#ლიტერატურა

ქეთა ჯიქიას სადებიუტო წიგნი „ლაბირინთები“ დღეიდან წიგნის თაროებზეა

გაზიარება:

ემოციების ნაკადი, რეალობიდან გაქცევის მცდელობა, ყოველდღიური ბრძოლა საკუთარ თავთან და ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი ეტაპი, ქეთა ჯიქიასთვის სადებიუტო წიგნად ფორმირდა და „ლაბირინთების“ სახით მოგვევლინა. ქეთას ცხოვრებაში ლიტერატურული საწყისები 17 წლიდან ჩნდება, როგორც თავად გვიამბობს, „ლაბირინთები“ პირადი ჩანაწერების კრებულია, რომელსაც ავტორი ერთადერთი მკითხველისთვის - საკუთარი თავისთვის, 3 წლის განმავლობაში ქმნიდა.

ცხოვრების უმნიშვნელოვანესი თავის დახურვის შემდეგ კი ქეთამ, მწერლური ამოცანა დაისახა და გადაწყვიტა, საკუთარი აზრები და გამოცდილება მათთვის გაეზიარებინა, ვინც საკუთარი ლაბირინთიდან გამოსვლას ახლაც ცდილობს და გზა ჯერაც ვერ უპოვია.

ლირიკული ნარატიული თხრობის სტილით, მრავალშრიანობითა და დაუფარავი პირდაპირობით, ქეთა ჯიქია, წიგნში, არა ერთ მნიშვნელოვან თემას ეხება და შიშებსა თუ იმედებს, საკუთარი პრიზმიდან გვიამბობს. ახალგაზრდა დებიუტანტის „ლაბირინთები“, რომლის გარეკანსაც ქეთასავე ნახატი ამშვენებს, წიგნის მაღაზიის თაროებზე დღეიდან იპოვით. 

როგორ და როდის შეიქმნა შენი სადებიუტო წიგნი ლაბირინთები? რა ისტორია იმალება მის მიღმა?

ქეთა: ვფიქრობ, რომ ადამიანების ცხოვრებაში არსებობს გარკვეული ეტაპები, რომელიც სრულიად გარდაქმნის ცხოვრებას თუ პიროვნებას. მგონია, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ის გარდამტეხი ეტაპი, რომელმაც ჩემზე, ჩემს პიროვნებაზე და ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ეს არის ეტაპი, რომლის ფურცელზე გადმოტანაც 17 წლის ასაკში დავიწყე და 3 წლის შემდეგ სამუდამოდ დავხურე თავი, რათა საკუთარი თავისთვის მიმეცა საშუალება, რომ ახალი ფურცლიდან დამეწყო ყველაფერი. 

როგორც ვიცი, ლაბირინთები პირადი ჩანაწერების კრებულია, როგორ ფიქრობ ვისთვის იქნება ის საინტერესო და ვინ შეძლებს მასთან კავშირის პოვნას?

ქეთა: ეს წიგნი ყველა იმ ადამიანისთვის იქნება საინტერესო ვინც ამჟამად ცხოვრებისეულ ლაბირინთებში იმყოფება და ჯერ კიდევ არ უპოვია გზა აქედან გამოსასვლელად. ვერ შევპირდები მკითხველს, რომ ლაბირინთის დასასრულში გაიყვანს ეს წიგნი, რადგან ეს გზა თავად უნდა იპოვონ, მაგრამ გარკვეულ მიმართულებას აუცილებლად მისცემს. 

„სევდა, როგორც უხილავი, თანმდევი შლე- იფი მარად და უსასრულოდ გამჭვირვალე ფარდა გადაფარებულა ფაი- ფურის სახეზე, რომელსაც მარგალიტების მა- გივრად ბროლის ცრემლები ჰკიდია

ლაბირინთების მრავალფეროვანი განცდებიდან და ფიქრებიდან, დღეს რა მიგაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად?

ქეთა: ის ემოციების კასკადი და განცდების სწორად გააზრება, რაც შემდეგ პიროვნებებად და ადამიანებად გვაყალიბებს. ის ემოციების ზღვაა მთავარი ცხოვრების არსი, რომელიც, ჩემი აზრით, პირველ ყოვლისა სულს კვებავს. ლაბირინთები არის აღსარება საკუთარ თავთან და ვფიქრობ რომ ვიყოთ მართლები საკუთარ თავთან - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

მოატყუეთ ნებისმიერი, მაგრამ არასოდეს საკუთარი თავი.

წიგნის გარეკანზე რომ ვისაუბროთ, ლაბირინთებს შენივე ნახატი ამშვენებს, ის სპეციალურად ამ წიგნისთვის შეიქმნა? გარეკანი რამდენად ეხმიანება ლაბირინთების შინაარს?

ქეთა: ნახატი სპეციალურად არ იყო შექმნილი წიგნისათვის, მაგრამ ჩემი ნამუშევრებიდან არჩევა არ გახლდათ რთული, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი თითოეული შემოქმედება, ჩანაწერი იქნება ეს თუ ნახატი, ქვეცნობიერად, ყოველთვის ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

„ბროლი ბრწყინავს, თამაშობს, მზეზე ბზინვარებს და წვიმისას რიტმულად მიჰყვება ძაფს ბოლომდე.
სევდა ნისლს ჰგავს. არსაიდან მოდის და არ- სად გაეშურება“

რადგან ამ საკითხს შევეხეთ, იქნებ ისიც გვითხრა ზოგადად ხელოვნებას რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში…

ქეთა: ალბათ 90% ჩემი ცხოვრებისა და არა უბრალოდ არსებობის, ამაზეა დაფუძნებული. ცხოვრების სტილია, რუტინა, რომელიც ვფიქრობ, რომ ჩემი პიროვნების განუყოფელი ნაწილია. 

ლაბირინთები ორშაბათიდან იყიდება, სად შეძლებს მკითხველი მის შეძენას?

ქეთა: ბიბლუსის ყველა ფილიალში ხელმისაწვდომია შეძენა, არამარტო თბილისში, არამედ ქუთაისსა და ბათუმშიც, აგრეთვე მაღაზია ლიბრეს ლიტერატურულ განყოფილებაში.

ახლაც წერ? უკვე აკინძული წიგნის ხილვის შემდეგ, მისი გადაფურცვლის და გვერდებიდან შენივე სიტყვების ამოკითხვის შემდეგ ახალ წიგნზე მუშაობის სურვილი თუ გაგიჩნდა?

ქეთა: როგორც უკვე ვახსენე, ცხოვრების ერთი თავი უკვე დავხურე და ახალი თავის დაწყებას კი გარკვეული დრო ჭირდება, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი...

ზევით