#ლიტერატურა

25 მაისს თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი იწყება

გაზიარება:

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართება.

ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.

25 წლის განმავლობაში ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდება წელს, წიგნის ფესტივალს 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილე ჰყავს.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში.

ფესტივალი კვლავაც უმასპინძლებს პროექტს, „მსახიობები ლიტერატურისთვის“, რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს. 

ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, ფესტივალის ღონისძიებები ლაივ რეჟიმშიც გავა ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე. გარდა ამისა, მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით წიგნების შეძენა ფესტივალის ვებ-გვერდზე და ჩვენ ციფრულ პარტნიორ veli.store-ზე, საფესტივალო ფასებად, ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

ფესტივალის დაწყებამდე კატალოგების სანახავად ეწვიეთ ბმულს - https://tbilisibookfestival.ge/online/

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. 

ზევით