#მოგზაურობა #დეკორი

„ველონას ჯუნგლები” ანტიკვარული ბუტიკ სასტუმრო ფლორენციის შუაგულში

გაზიარება:

ზღაპრულ იტალიაში მოგზაურობა ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მისი ხელახლა აღმოჩენა, გათავისება და შეყვარება რთული არასდროსაა. ვინც მიცნობთ, იცით როგორ მიყვარს მოგზაურობა, წინა სტატიაში ფლორენციაზე გესაუბრეთ მის, ღირსშესანიშნაობებზე, თუმცა, მეტი ყურადღება მინდა გავამახვილო ამ კულტურის მექას ერთ საოცრად ჯადოსნურ, ისტორიითა და ურთიერთობებით მდიდარ ბუტიკ სასტუმროზე. 

Instagram: @itsninisha

„ველონას ჯუნგლების” უნიკალურობის შესახებ, ამ ბუტიკ სასტუმროს ამჟამინდელი მფლობელი ვერონიკა გრეკი მესაუბრა პირადად და მიამბო ისტორია, თუ როგორ გარდაიქმნა ოჯახის საცხოვრებელი სახლი სასტუმროდ და როგორ შეიყვარეს ის არამარტო ტურისტებმა, არამედ ისეთი გამოცემების რედაქტორებმა, როგორებიცაა Vogue, Conde Nast traveler, Forbes და სხ. თქვენ მალე დარწმუნდებით, რომ ყველაფერი გენიალურის საწყისი სიყვარულია. 

საწყისი - სიყვარული

ეს სახლი ამჟამინდელი მფლობელის, ვერონიკას ბაბუას ეკუთვნის. ყველაფერი კი სიყვარულის ისტორიით დაიწყო.  გასული საუკუნის 50-იან წლებში ვერონიკას ბებიამ და ბაბუამ ერთმანეთი მატარებელში გაიცნეს, ორივე მათგანი ნაპოლიდან იყო და ფლორენციაში სამუშაოდ მიდიოდა. ბებია, აღზრდითაც და განათლებითაც უსწრებდა დროს, ეს მატარებელში მჯდომი ვერონიკას ბაბუისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, მას დანახვისთანავე მოეწონა ქალი, რომელიც მასზე 7 წლით იყო უფროსი.

მათი სიყვარულის ისტორია სწრაფი ტემპით განვითარდა, ბებია და ბაბუა შეუღლდნენ, მალე შვილებიც შეეძინათ და ფლორენციაში დამკვიდრდნენ. როგორც ვერონიკა იხსენებს, ბაბუას ერთი საინტერესო ჰობი ჰქონდა - ანტიკვარული ნივთები იტაცებდა ძალიან, პატარა საგნებით დაწყებული ჰობი მალე მან პროფესიად იქცია და ერთ-ერთი საუკეთესო შემფასებელი გახდა. საცხოვრებელი სახლიც ძველი ნივთების მაღაზიებით გარშემორტყმულ ადგილას შეარჩია, საკუთარ სახლში კი რჩეული ანტიკვარული ნიმუშები განათავსა.

საბოლოოდ სახლი ორ ნაწილად გაიყო - ერთი მათგანი საცხოვრებლად იყო განკუთვნილი, მეორე კი ანტიკვარული ნივთების სათავსოს წარმოადგენდა.

როგორ გაჩნდა „ველონას ჯუნგლები”

ვერონიკა: ბებიას გარდაცვალების შემდეგ, დედამ შემომთავაზა სახლის სასტუმროდ გადაკეთება, თუკი ყველა საქმეს თავად მივხედავდი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, თანაც დიდი სიხარულით. დედაჩემი დიასახლისი იყო, მაგრამ ბაბუისგან დიდი ცოდნა და სასტუმროსთვის იდეალური სახელი - საგვარეულო გვარი ველონა მიიღო.დედა ხშირად დაჰყვებოდა ბაბუას გამოფენებზე ლონდონში, პარიზსა თუ ნიუ-იორკში, ეს გამოცდილება სახლის ინტერიერზეც აისახება, თანამედროვე და ვინტაჟური სტილის შერწყმა მისი მთავარი ხელწერაა.

ვინ ვარ მე...

ვერონიკა: ტურიზმის ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე და სწორედ აქ მიღებული ცოდნა შევმატე სასტუმროს. ძალიან მიყვარს ხალხის მიღება, გაცნობა და გამასპინძლება. სტუმრებს ხშირად ვუყვები ქალაქის ისტორიას და ამბებს, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო საგნების მიღმა იმალება. ყველაფერი, რასაც ჩვენს სასტუმროში შეხვდებით ფლორენციაში ხელითაა დამზადებული.

ჩემთვის ფუფუნება არ ნიშნავს Gucci-ს ჩანთის შეძენას, მას ყველა მაღაზიაში შეხვდებით, Luxury ჩემი აზრით არის ხელნაკეთი ჩანთა, რომელიც ფლორენციაში ოსტატმა დაამზადა და ორგანულია.

ვფიქრობ, რომ მოგზაურობა მხოლოდ ისტორიული ძეგლების დათვალიერება და ფოტოების გადაღება არ არის, ეს გახლავთ პროცესი, როდესაც უნდა გაიცნო ადგილობრივები, მოუსმინო მათ და მიიღო ცოდნა ყველაფრის შესახებ.

ფლორენციის ეს ჯუნგლები, ჩემს ფავორიტ ადგილად იქცა, Instagram: @itsninisha

ვერონიკა: ჩემთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს და მის დაცვას, ყოველივე ეს კი აისახება სასტუმროზეც - ჩვენთან ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა, ჩუსტებიც კი ბამბუკისგანაა დამზადებული და ბიოდეგრადირებადია, რაც შეეხება აბაზანის პროდუქტებს, ისინი ფლორენციის ლაბორატორიაშია დამზადებული და მაქსიმალურად ნატურალური შემადგენლობის გახლავთ.

აქ დავამთავრებ ჩემს მოგზაურობას ველონას ჯუნგლებში. იმედი მაქვს, რომ ფლორენციაში მოგზაურობისას, სწორედ ამ ჯადოსნურ, სიყვარულით შექმნილ სასტუმროზე შეაჩერებთ არჩევანს. 

პ.ს. გამომყევით ინსტაგრამზე. თუკი მოგზაურობა გიყვართ, იქ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს იხილავთ. 

xo xo 

@itsninisha

ზევით