#კინო

3 ახალი სერიალი Netflix-ზე, რომელიც უქმეებისთვის ზედგამოჭრილი არჩევანი იქნება

გაზიარება:

Netflix-მა უკვე გამოაჩინა მაისის ყველაზე ძლიერი კოზირი, სერიალი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა - Queen Charlotte: A Bridgerton Story პრემიერის დღიდან იხვეჭს პოპულარობას და სწრაფი ტემპით მიემართება წარმატებისკენ. Bridgerton-ის სპინოფმა უკვე დაიკავა ადგილი თვის ყველაზე მნიშვნელოვან პრემიერებსა და Netflix-ის პოპულარულ სერიალებს შორის.

Shondaland-ის ახალი პროდუქტი ის ერთი ამოსუნთქვით სანახავი სერიალია, რომლისთვისაც 1 თავისუფალი დღეც კი საკმარისია, თუმცა ის ამ უქმეებისთვის, კიდევ 2 პოპულარულ პრემიერასთან ერთად შეგირჩიეთ, იმედია ისიამოვნებთ შაბათ-კვირის სეანსით:

Queen Charlotte: A Bridgerton Story

რასაკვირველია, საუბარს შონდა რაიმსის ახალი პრიქუელ სერიალით დავიწყებთ, რომელიც საკმაოდ წარმატებული ბრიჯერტონისეული ისტორიის სპინოფად მოგვევლინა. სანამ, Bridgerton-ის მე-3 სეზონის გამოსვლამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირა გვაშორებს, მისმა შემქმნელმა ტკბილ ლუკმად დედოფალ შარლოტასა და მეფე ჯორჯის სიყვარულის ისტორია წარმოგვიდგინა და როგორც ორიგინალი პერიოდის დრამის ერთგული გულშემატკივრები იუწყებიან, ამ 6-მა სერიამ უდავოდ გადაფარა წინა 2 სეზონი და არსებობს რეალური ეჭვი იმისა, რომ მასთან მე-3 სეზონიც ვერ მივა ახლოს.

თუკი Bridgerton-ის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, მაშინ Queen Charlotte: A Bridgerton Story არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ. ამ სერიალს აქვს ყველაფერი, რისთვისაც მას ერთი ნახვით შეიყვარებთ: სიყვარულის ეპიკური ისტორია, ულამაზესი კოსტიუმები, დიდი რაოდენობით დრამა და ფინალური სერიის ყურებისას მოგვრილი ცრემლები, რომლებსაც ვერ შეიკავებთ. 

Beef

მინისერიალის მწარმოებელი სტუდია A24 გახლავთ, რაც პროდუქტის ხარისხზე ავტომატურად მეტყველებს, თუმცა Beef კიდევ უფრო მეტია, უბრალოდ კარგი მინისერიალი. კომიკურ-დრამატული სერიალი სტივენ იუნისა და ალი ვონგის პერსონაჟების ცხოვრებისეულ სირთულეებზე გვიყვება და ფოკუსირებულია ერთი შეხედვით უმნიშვნელო საგზაო ინციდენტზე, რომელსაც სერიალის მთავარი გმირების სიცოცხლის განადგურების ძალაც კი შესწევს.

სერიალი იდეალური ბალანსირებული ტონებით გამოირჩევა, მისი კომიკური დიალოგებითა (რომლებიც სიუჟეტის სიბნელეს აირეკლავენ) და ღრმა ქვეტექსტებით, Beef წარმოგვიდგენს ეგზისტენციალურ განსახიერებას იმისა, თუ რატომ უნდა ვისაუბროთ უფრო ღიად ჩვენს გრძნობებსა და ემოციებზე, ნაცვლად იმისა, რომ მათ შინაგანად გამოფიტვის საშუალება მივცეთ. ორი შესანიშნავი ისტორიის გადაკვეთით, შედეგად ვიღებთ სოციალურ გზავნილს, რომელიც აღმაფრთოვანებელია.

Firefly Lane

ჩვენს რიგით მესამე სერიალად კი Firefly Lane-ის ახალ სეზონს წარმოგიდგენთ და აქვე ვაღიარებთ იმასაც, რომ ძალიან, ძალიან დიდი დრო დაგჭირდებათ იმისათვის, რომ სერიალის ფინალისგან თავს დამტყდარი ემოციის ტალღა მოიცილოთ. კრისტინ ჰანას ამავე სახელწოდების წიგნის, Firefly Lane, Netflix-ის ადაპტაციაში მთავარ როლებს კეტრინ ჰეიგლი და სარა ჩალკი ასრულებენ, ისინი ერთ დროს საუკეთესო მეგობრებს განასახიერებენ.

მუსიკა შესაძლოა ათწლეულებთან ერთად შეიცვალოს თუმცა, ციცინათელების ქუჩაზე ერთმანეთისთვის მიცემული პირობა და მეგობრობა სამუდამოდ რჩება, მეტს აღარაფერს გეტყვით, გირჩევთ უკრაგესი სერიალით თავადვე ისიამოვნოთ.

ზევით