#მოგზაურობა

ზაკინთოსი - საბერძნეთის კუნძულებში ჩამალული სამოთხის ნაწილი

გაზიარება:

არსებობს ერთი უტყუარი ფაქტი მოგზაურობის შესახებ: თუ ერთხელ მაინც ეზიარე ამ სიამოვნებას, ვეღარასოდეს შეძლებ დაივიწყო ის გრძნობა, რომელიც ახალი ქალაქისა თუ ქვეყნის აღმოჩენის დროს გეუფლება, როდესაც შეუჩერებლად იწყებ ახალი ადგილების მონახულებას, დაუვიწყარი მოგონებების შეგროვებას და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების აღბეჭდვას. 

ჩვენ გამუდმებით ძიების პროცესში ვართ, მერე რა თუ მსოფლიო პანდემიამ ჩვენი მოგზაურობის ტემპი შეანელა, ყოველთვის შეგვიძლია პოსტკორონავირუსის სამოგზაურო სია შევადგინოთ და ერთი მეორის მიყოლებით ამაყად მოვნიშნოთ ისინი. 

ჩვენი დღევანდელი აღმოჩენა საბერძნეთის უმშვენიერესი კუნძული ზაკინთოსია, რომელიც პირადად ჩვენს ფავორიტ კუნძულს წარმოადგენს ამ ქვეყანაში. საბერძნეთის მარგალიტად წოდებულ ზაკინთოსი იონიის ზღვის კუნძულებიდან ერთ-ერთი გახლავთ, თუმცა მათ შორის ყველაზე ღვთიურია, მდიდარი მრავალფეროვანი სანაპიროებითა და ისტორიული წარსულით.

რასაკვირველია, საბერძნეთის არც ერთი კუთხე-კუნჭული არ არსებობს მითოლოგიისა და მდიდარი პრეისტორიის გარეშე, არც ზაკინთოსია გამონაკლისი. ზაკინთოსის სახელი მეფე ფრიგია დარდანას ვაჟის სახელთან ასოცირდება, მითოლოგიის თანახმად ეს კუნძული ოდისევსის ბაბუამ არისიოსმა დაიპყრო. ზაკინთოსი ნახსენებია ჰომეროსშიც, რომლის თანახმადაც ზაკინთოსის მკვიდრნი ოდისევსის მეთაურობით ტროას წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ზაკინთოსი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საბერძნეთის ისტორიაში, ის ცნობილი იყო როგორც კასტროპოლისი (ციხესიმაგრის ქალაქი), ახლა კი უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს ქვეყნისთვის, ლაჟვარდოვანი ზღვით, თვალწარმტაცი სანაპიროებით, ხედებითა და ფლორა-ფაუნით, ზაკინთოსი უდავოდ არის ადგილი, რომელიც უნდა მოვინახულოთ.

ზევით