გასულ სეზონზე, Château de Chantilly-ში გამართული გრანდიოზული კინემატოგრაფიული ჩვენების შემდეგ, Valentino-მ 2024 წლის გაზაფხულის ოტ-კუტიურ კოლექცია უფრო ინტიმურ გარემოში, Place Vendôme-ის სალონებში გამართა. „მე მსურდა ისეთი ხალხმრავლობა, როგორიც სალონ de couture-ში ეწყობოდა, მაღალი მოდის დაბადების ხანაში. ამავდროულად, წარმოდგენილი მქონდა, ჩვენების სტუმრები თანამედროვე ტანსაცმლით, რადგან მსურს, რომ კუტიურის მთელი პროცესი თანამედროვე გახდეს“ - აღნიშნა პიერპაოლო პიჩოლიმ.
იტალიური მოდის სახლის კრეატიული ხელმძღვანელის სურვილი, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე, გასულ ღამეს მართლაც რომ ასრულდა. Place Vendôme-ის შესასვლელთან პაპარაცებისა და გულშემატკივრების თანხლებით თავი მოიყარეს კაილი ჯენერმა, ქალიშვილთან სტორმისთან ერთად, ჯენიფერ ლოპესმა, როზი ჰანტინტონ-უაითლიმ, ტინა კუნაკმა და Valentino-ს დიდმა თაყვანისმცემელმა ფლორენს პიუმ.
გასულ ღამეს, პიერპაოლო პიჩოლის კიდევ ერთი ამოცანა, ნამდვილი ოტ-კუტიურის მნიშვნელობის ჩვენება გახდა. მოგეხსენებათ მაღალი მოდა ახლა პოპ კულტურის დიდ მომენტის მონაწილეა, ოტ-კუტიურის ოქროს ხანის პერიოდი, აქტუალური გახდა ისეთი სატელევიზიო შოუების დამსახურებით, როგორებიცაა Cristóbal Balenciaga და The New Look. „ეს სერიალები გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა არის მაღალი მოდის სამყარო, რადგან ადამიანებს ხშირად არ ესმით რეალური განსხვავება მზა ტანსაცმელსა და ოტ-კუტიურს შორის“, - აღნიშნა პიჩოლიმ.
„ოტ-კუტიური შექმნილია ზუსტი ზომებით, ეს არის მთავარი განმასხვავებელი. ის სპეციალურად თქვენზეა მორგებული და მთელი ეს პროცესი, საოცრად პირადულია” - პიერპაოლო პიჩოლი.
Valentino-ს 2024 წლის გაზაფხულის მაღალი მოდის კოლექციის ჩვენებაზე, სახელწოდებით Le Salon, მოდელები Place Vendôme-ის ატელიეში სპირალურ კიბეებზე დაეშვნენ, რამაც ჩვენებას დრამატული ელფერი შესძინა. ექსტრავაგანტური ნოტი კი პიერპაოლო პიჩოლიმ, თავისი ხელწერისთვის დამახასიათებელი ფერადი სილუეტების გამოჩენით აიღო. გასულ ღამეს, ცისარტყელას ფერებმა ოტ-კუტიურ პრიზმაში გაიარეს და პიჩოლის კონცეფცია ამაყად წარადგინეს.
როგორც ყოველთვის, პიერპაოლო პიჩოლი მხოლოდ ფერების თამაშს არ დასჯერდა და უჩვეულო მოცულობებისა და აბსტრაქტული სილუეტების ნაზავი წარმოგვიდგინა. გიგანტური bubble ფორმის კაბები კონტურულად გამოყვანილმა სილუეტებმა ჩაანაცვლეს, ბუმბულები კი მალე ორგანზას გამჭვირვალე ქსოვილით შეიცვალა.