100 წელი ლეგენდის, სახელად სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან

100 წლის წინ, 1924 წლის 9 იანვარს, თბილისში დაიბადა ბიჭი, სახელად სერგეი (სერგეო) ფარაჯანოვი, რომელსაც განგებამ დიდებითა და ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება უბოძა. თუმცა, ძნელი დასაჯერებელია, რომ ისეთი „ხულიგანი“ კინორეჟისორი, როგორიც სერგო ფარაჯანოვი გახლდათ, ზედმიწევნით გაჰყვებოდა მისთვის დაწერილ ბედსწერას. ფარაჯანოვი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც დადგენილი წესების დარღვევითა და ამ დაუმორჩილებლობის აქტით მიღებული ენერგიით საზრდოობენ.

სერგო ფარაჯანოვი

სწორედ კინოს სამყაროს დადგენილი წესების უარყოფით, კულტურათშორისი დიალოგის წამოწყებითა და არა საგნის, არამედ კონცეფციის წინა პლანზე წამოწევით, სერგო ფარაჯანოვმა ჩამოაყალიბა უნიკალური, თვითკმარი რეჟისორული ხელწერა, რომელმაც მისი სახელი უკვდავყო. ქართული კინოს ასპარეზზე გამოჩენისთანავე, ფარაჯანოვმა უარყო გამეფებული ნაციონალური სპეციფიკა და მისი არქაული გამოძახილი. ეთნიკურ ესთეტიკასთან შერკინებით, ავანგარდისტმა კინორეჟისორმა საკუთარ ნამუშევრებში უდროობის ცნება დაამკვიდრა და ამით საკუთარ შემოქმედებას კიდევ უფრო დიდი მისტიკურობა შესძინა.  

სერგო ფარაჯანოვი

„სისხლით უნდა აანაზღაურო, რომ გრძნობ სილამაზეს... ეს აუცილებელია... ამის გარეშე შეიძლება არასრულყოფილი ხელოვანი იყო“ - სერგო ფარაჯანოვი.

კინორეჟისორმა, რომელმაც კინოს გაგება სამუდამოდ შეცვალა, როგორღაც მოახერხა, რომ საბჭოთა კავშირის ცენზურის გვერდის ავლით (დროებით), ისეთი შემოქმედება დაგვიტოვა, როგორებიც „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“, „საიათნოვა“ - „ბროწეულის ფერი“, „ამბავი სურამის ციხისა“ და „აშუღ-ყარიბია“.

სერგო ფარაჯანოვი

ერთ რამეში ძალიან გაუმართა ფარაჯანოვს, მას წილად ხვდა პატივი გამხდარიყო კლასიკური საბჭოთა და უკრაინული კინოს ლეგენდის, იგორ სავჩენკოს სტუდენტი. სავჩენკო მაშინ უკვე ცნობილი იყო, როგორც მონუმენტური ფილმის „ბოგდან ხმელნიცკის“ ავტორი. მისი ფილმის „მესამე დარტყმის“ გადაღებებისას (ფაშისტური ჯგუფის დამარცხების და ოდესისა და ყირიმის განთავისუფლების შესახებ), სავჩენკოს სტუდენტებმა პრაქტიკული მომზადება გაიარეს. რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ კი მისი თითქმის დასრულებული ფილმის „ტარას შევჩენკოს“ ტიტრებამდე მიყვანა მის ყოფილ მოსწავლეებს დაევალათ. მათ შორის იყო ფარაჯანოვსაც.

სერგო ფარაჯანოვი

იგორ სავჩენკოს გარდაცვალების შემდეგ კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაოდ უკრაინაში - კიევისა და ოდესის კინოსტუდიებში წავიდა. ფარაჯანოვსაც ჰქონდა კიევში წასვლის შანსი, თუმცა ის შანსადვე დატოვა და ამის ნაცვლად, საკუთარი ისტორიის წერას მედგრად შეუდგა. რეჟისორმა ერთმანეთის მიყოლებით გადაიღო „პირველი ვაჟი“, „უკრაინული რაფსოდია“ და „ყვავილი ქვაზე“, ფილმები, რომელთა საშუალებითაც ფარაჯანოვი ცდილობდა ეჩვენებინა საბჭოთა კავშირისთვის, რომ მას, როგორც სხვებს, ფილმების გადაღება შეეძლო. თუმცა, ამ შეფარული სტრატეგიის ამოყირავებას 1962 წლიდან, მიზანმიმართულად პირადად შეუდგა. 

სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით მიმართულებაზე და მის შეხედულებებზე უდიდესი გავლენა, სწორედ 1962 წელს გამოსულმა, ანდრეი ტარკოვსკის ფილმმა: „ივანოვის ბავშვობამ“ მოახდინა. „არაფრის გაკეთება არ ვიცოდი და ალბათ, არც არაფერს გავაკეთებდი, რომ არა ივანოვის ბავშვობა“, - ციტირებენ ფარაჯანოვის სიტყვებს ირლანდიელი მკვლევრები, ფერგუს დალი და კატარინა ვაუ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე რადიკალურად არ გახლდათ, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტარკოვსკის პირველი ფილმი აღმოჩნდა ბიძგი, ფარაჯანოვის აზრებისა და შემოქმედებისთვის ახალი მიმართულების საძიებლად.

სერგო ფარაჯანოვი

ამ დიდი გარდატეხის შემდეგ, სერგო ფარაჯანოვმა 1964 წელს „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ წარადგინა, რომელშიც რეჟისორის თანდაყოლილი მრავალი თვისება გამოვლინდა, მათ შორის მეტაფორიზმი, გრძნობების დახვეწილი დეტალებით გადმოცემის უნარი, ეთნოგრაფიის ღრმა გაგება, სიმბოლიზმი მისტიციზმსა და რეჟისორულ დაკვირვებაში - და ამ ყველაფერს თან ახლავს კადრის საოცარი ორგანულობა და ხმა. ფილმი უკრაინულ ენაზე გამოვიდა და რუსულად არ იყო გახმოვანებული, რაც იმ დროს თითქმის წარმოუდგენელი ამბავი გახლდათ.

სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვის პერსონამ კიდევ ერთი გარდატეხა მშობლიურ სომხეთში მოგზაურობის შემდეგ განიცადა. სწორედ ამ მოგზაურობის შემდეგ გადაწყვიტა ფარაჯანოვმა, რომ მზად იყო სამყაროსთვის, მე-18 საუკუნის ბოლოს მცხოვრები, ეთნიკურად სომეხი პოეტის, აშუღის საიათნოვას შესახებ მოეყოლა. საიათნოვა განთქმული იყო საკუთარი ლექსებითა და სიმღერით. ის ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. თუმცა, მეფის ქალიშვილის სიყვარულის გამო, კარის სამსახური დაკარგა და დანარჩენი ცხოვრება გზაში ხეტიალსა და სიმღერაში გალია. ერთი პოეტის (ფარაჯანოვის) მეორე პოეტზე (საიათნოვაზე) მოთხრობილი მშვენიერი ამბავი და ალუზიებისგან ნაქსოვი ფილმის მეტაფორული ენა მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა ცენზურისთვის. 

სერგო ფარაჯანოვი

ფილმს სახელი შეეცვალა და „საიათნოვადან“ - „ბროწეულის ფერად“ გადაკეთდა. ის რეჟისორმა სერგეი იუტკევიჩმა ხელახლა დაამონტაჟა. ათწლეულების განმავლობაში, იუტკევიჩს ფარაჯანოვის ჩანაფიქრის დამახინჯებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა დღეს ბევრს სწამს, რომ სწორედ ამ გზით მოახერხა სერგეი იუტკევიჩმა ამ შედევრის გადარჩენა.

საბჭოთა ხელისუფლების მიერ უარყოფილი „ბროწეულის ფერი“ მსოფლიომ გაშლილი ხელებით მიიღო. ის შედევრად არის აღიარებული და დასავლურ ქვეყანაში დღემდე ეწყობა მისი ჩვენებები. ბრიტანეთის კინოინსტიტუტის მონაცემებით, ის ყველა დროის საუკეთესო რეჟისორთა 100 ფილმს შორის იკავებს საპატიო ადგილს. ცნობილია ის ფაქტიც, რომ ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე პოპ კულტურაზეც. მაგალითად, მადონას და ლედი გაგას მუსიკალური კლიპები გადაღებულია „ბროწეულის ფერის“ მოტივებზე და ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვი მითებისა და ლეგენდების უკვდავი წყაროა. მისი ექსტრავაგანტული ბუნების, უსაზღვრო ნიჭიერების, უნიკალური პიროვნული შტრიხებისა და წარმოდგენათა სისტემის შესახებ არა ერთ განსხვავებულ ამბავს, ხუმრობასა თუ სკანდალს მოისმენთ. თუმცა, ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით, ის გახლავთ, რომ რეჟისორის მსოფლმხედველობაზე უდიდესი გავლენა იქონია ძველი თბილისის მულტიკულტურულმა გარემომ, რომელშიც ის გაიზარდა; ტრადიციებმა, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეახსენებდნენ ხოლმე თავს; ციხემ, რომელიც მისი დაუმორჩილებლობის გამო ფარაჯანოვის განაჩენად იქცა და შეხედულებებმა, რომელზეც ბევრს ჰყვებოდა საკუთარი შემოქმედებით. დიდებული სერგო ფარაჯანოვი 1990 წელს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზევით