#მოდა

მოდის ორსაუკუნოვანი ისტორია

გაზიარება:

 

Haute Couture-ის დაბადება

Haute Couture-ის - მაღალი მოდის ისტორია სათავეს 1858 წელს იღებს და მისი დაარსების ამბავი დიზაინერ ჩარლზ ფრედერიკ ვორთთან ასოცირდება. ინგლისელმა დიზაინერმა შექმნა პირველი Haute Couture კოლექცია პარიზში და ის მთლიანად ფუფუნებას, ელეგანტურობასა და ფემინურობას მიუძღვნა. სწორედ ჩარლზმა ჩაუყარა საფუძველი ახალ ტერმინს და მოდის სამყაროში მოდის დიზაინერი შემოიყვანა. ჩარლზ ფედერიკ ვორთი იყო ადამიანი, რომელმაც მოდას უნიკალური შანსი მისცა, თავისი შესაძლებლობები გამოევლინა, რაც ინდუსტრიას თითქმის ორი საუკუნეა არც შეუწყვეტია.

ტერმინი Haute Couture პირველად 1908 წელს გამოიყენეს.

II მსოფლიო ომის გავლენა მოდაზე

გასული საუკუნის 30-იანი, 40-იანი და 50-იანი წლები ისტორიული მოვლენების მრავალფეროვნებით ნამდვილად ხასიათდება, პირველი თუ მეორე მსოფლიო ომები, ასევე "დიდი დეპრესია" მოდის სამყაროზე საკუთარ კვალს წარუშლელად ტოვებდა. გაუთავებელმა კონფლიქტებმა და ომებმა მსოფლიოში შეზღუდვები წარმოქმნეს, დიზაინერებს სულ უფრო და უფრო რთულად მიუწვდებოდათ ხელი სასურველ მასალებზე, ომის გავლენა იგრძნობოდა ტანსაცმლის სტილსა და სილუეტებშიც. 

მოდის რევოლუცია

ივ სენ ლორანი, ემილიო პუჩი, პიერ კარდენი, პაკო რაბანი, კენზო ტაკადა, ვალენტინო გარავანი, სონია რიკიელი და იოჯი იამამოტო - ეს ის სახელებია, რომლებმაც მოდის სამყაროში ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს. ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ასპარეზზე ახალგაზრდა, ნიჭიერი, ინოვაციური იდეების მქონე დიზაინერები გამოჩნდნენ, რომლებმაც თავიანთი სათქმელი იმდენად ხმამაღლა და თავდაჯერებულად თქვეს, რომ მოდის მიმდევრებს და მათ თაყვანისმცემლებს ისღა დარჩენოდათ ახალი კერპების ეწამათ და განვითარებისთვის, დიდი მოდური რევოლუციისთვის დაეჭირათ მხარი.

პრეტენზიულობა და ელეგანტურობა

პრეტენზიულობა და ელეგანტურ სილუეტთა სიუხვე გასული საუკუნის 80-იან წლებს ეკუთვნით. მაშინ, როდესაც მოდის ასპარეზზე კარლ ლაგერფილდი, ჯანი ვერსაჩე, ვივიან ვესტვუდი, ჯორჯო არმანი და ფრანკო მოსკინო გამოჩნდნენ, დიდი მოდის სახლებისთვის რენესანსის ეპოქა დაიწყო. დიზაინერები მოდაში ახალ სტანდარტებსაც ამკვიდრებდნენ: პოდიუმებზე სპორტული ტანსაცმლისა და სპორტული ფეხსაცმლის პოპულარიზებას ეწეოდნენ და მალე, ჯინსის შარვალი ნამდვილ მოვლენად აქციეს.

90-იანი წლების მინიმალიზმი

ამ ეპოქის დევიზად დასაწყისშივე იქცა ინდივიდუალურობა და ადამიანებმა სამოსითა და აქსესუარებით პიროვნულობის წარმოჩენას დაუთმეს მეტი დრო. დიზაინერებისთვის ფოკუსში ადამიანის სხეული მოექცა და მისი ესთეტიკით, სხეულის საზღვრების დადგენა დაიწყეს. 90-იანმა წლებმა წარმოშვა სუპერმოდელების ფენომენიც, რომლებიც მოდის სამყაროს ძალიან, ძალიან დიდხანს მხოლოდ საკუთარი სახელების ხსენებით წარმოადგენდნენ.

ახალი საუკუნის მოდა

21-ე საუკუნის დადგომისთანავე კი მოდის სამყაროში ახალი ჰორიზონტები გაჩნდა: ალექსანდრე მაქუინმა, ჯონ გალიანომ, ტომ ფორდმა, ჰედი სლიმანმა, მარია გრაცია კიურიმ და ერთადერთმა და განუმეორებელმა დემნა გვასალიამ, მეამბოხე თინეიჯერების როლი მოირგეს და იმ საზღვრებისა და სტერეოტიპების ნგრევას შეუდგნენ, რომელიც მათ წინა საუკუნემ შთამომავლობით უბოძა. ახალი საუკუნის მოდაში ურბანიზმი და გლამური გაერთიანებული ძალებით შემოიჭრა, ციფრულმა სამყარომ მოდის ინდუსტრიის ახალი წესების შექმნას შეუწყო ხელი, ხოლო ნოსტალგიამ და წარსულმა, დროებით წარსულშივე დარჩენა გადაწყვიტა.

ზევით