#მოგზაურობა

როგორ გავატარე უქმეები ზღაპრის წიგნიდან გადმოსულ ყაზბეგში

გაზიარება:

გამხელილი ცოდვით უნდა დავიწყო თქვენი გაცნობა, მე ნინო ვარ და რამდენიმე დღის წინ, პირველად მოვხვდი საოცრებათა მხარეში, რომლის შესახებაც ამდენი კარგი მომესმინა, ამომეკითხა და მაინც არასდროს მენახა საკუთარი თვალით.. და ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე, რომ არა დამღლელ რიტუალად ქცეული ყოველდღიურობის გამოძახილი, რომელმაც ისეთი სპონტანური იდეა დაბადა, როგორიც უქმეებზე ყაზბეგის მონახულება იყო. 

აწ უკვე, ყაზბეგის უნიკალური ხედებით, ბუნებით, უგემრიელესი კერძებითა და ადამიანებით დატყვევებული, ჩემს თავგადასავალს გაგიზიარებთ, იქნებ თქვენ შორისაც აღმოჩნდეს ისეთი, რომელსაც წინ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გამოცდილება ელოდება და ჯერაც არ იცის ამის შესახებ.

ღრუბლებში ჩაფლული ყაზბეგი

როგორ უკვე აღვნიშნე შაბათ-კვირის ეს მოგზაურობა სპონტანურად დაიგეგმა, მაგრამ ის არ მიხსენებია, რომ იდეა შაბათს დილას გაჟღერდა და დრო მხოლოდ იმისთვის მქონდა, რომ თანამოაზრეები რაც შეიძლება მალე დამეყოლიებინა, სასტუმრო დამეჯავშნა და გზას გავდგომოდი. საბედნიეროდ, რუტინით გათანგული სტუდენტი მეგობრების დაყოლიება არ გამჭირვებია, დასარჩენი ადგილიც შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ და 4 საათიან გზას დავადექით.

kazbegi

საქართველოს სამხედრო გზატკეცილმა პირველი შოკი მომგვარა, გზატკეცილის უსწორმასწორო გზას მივუყვებოდით და აღარ ვიცოდი რომელ მხარეს გამეხედა... ის ის იყო, ვიფიქრე, რომ ამის შემდეგ ვეღარაფერი გამაოცებდა, ნისლის ფარდა რომ გადაიშალა და თვალწინ "ხევის პატარძალს" მოვკარი თვალი. მყინვარწვერთან ასეთმა სიახლოვემ და ამავდროულად მიუწვდომლობამ არაერთგვაროვანი ემოციები აღძრა ჩემში, ემოციები, რომლისთვისაც სახელის დარქმევა ახლაც მიჭირს, თუმცა ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ იმ ბედნიერებისგან ცრემლნარევი თვალები დიდი ხანი არ მომიშორებია მყინვარისთვის, რომელსაც ცა მართლაც რომ ქუდად აქვს ქცეული, დედამიწა კი ქალამნად.

STAY

Hotel Darchi-ს ყაზბეგში მოგზაურობამდე, რამდენიმე დღით ადრე გადავაწყდი სოციალურ ქსელში, ალბათ სწორედ ამ სასტუმროს უნდა ვუმადლოდე ყაზბეგის ორდღიან თავგადასავალში რომ აღმოვჩნდი. პირველი, რამაც Hotel Darchi-ში მომხიბლა, სასტუმროს კედლებში გამეფებული ჰარმონიული და საოცრად კომფორტული აურა იყო, სასტუმროში ფეხის დადგმისთანავე მივხვდი, რომ ეს ადგილი ყაზბეგის იმ სიმშვიდის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდი.

kazbegi

პირველ ყოვლისა, ჩვენს კუთვნილ ფერად ნომრებში გადავნაწილდით და ცოტა სულის მოთქმა გადავწყვიტეთ, თუმცა სასტუმროს რესტორნისკენ მიმავალი გზა იმაზე მალე ვიპოვეთ, ვიდრე წარმოვიდგენდით. რესტორნის მენიუს მრავალფეროვნებამ მნიშვნელოვანი დილემა წამოჭრა: არჩევანი ქართულ ან ევროპულ სამზარეულოზე უნდა გაგვეკეთებინა, საბოლოოდ, მაინც მშობლიური სისხლის ყივილმა დაჯაბნა მოწინააღმდეგე.

ყაზბეგი

ჩვენი არჩევანის სისწორეში მაშინ დავრწმუნდით, როდესაც შევიტყვეთ, რომ Hotel Darchi-ს რესტორნის კერძები თურმე უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი პროდუქტით მზადდება, რაც თითოეულ კერძს ეტყობოდა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რესტორნის ტერასა, რომლიდანაც შეუდარებელი ხედები გადაიშალა ჩვენ წინ.

ყაზბეგი

საღამო ჭიქა ღვინის, თბილი პლედებისა და სამაგიდო თამაშების ფონზე გავაგრძელეთ და მომდევნო დღისთვის პატარა გეგმაც დავსახეთ, რომ თბილისში არაფრის დიდებით არ უნდა დავბრუნებულიყავით გერგეტის უნახავად.

გერგეტის სამების ტაძარი

ლაშქრობის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ გერგეტის სანახავად მასთან მიმავალი გზის ფეხით გავლა გადავწყვიტე, რაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა; მაგრამ არაფერი, სრულიად არაფერი შეედრება იმ სანახაობას, რომელიც ადგილზე მისულებს დაგვხვდა: ჩვენს თვალწინ სუნთქვისშემკვრელი ხედები გადაიშალა. ვიდექი XIV საუკუნით დათარიღებული ტაძრის პირისპირ და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში, როგორ შეძლეს და ამ სიმაღლეზე ეს მშვენიერება როგორ აღმართეს? 

kazbegi

ზევით