#სპორტი

26 თებერვალს ტურნირი „თეზოს თასი“ მერვედ გაიმართება

გაზიარება:

ულამაზესი პანორამული ხედებისა და სვანური კოშკების ფონზე, 26 თებერვალს სვანეთში, კურორტ ჰაწვალზე თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური შეჯიბრი - „თეზოს თასი“ მერვედ გაიმართება. ტურნირი ამჯერადაც მოყვარულ მოთხილამურეებს შორის გიგანტურ სლალომში ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება 18 წლიდან ყველა მსურველს შეუძლია (გარდა პროფესიონალი სპორტსმენებისა).

თეზოს თასი არის თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა დააფუძნეს და თასის გათამაშებამ  ყოველწლიური სახე მიიღო. 

თეთნულდი - ჰაწვალი

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეებისთვის ამჯერადაც სოლიდური პრიზებია გამოყოფილი. გარდა საპრიზო ადგილებისა, ტურნირის სპონსორებს საშუალება ექნებათ პირადი რჩეულებიც გამოავლინონ და პრიზები თავად გადასცენ მათ.

ამ დღეს კაფე ზურულდზე, რომელიც იშვიათი პანორამული ხედებით იპყრობს ყველა სტუმრის გულს (რომელიც ასევე თეზოს აშენებულია), ნამდვილი დღესასწაული ეწყობა, უამრავი ქართველი თუ უცხოელი სტუმარი, მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი ერთიანდება და პატივს მიაგებს თეზოს ხსოვნას.

თეთნულდი - ჰაწვალი

ტრადიციულად ამ ტურნირს თან ახლავს მუსიკალური პროგრამა, გამორჩეული ელექტრონული მუსიკის არტისტების შესრულებით. 26 თებერვალს თეზოს თასის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება ერეკლე გეწაძის და ელენე კალანდაძის DUO-ს ახალი LIVE პროექტით და ანა ჯაფარიძეს პროექტით - LE VIOLET - მოუსმინოს. 

თეზო ჯაფარიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის საქმეში. ის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი გახდა მაღალმთიან სვანეთსა და ქართველ საზოგადოებას შორის, თეზომ საშუალება მოგვცა აღმოგვეჩინა სვანეთის სილამაზე და მისი დიდებული პოტენციალი. მოთხილამურე და ბიზნესმენი თეზო ჯაფარიძე 2014 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა. თეზოს გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს მისი ერთ-ერთი პროექტისთვის შეესხათ ფრთები და მის პატივსაცემად „თეზოს თასიც“ ჩამოაყალიბეს.

ზევით