პერსონალური ტრენერი გვირჩევს: როგორ დავიბრუნოთ მოტივაცია და სასურველი ფორმები

ვარჯიშს მოწყურებული მკითხველისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს - მოგეხსენებათ დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, 4-თვიანი პაუზის შემდეგ სპორტდარბაზები გაიხსნა. ეს დღეც დადგა, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ყველას მხოლოდ ერთი კითხვა გვიტრიალებს თავში - როგორ დავიბრუნოთ სასურველი ფორმები მცირე დროში? 

პერსონალური ტრენერი - ხათო გაბისონია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ შესვენება მართლაც დიდხანს გაგრძელდა, თუმცა ნაყოფიერი შრომით, სწორი ვარჯიშითა და კვებით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.  

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რამდენად დიდია სპორტდარბაზებში დამბრუნებელთა რაოდენობა?

სპორტდარბაზში დამბრუნებელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა შეძლებს თუ არა ყველა მომხმარებელი დარბაზში მოსვლას კომენდანტის საათიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად არ ვიცი. დარბაზებს ძირითადად დატვირთული საათები ჰქონდათ საღამო 7 საათიდან 11 საათამდე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეზღუდვა მალე მოიხსნება და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა ესტუმრობს ფიტნეს დარბაზს.

რამდენად მარტივია მოტივაციისა და სასურველი დაბრუნება 4-თვიანი შესვენების შემდეგ?

სიმართლე გითხრათ იდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ტიპზე. ბევრი სულმოუთქმელად ელოდება დარბაზების გახსნას, თუმცა არიან ადამიანები რომლებსაც მოტივაცია აკლიათ და მას აუცილებლად მივცემთ ჩვენ - მწვრთნელები, აგრეთვე მივცემთ იმის საშუალებას, რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს და მოკლე ვადებში ნახონ შედეგი საკუთარ სხეულზე.

რაც შეეხება სასურველ ფორმებს, მისი დაბრუნება მხოლოდ შრომითაა შესაძლებელია. აუცილებელია ფიტნეს დარბაზში ერთი საათი თუ საათნახევარი გამოვიყენოთ ნაყოფიერად, ვივარჯიშოთ მონდომებით, სწორად და თანმიმდევრულად. აუცილებელია ვკითხოთ რჩევები პროფესიონალებს და მერწმუნეთ, შედეგიც არ დააყოვნებს.

რა გავლენა იქონია covid 19-მა ფიტნეს ინდუსტრიაზე?                                                             

Covid 19-მა დიდი გავლენა იქონია ფიტნეს ინდუსტრიაზე და ეს ბიზნესი ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩააგდო. შეზღუდვების დაწესებიდან სიაში პირველები ვიყავით ვისაც ეკრძალებოდა ფუნქიონირება და ყველაზე ბოლო ვართ შეზღუდვების მოხსნის დროსაც. ვფიქრობ, რომ ამ პირობებში ფიტნეს ინდუსტრიას ძალიან დიდი ზარალი მიადგა და ვიმედოვნებ, რომ ფეხზე წამოდგომას მალევე შეძლებს.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო/არის კორონავირუსის პერიოდში ვარჯიში?

როგორც ჩვენთვის ცნობილია, კოვიდი ცვლის სისხლის ფორმულას და დიდია თრომბის განვითარების შესაძლებლობაც, ამ პერიოდში ვარჯიშს ალტერნატივა არ მოეძებნება.

აუცილებლად უნდა ვიყოთ აქტიურები, რათა გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი, როგორც მოგეხსენებათ ვარჯიშის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მუშაობს გულის კუნთი, რეგულირდება შაქრის დონე სისხლში, ვარჯიშის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი.

 ვარჯიში ამაღლებს ჩვენს გუნება-განწყობილებას და აუმჯობესებს იმუნიტეტს.

რამდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა ციფრულ ფორმატზე გადასვლა?

ვერ ვიტყვი, რომ ციფრული ფორმატი არ იყო ნაყოფიერი. ისევ და ისევ ყველაფერი, მოსწავლეზე და მის მონდომებაზეა დამოკიდებული. ონლაინკლასებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, როდესაც ვერავისთან ვერ მივდიოდით და თავზე შეზღუდვები გვეყარა, ის ერთი საათი ძალიან გვეხმარებოდა განწყობის ამაღლებაში.

თუმცა უნდა ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის, მოსწავლეებთან უშუალო კონტაქტს არაფერი ჯობია

რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც სპორტდარბაზებს უბრუნდებიან...

სპორტდარბაზში დაბრუნებულ ადამიანებს ვურჩევდი, რომ ერთი კვირა არ ივარჯიშონ მძიმე წონებით, ეს განსაკუთრებით ეხებათ ბიჭებს, რომლებიც კუნთებისა და სახსრების გახურების გარეშე ეჭიდებიან მძიმე წონებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრავმები, ასევე ვურჩევდი დაიცვან ყველა რეგულაცია, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

წარმატებას ვუსურვებ ფიტნეს ინდუსტრიას და ყველა ადამიანს, თავისი სხეულის ტრანსფორმაციის პროცესში.

ზევით