათ ლეგენდარული ჯგუფის წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯები და კულტურული გავლენა, რომელიც ABBA-მ თაობებზე იქონია. მისი პრემიერა მარტში, კოპენჰაგენის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაიმართა. ტელეეკრანებზე კი პირველად 6 აპრილს, შვედური მაუწყებლის “SVTPlay”-ის ეთერში გამოჩნდა. ფილმი 15-ზე მეტ ქვეყანაში გავა ეთერში მანამ, სანამ 11 მაისს ევროვიზიის რიგით 68-ე კონკურსი აიღებს სტარტს. დადასტურებულია, რომ ევროპელი მაყურებელი ფილმს ესტონეთსა და ფინეთში 1 მაისს, დანიაში 4 მაისს, ნიდერლანდებში 5 მაისს და ისლანდიაში 10 მაისს იხილავს.
ამ ყველაფერთან ერთად ბრიტანული BBC პატივს მიაგებს ABBA-ს და 1974 წლის შემდეგ პირველად, ჯგუფის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას თავიდან გაუშვებს არხის ეთერში. ევროვიზიის დიდი ფინალი Brighton Dome-იდან BBC-ზე ადგილობრივი დროით 20:10-ზე დაიწყება და 1 საათი და 48 წუთი გაგრძელდება. BBC იმ გრანდიოზულ საღამოს გააცოცხლებს, რომელმაც ABBA სუპერვარსკვლავად აქცია. გადაცემის დაწყებამდე კი ევროვიზიის შარშანდელი გამარჯვებული, ჰანა უადინგემი 10 წუთიანი გამოსვლით წარსდგება მაყურებლის წინაშე.
ფანები ABBA-ს მუზეუმთან, სტოკჰოლმში
აღნიშვნები არც ამით სრულდება! BBC Two ABBA-სადმი მიძღვნილ ღამეს წარმოგიდგენთ. საღამოს ვარსკვლავი სრულიად ახალი დოკუმენტური ფილმი, "When Abba Came To Britain" იქნება, რომელიც ჯგუფის წევრების - აგნეტას, ბიორნის, ანი-ფრიდისა და ბენის ბრიტანეთში მოგზაურობას 1974 წლიდან 1982 წლამდე აღწერს და მათ წარუშლელ კულტურულ გავლენაზე გვიყვება. მაყურებელს ასევე შეეძლება იხილოს "More ABBA on BBC", "Joy of ABBA" და "ABBA in Switzerland". BBC-ს შვედური სამაუწყებლო SVT-ც შეუერთდება და საკუთარ დღესასწაულს გამართავს. "En fest för ABBA" ორსაათიანი პროგრამით გავა ეთერში და სტოკჰოლმის ცირკის სცენაზე ცნობილი მომღერლების გამოსვლებით ABBA-ს ყველასათვის ნაცნობ ჰიტებს გააცოცხლებს. გამომსვლელებს შორის გამოჩნდებიან Molly Sandén, Oscar Zia, Seinabo Sey, Albin Lee Meldau, Christer Sjögren და სხვები.
საღამოს მთავარი კონცერტი Brighton Dome-ში გაიმართება, იმ სცენაზე, რომელზეც ABBA-ს საკულტო კარიერა დაიწყო. კონცერტი სატელევიზიო ეთერში არ გავა, თუმცა დარბაზი ფანებისთვის კარს გახსნის და სტუმრებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა გამარჯვების სიმღერა “Waterloo” ბრაიტონის გუნდის შესრულებით ცოცხლად მოისმინონ. ღონისძიებას ისევ ევროვიზიის გამარჯვებული, შარლოტ პერელი წაიყვანს და მაყურებლის წინაშე სხვა არაერთი ევროვიზიის ვარსკვლავი წარსდგება.
მსოფლიოს გარშემო გამართული ღონისძიებები ხაზს უსვამს ისედაც აშკარა ფაქტს, რომ ABBA უყვარს ყველას, დიდსაც და პატარასაც, გუშინაც, დღესაც და ალბათ, კიდევ ერთი 50 წლის შემდეგაც. მისი კვალი მუსიკის სამყაროზე აღუწერელია.
აქვე შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ევროვიზიის კონკურსი, რიგით 68-ე სწორედ ABBA-ს სამშობლოში, შვედეთში 11 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი დიდ სცენაზე კი ნუცა ბუზალაძე იქნება.
ახალგაზრდა რეჟისორი თიკუ კობიაშვილი ბერლინალეზე პირველი დოკუმენტური ფილმით წარსდგა. „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“ თბილისის პროტესტების შუაგულში, თავისუფლებისა და წინააღმდეგობის ამბავს გვიყვება.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ – თამთა მელაშვილის რომანი პოლონეთში 2024 წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა. ემოციურად დატვირთული ტექსტი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება და ეკრანიზაციაც მოჰყვა, მკითხველს ძლიერი შთაბეჭდილებით ტოვებს.
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.