#მოდა

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ძირითადი მომენტები #MBFWTBILISI

გაზიარება:

საქართველო მსოფლიო მოდის რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნა, 4-8 მაისს გავლენიანი უცხოური გამოცემების ყურადღება თბილისისკენ იყო მიმართული, დედაქალაქი ხომ მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის მე-15 სეზონს მასპინძლობდა. COVID19-ით გამოწვეული შეზღუდვებისა და სოციალური დისტანცირების აუცილებლობის გამო, მოდის კვირეულმა ფიზიკური ჩვენებების თითქმის 3-წლიანი პაუზა აიღო, ციფრულ ფორმატში გამართულმა ჩვენებებმა გაამართლა, თუმცა რამდენადაც არ უნდა განეხილათ ეს ფორმატი მოდის მომავლად, რეალობა ერთი იყო: ეკონომიკური კრიზისისგან დაზარალებული სექტორი, მითუმეტეს ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდებოდა.

და აი 3-წლიანი შესვენების შემდეგ, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული განახლებული ძალებით დაუბრუნდა ფიზიკურ ჩვენებებს, თბილისი კიდევ ერთხელ იქცა მსოფლიო მოდის კრიტიკოსების, საერთაშორისო პრესის წარმომადგენლების, ფოტოგრაფების და ბაიერების შეხვედრის ადგილი. შემოდგომა/ზამთრის 2023/24 წლის ფიზიკურ ჩვენებებს პირველად უმასპინძლა Factory Tbilisi-მ. 5 დღის განმავლობაში, როგორც Factory Tbilisi-ში, აგრეთვე თბილისის ისტორიულ ლოკაციებზე, 20-მდე ჩვენება, გამოფენები და პანელის დისკუსიები გაიმართა. 

გასული დღეების განმავლობაში, ჩვენი მოდის რედაქტორები მუშაობდნენ იმისთვის, რათა პირველებს მიგედევნებინათ თვალი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებებისთვის და მეტი შეგეტყოთ კოლექციების შექმნის შთაგონებისა და მოტივების შესახებ... და მაინც, სათქმელი ბოლომდე ჯერაც არ ამოგვიწურავს, დღეს შემოგთავაზებთ თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის იმ ძირითად მომენტებს, რომლებიც შესაძლოა მოდურ ციებ-ცხელებაში გამოგრჩათ.

BERHASM-ის ინდივიდუალურობისა და მრავალფეროვნების ზეიმი

ინდივიდუალურობის ხაზგასმა, ოცნებების მნიშვნელობა და მრავალფეროვნების აღნიშვნა, შესაძლოა ბოლო დღეების მანძილზე ბევრი დიზაინერის ქვეტექსტში ამოგვეკითხა, თუმცა არავის უსაუბრია მათ მნიშვნელობაზე ისე ხმამაღლა, როგორც ეს ბესო თურაზაშვილის ბრენდმა Berhasm-მა მოახერხა. კოლექციის ჩვენებას წინ სწორედ მოწოდება უძღოდა, მოწოდება იმისა, რომ არავის მივცემთ ჩვენი ოცნებების მოპარვის, ჩანაცვლებისა და დამახინჯების საშუალებას. 

„ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ადამიანები და მივცეთ მათ საკუთარი ოცნებების, თავიანთი პირობებით განხორციელების საშუალება, რათა ერთად შევქმნათ პოზიტიური ცვლილებები ხელოვნების დახმარებით. ჩვენ უარვყოფთ შიშს, ჩვენ ვეთაყვანებით კრეატიულობის ძალას“.

მდგრადი მოდის იდეა

გარემოს დაბინძურების საკითხის წამოჭრა მოდის კვირეულზე ტატუნა ნიკოლაიშვილის სახელს უკავშირდება. ეკო-მეგობრული კოლექცია TATUNA-სგან, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის შემდეგ თბილისშიც იხილა საზოგადოებამ, გარემოს დაბინძურების კუთხით მეორე ადგილზე მყოფი ინდუსტრიისკენ იყო მიმართული, თვითკრიტიკა და საკუთარ შეცდომებზე სწავლა რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ტატუნა ნიკოლაიშვილს კარგად ესმის, ამიტომაც მისი კოლექცია სრულად, წლობით ნაგროვები ნარჩენებისგან იყო შექმნილი.

მაკიაჟი, როგორც პროტესტის ფორმა

დიზაინერ გიორგი ქებურიას უახლეს ჩვენებას, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მიზეზი კი მოდელების მაკიაჟი გახლდათ, რომლითაც ისინი KEBURIA-ს ახალ კოლექციას წარადგენდნენ. 29 მარტს დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისითვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად და ამასთანავე ახალგაზრდების სიმბოლოს გამოსაყენებლად დიზაინერმა, ლაზარეს თვალის ტატუს მსგავსი შავი მაკიაჟი შეურჩია მოდელებს, რაც ქართული მედიისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

უკრაინული ხმა მოდის კვირეულზე

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის მე-15 სეზონის კალენდარში, განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ უკრაინელი დიზაინერები. Factory Tbilisi ერთხელ უკვე იქცა, უკრაინელი ერისთვის მიძღვნილ სოლიდარობისა და მხარდაჭერის სიმბოლოდ, ამჯერად, სოფო ჭყონიამ და მისმა შემოქმედებითმა გუნდა თანადგომა უკრაინელი დიზაინერებისთვის მოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმის შეთავაზებით გამოხატა. 

MBFW თბილისზე, უკრაინელ დიზაინერებს შეასძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ როგორც pop up შოურუმში, აგრეთვე უშუალოდ ჩვენებებზე. უკრაინულ ესთეტიკას, მის კულტურულ მრავალშრიანობას და სილუეტთა ფერადოვნებას თვალიJEAN GRITSFELDT-ის OK KINO-სა თუ UVENTA-ს ჩვენებებში მივადევნეთ.

თეთრი, როგორც მშვიდობის სიმბოლო

სიმბოლური იყო ის ფაქტიც, რომ MBFW თბილისის მე-5 დღის ჩვენებებს, რომელთა დიდ ნაწილსაც უკრაინელი დიზაინერები აერთიანებდნენ, უკანასკნელ აკორდად დათუნა სულიკაშვილი და მისი კოლექცია მოევლინა. სრულად თეთრი სილუეტები, DATUNA-ს ჩვენებაში სწორედ ბოლო წლების ნეგატივისა და სტრესის გამოძახილს წარმოადგენდა, რომელიც უკეთესი მომავლის, იმედად და მშვიდობის სიმბოლოდ გარდაიქმნა.

ზევით