#მოდა

SCHIAPARELLI-ს უახლესი ჩვენება: რა საფრთხე დაინახეს დენიელ როზბერის შემოქმედებაში?

გაზიარება:

პარიზის მოდის კვირეული, დღეს დილით Schiaparelli-ს ჩვენებით სკანდალურად გაიხსნა და მწვავე კამათი დენიელ როზბერის უახლესი კოლექციის გარშემო ამ დრომდე არ წყდება. ყველაფერი კი მაღალი მოდის კვირეულის ჩვენებაზე მისული კაილი ჯენერის კაბით დაიწყო, რეალითი შოუს ვარსკვლავი და ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი, Schiaparelli-ს შოუზე, ხავერდის შავი კაბით მივიდა, რომლის მარჯვენა მხარეს, ლომის საკმაოდ რეალური, გიგანტური თავი იყო მიმაგრებული.

როგორც აღმოჩნდა, კაბა Schiaparelli-ს უახლესი კოლექციიდან იყო წარმოდგენილი, რომლის მორგების პატივიც კაილის ერგო. რამდენიმე წუთში, ჩვენებაზე, ჯენერის კაბის ზუსტი ასლით, ირინა შეიკი გამოჩნდა და ნაცვლად იმისა, თუ რომელმა უკეთ მოირგო ქმნილება: კაილიმ თუ ირინამ, განსახილველი თემა სულ სხვა რამ გახდა.

სამოსის აქსესუარად გამოყენებული ცხოველების თავები, რომლებიც Schiaparelli-ს სოციალური არხების ცნობით ქაფისგან და ხელოვნური ბეწვისგან შეიქმნა, მოგვიანებით კი ხელით მოიხატა (და რომლის შექმნისას არც ერთი ცხოველი არ დაზარალებულა), ცხოველების იმ რეალისტურ და სასტიკ ფიტულებს მოგვაგონებდნენ, რომლებიც ასე ხშირად გვინახავს. ცხოველების სილუეტებით ჩვენებაზე კიდევ ორი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი და შალომ ჰარლოუ ვიხილეთ, რომლებსაც რუხი მგლისა და თოვლის ლეოპარდის გამოსახულებებიანი სამოსი ეცვათ. 

როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, ლეოპარდი, ლომი და მგელი - რომლებიც ვნებას, სიამაყესა და სიხარბეს განასახიერებენ დანტეს საკულტო ალეგორიაში დენიელ როზბერის შთაგონების მთავარ წყაროდ იქცა და მოდის სახლის კრეატიულ ხელმძღვანელს, პოდიუმზე მათი გამოჩენა უფრო თეატრალიზებულად ჰქონდა წარმოდგენილი, ვიდრე სასტიკად, მაგრამ... ჩვენების შემდეგ მნახველებში დენიელის შემოქმედებამ დიდი კითხვის ნიშანი დატოვა, ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს ჩვენების პოტენციურად მავნე შედეგებზე ლაპარაკი, რომელიც შესაძლოა შოუს მოჰყვეს. 

თითქოს, ერთი გიგანტი ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს მიმართ ატეხილი სკანდალი დასრულებული კიდევ არ იყო, რომ კრიტიკის ქარ-ცეცხლში Schiaparelli გაეხვა. 

"ძალიან სამწუხაროა ამ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ხილვა ისე თითქოს, მოდელებმა, სასტიკი მონადირეების ხალიჩა და მოკლული ცხოველის თავი შემოიხვიეს, რათა ეს ყველაფერი ელეგანტურ, მოდურ სილამაზედ წარმოედგინათ" - დაწერა სოციალურ ქსელში სუპერმოდელმა კრისტი ბრინკელმა და მისი კრიტიკული კომენტარი მხოლოდ ერთ-ერთია იმისგან, რაც Schiaparelli-ს დღევანდელ ჩვენებას მოჰყვა. 

ადამიანებმა, დენიელ როზბერის ქმნილებებში, დანტეს ალეგორიამდე, ნადირობის სისასტიკე და ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის პროპაგანდა ამოიკითხეს, თქვენ როგორ შეაფასებდით Schiaparelli-ს უახლესი კოლექციის ამ სამ სილუეტს, რა ასოციაციებისკენ მიიმართა თქვენი გონება მათი ნახვისას: ხელოვნება თუ სისასტიკე?

ზევით