რა უნდა ვიცოდეთ იოდდეფიციტზე

საქართველო წარმოადგენს იოდდეფიციტის ენდემურ კერას, ამიტომ იოდის კონტროლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. სწორედ იოდის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და მასთან ასოცირებული მცირე თუ დიდი დარღვევები. როდესაც ირღვევა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, პარალელურად ჩნდება პრობლემა ჰორმონების გამოყოფისა, რომელიც აკონტროლებს მეტაბოლიზმს.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მოქმედებს მთელ ორგანიზმზე და აკონტროლებს ისეთ მექანიზმებს როგორიცაა, სხეულის ტემპერატურა, გულის მუშაობის რიტმი, ცილების წარმოქმნა, კალციუმის დონე სისხლში და ორგანიზმის მიერ ნახშირწყლებისა და ცხიმების გამოყენება. ამ ჰორმონების გამოყოფის დარღვევა, შესაბამისად, არღვევს თითოეულ მექანიზმს.

ასევე, ფარისებრი ჯირკვალი რომელიც ვერ გამოყოფს სათანადო რაოდენობის ჰორმონებს დაკავშირებულია ისეთ დარღვევებთან როგორიცაა:

 • გონებრივი ჩამორჩენა და დემენცია,

 • გულის დაავადებები,

 • წონაში მატება,

 • სიმსუქნე,

 • განვითარების შეფერხება (ორსულობის პირველ ტრიმესტრში შესაძლოა შეაფერხოს ბავშვის ტვინის ზრდა-განვითარება),

 • ძვლების სიმყიფე.

სწორედ იოდია ის მიკროელემენტი, რომლისგანაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზი. ლოგიკურია, თუ იოდი გვაკლია, დაგვაკლდება ჰორმონებიც. სწორედ ამიტომაა აუცილებელი იოდის მუდმივი კონტროლი.

გოიტროგენები - არის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის ათვისებას და მის მიერ ჰორმონების წარმოქმნას. გვხვდება ბევრ მცენარეულ საკვებში და საყურადღებოა მათთვის, ვისაც აქვს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია.

გოიტროგენებს შეიცავს:

 • კომბოსტოსებრთა ოჯახის წარმომადგენლებ ი(ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო),

 • მწვანე ფოთლები კომბოსტოსებრთა ოჯახიდან (ქეილი, თეთრი და წითელი ჭარხლის ფოთლები, მდოგვის ფოთლები, ისპანახი და ა.შ),

 • ზოგიერთი ხილი და სახამებლის შემცველი მცენარე (სიმინდი, კასავა, ლიმას ლობიო, სელი, ფეტვი, ატამი,მარწყვი, ტკბილი კარტოფილი),

 • სოიოს შემცველი პროდუქტები (ტოფუ, ტემპეჰი, ედამამე, სოიოს რძე),

ასევე, გოიტროგენია ზოგიერთი ანტიოქსიდანტი: ფლავონოიდები, რესვერატროლი (ყურძენი, წითელი ღვინო) და კატექინები (მწვანე ჩაი).

როგორ შევამციროთ გოიტროგენების რაოდენობა?

ამ პროდუქტებზე ყურადღების გამახვილება და მეტნაკლებად შეზღუდვა რეკომენდირებულია მხოლოდ მათთვის ვისაც აქვს იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები და თავს არიდებს გოიტროგენებს. სხვა შემთხვევაში ის არ გამოიწვევს რაიმე დარღვევას.

სალზამთროს რეკომენდაციია: 

 • იკვებეთ მრავალფეროვნად, რაც ორმაგად კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან მიიღებთ მეტ ვიტამინებს და ნაკლებ გოიტროგენებს.

 • შეეცადეთ არ ჭამოთ ზემოთ-ჩამოთვლილი პროდუქტი უმად, მომზადება (მოხარშვა, ორთქლი, მოთუშვა) შეამცირებს გოიტროგენების რაოდენობას პროდუქტში.

 • არ მოწიოთ სიგარეტი. მოწევა განსაკუთრებულად ძლიერ, უარყოფით გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე.

იმისთვის, რომ ორგანიზმში არ განვითარდეს იოდის დეფიციტით გამოწვეული დარღვევები, საჭიროა კომპლექსური მიდგომა:

 • ჩართეთ რაციონში იოდის შემცველი პროდუქტი (წყალმცენარეები, ფეიხოა, კარტოფილი, შტოში)

 • გამოიყენეთ იოდიზირებული მარილი. გაითვალისწინეთ, რომ იოდიზირებული მარილის ხანგრძლივი თერმული დამუშავება ამცირებს მის რაოდენობას საკვებში. მნიშვნელოვანია, რომ მარილი დამატებული იყოს სადილის მომზადების ბოლო ეტაპზე, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ იოდი საკვებში.

 • სელენი ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის, ამიტომ მიიღეთ სელენის შემცველი პროდუქტი-ბრაზილიური თხილი, მზესუმზირის გული, ლობიო, სოკო პორტობელო.

 • მიაქციეთ ყურადღება თქვენს ნაწლავების მდგომარეობას, როდესაც იქ დარღვეულია მიკროფლორა, იოდის შეწოვა ეფექტურად არ ხდება. მიიღეთ მეტი უჯრედისის შემცველი პროდუქტი რათა გქონდეთ ჯანმრთელი და მრავალფეროვანი მიკროფლორა.

 • ასევე, იოდის შეწოვა სრულად არ ხდება თუ ორგანიზმში რკინისა და ა ვიტამინის ნაკლებობაა. ასე, რომ აკონტროლეთ ეს ნივთიერებები და მიიღეთ საკვებიდან.

გოიტროგენები საშიში არ არის თუ არ არსებობს ორგანიზმში იოდის დეფიციტი. იოდის დეფიციტის არსებობის შემთხვევაში, თუ პროდუქტი მომზადებული იქნება სწორად და მენიუ დაბალანსებული, ჯანმრთელობას საშიშროებას არ შეუქმნის.

ზევით