#მოგზაურობა

TOP 7 Travel ვლოგერი YOUTUBE-ზე - იმოგზაურე მოგზაურებთან ერთად

გაზიარება:

დიდი ხანია სამგზავრო ჩანთები დაიმტვერა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ საზღვრები უკვე გახსნა, მსოფლიოს გარშემო ბოდიალის მსურველები (გასაგები მიზეზების გამო) მოგზაურობისგან თავს ჯერ კიდევ ვიკავებთ, თუმცა ინტერნეტი საოცარი რამაა. The Diary 7 საუკეთესო მოგზაურ ვლოგერს წარმოგიდგენთ, რომლებიც თქვენი ვირტუალური მოგზაურობის უცვლელი თანამგზავრები გახდებიან.

#1 Shay Mitchel (Shaycation)

კანადელი მსახიობი - შეი მიტჩელი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან Pretty little liars გაიცნო, თუმცა შეი ასევე წარმატებული ვლოგერი და საკუთარი აქსესუარების ხაზის მფლობელია. მსახიობის Youtube არხი სილამაზეს, მოდას, კულინარიას, ყოველდღიურ ცხოვრებას და რაც მთავარია, დიდი დოზით მოგზაურობას მოიცავს. რუბრიკაში Shaycation მსოფლიოს გარშემო ქარიზმატულ მსახიობთან ერთად იმოგზაურებთ და luxury დასვენების ხიბლსაც შეიგრძნობთ.

#2 Sailing La Vagabonde

რაილი უაიტლუმისა და ელაინა კარაუსუს წყვილი მსოფლიოს შემოვლას იალქნიანი ნავით აპირებს. ცოლ-ქმარს მოგზაურობისას პატარაც შეეძინა და ახლა გემის მკვიდრი სამი ადამიანია. მოგზაური ოჯახი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ოკეანის შესახებ ცნობადობის გაზრდას ცდილობს.

#3 Kristen & Siya

კრისტენი და სია მოგზაური წყვილია, რომელიც გამორჩეულ დანიშნულებებს, მიმართულებებს და კულინარიულ თავგადასავლებს გვიზიარებს. მათი მიზანი ოჯახებისთვის მოგზაურობისკენ მოწოდებაა. Kristen & Siya-ს ვიდეოები ყოველთვის სახალისო, შემეცნებითი და საინტერესოა.

#4 KOLD

სემ კოლდერის Youtube არხი მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ნამდვილი საბადოა. ძალიან ნიჭიერი ფილმ მეიკერი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და გზადაგზა ვიდეო შედევრებს ქმნის. Kold-თან ერთად მოგზაურობა მრავალ სეზონიანი სერიალის ყურებასავითაა - არასდროს გინდა, რომ დასრულდეს. კოლდერის ვიდეოების მხატვრული ღირებულება, სცენარი, რეალისტური ატმოსფერო და საინტერესო სიუჟეტები იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

#5 Eva Zu Beck

ევა ზუ ბეკი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სოლო მოგზაურია. მის Youtube არხზე იმ მიმართულებებს გაეცნობით, რომლებსაც მოგზაური ვლოგერები იშვიათად სტუმრობენ. თვალს ადევნებთ მოგზაურობას სირიაში, თავგადასავალს პაკისტანში და ცხენით მოგზაურობას მონღოლეთში.

#6 Sorelle Amore

სორელი დადებითი ენერგეტიკის უშრეტი წყაროა. საკუთარ ვიდეოებში ვლოგერი პირად გამოცდილებებთან ერთად ფოტოგრაფიის ხრიკებს გვიზიარებს და მისთვის ჯერ კიდევ უცნობ ადგილებში გვამოგზაურებს. ცოტა ხნის წინ Youtube-ერი საცხოვრებლად ისლანდიაში გადავიდა, ასე რომ ცივი კუნძულის მოყვარულებს (და ასეთები ბევრნი ვართ), სორელის ბოლო დროინდელი ვლოგები ნამდვილად დაგაინტერესებთ.

#7 Brooke Saward

ბრუკი სოლო მოგზაურია, მისი მიზანი კი ადამიანებისთვის მარტო მოგზაურობის ხიბლის ახსნაა. სავარდის ვიდეოებში ხშირად საკუთარ შეგრძნებებს ამოვიცნობთ და ბევრი სხვა ვლოგერისგან განსხვავებით, მის კონტენტში სიყალბე არ იკითხება.

 

ზევით