#დეკორი

რობერტ დაუნი უმცროსის ეკომეგობრული საცხოვრებელი სახლი - რა არის BINISHELL?

გაზიარება:

ალბათ ყველას ერთხელ მაინც გვინახავს საბავშვო წვეულებებზე გასაბერი სახლი. ოდესმე თუ წარმოიდგენდით, როგორი იქნებოდა მსგავს გასაბერ სახლში ცხოვრება? სწორედ ასეთია Binishell-ის ეკომეგობრული, ფუტურისტული სახლების კონცეფცია, რომლებიც შესაძლოა სულ მალე მომავლის სახლებად მოგვევლინონ. თუ უსაფრთხოებაზე ფიქრობთ, პროექტი ამ ასპექტშიც უპრობლემოა. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთი ასეთი სახლის მფლობელი თავად რკინის კაცი - რობერტ დაუნი უმცროსი გახლავთ, რომელიც Binishell-ის პროექტში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 

„ჩვენ გვინდოდა გამოგვეცადა ისეთი რამ, რაც აქამდე არ გაკეთებულა“ - განაცხადა სუზან დაუნიმ, დაუნი უმცროსის მეუღლემ.

Binishell-ის აგების მეთოდი საკმაოდ მარტივია: პროცესში გამოყენებულია ხელსაწყო, რომელსაც „პნევმოფორმას“ უწოდებენ. ეს არის რაღაც დიდი ბუშტის მსგავსი, რომელიც სასურველ ფორმას იღებს. გაბერვის შემდეგ, "ბუშტის" გარშემო ე.წ. "არმატურა" თავსდება და ისხმება ბეტონი. გაშრობის შემდეგ, კონსტრუქციაში ჩაყოლილი პნევმოფორმა იფუშება, ხოლო ზედაპირზე ბუშტისდაგვარი ფორმების ნაგებობა რჩება. ექსტერიერის დასრულება კი უკვე კლიენტის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში, დიზაინერები ღია ფერის დეკორატიულ მასალას იყენებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სახლების ასაშენებლად, მხოლოდ პნევმოფორმის გაბერვაა საჭირო, მშენებლობის პროცესი საკმაოდ სწრაფია, ნორმალური შენობისთვის საჭირო მუშახელის ნახევარს მოითხოვს და მინიმალურ ნარჩენებს ტოვებს. პნევმოფორმის გამოყენება მრავალჯერაა შესაძლებელი, შესაბამისად მშენებლობის ღირებულება და საჭირო რესურსები განახევრებულია.

Binishell-ის აღწერაში ნათქვამია, რომ ეს საცხოვრებელი სახლები არსებითად აეროდინამიკურია, რაც მათ ძლიერი ქარის დროსაც კი სტაბილურად აქცევს, ხოლო იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მშენებლობაში გამოყენებულია ბეტონი, სახლი ხანძრის მიმართ მაღალ გამძლეობას ავლენს.

Binishell-ის ბუნგალო სახლების ღირებულება, ტრადიციულ სახლებზე გაცილებით ნაკლებია, თუმცა ეს მის მდგრადობასა და გამძლეობაზე არ მოქმედებს. სახლების ამ მეთოდით აშენების ტექნიკა Binishell-ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორის მამას ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე მსგავსი პროექტი სხვადასხვა ქვეყანაში წლების წინ განახორციელა, ამიტომ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ბუშტების მსგავსი სტრუქტურა სიახლეს არ წარმოადგენს.

ზევით