#მოგზაურობა

„რომაული არდადეგების“ გზამკვლევი რომში სამოგზაუროდ

გაზიარება:

ამერიკელი რეჟისორის, უილიამ უაილერის რომანტიკული კომედია სახელწოდებით „რომაული არდადეგები“ ყოველთვის იქნება ის ნაპერწკალი, რომელიც პრინცესა ანას და რეპორტიორი ჯოს ისტორიის გამეორებას, იტალიის დედაქალაქში სიყვარულის პოვნას, ვესპათი სეირნობასა და უგემრიელესი ჯელატოს მირთმევას მოგვანდომებს. შესაძლოა რომში ოდრი ჰეპბერნის პერსონაჟის თავგადასავალი არ გადაგვხდეს თავს და ვერც გრეგორი პეკს გადავეყაროთ, თუმცა მათი გზის გავლა და ფილმის გზამკვლევით სარგებლობა ნამდვილად შეგვიძლია.

სეპტიმუს სევერუსის თაღი და სატურნის ტაძარი

სამეფო ტურში მყოფ პრინცესა ანას დეტალურად გაწერილი დღის გეგმა აქვს, რომელიც ახალგაზრდა პრინცესას მოსაწყენად ეჩვენება. ანა, ვალდებულებებისგან გაქცევას გადაწყვეტს და ასეც მოიქცევა. ამერიკელი რეპორტიორი ჯო ნახევრად მძინარე ანას სეპტიმუს სევერუსის თაღის წინ პოულობს. მათგან მარჯვნივ 476 წელს აშენებულ სატურნის ტაძარსაც ვხედავთ კადრში. მართალია, ანას და ჯოს ის არ მოუნახულებიათ, თუმცა თუ რომში მოგზაურობას და პრინცესას გზის მიყოლას გადაწყვეტთ, იქ აუცილებლად უნდა შეიაროთ.

კოლიზეუმი

ვფიქრობთ, რომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა მხედველობიდან არავითარ შემთხვევაში არ გამოგეპარებათ. თუმცა, ვესპაზე შემომჯდარი ანას და ჯოს კადრები მსოფლიოში უდიდესი ამფითეატრის წინ დგომის მომენტში ავტომატურად შეიძლება ამოგიტივტივდეთ გონებაში.

პიაცა დელა როტონდა, პანთეონი

თუ 1953 წელს პრინცესა G. Rocca-ში ლანჩზე შამპანურს უკვეთავდა, ჩვენ ეს არჩევანი ნამდვილად არ გვაქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო: G. Rocca უკვე აღარ არსებობს, მის ნაცვლად პიაცა დელა როტონდაზე ორი ალტერნატიული ვარიანტია წარმოდგენილი - L'Antica Salumeria Piazza della Rotonda, რომელიც უგემრიელესი სენდვიჩების დაგემოვნების ბედნიერებას მოგანიჭებთ და Via degli Orfani 84, რომელშიც გასაოცარ ტკბილ ყავას მიირთმევთ ათქვეფილი კრემით.

ესპანური კიბეები

135 საფეხურიანი კიბე ფილმში ერთ-ერთ მხიარულ მომენტში ჩნდება, როდესაც ანა ჯოს მოტყუებას ცდილობს. ესპანური კიბეები 1723-1725 წლებში აშენდა და ორ მთავარ მოედანს Piazza di Spagna-ს და Trinità dei Mont-ს ერთმანეთთან აკავშირებს.

რეჟისორმა უილიამ უაილერმა „რომაული არდადეგები“ შავ-თეთრ ფერებში ფულის დაზოგვის მიზნით გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო შესაძლოა არაერთი ლოკაციის მთავარი ფასეულობა დაკარგულიყო, Palazzo Colonna-ს ეს საფრთხე ნამდვილად არ დამუქრებია. მართალია, მე-14 საუკუნეში აშენებული სასახლის დიდებულება მის ფერებში მდგომარეობს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა და ესთეტიკური აურა, რომელიც მის დარბაზებში სუფევდა.

ზევით