#მოდა

გაკვეთილები, რომლებიც „ოცნების დიზაინერმა“ კრისტიან დიორმა გვასწავლა

გაზიარება:

J’adore Dior! - ეს გახლავთ სლოგანი, რომლითაც მთელი მსოფლიო საკუთარ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავს ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის, კრისტიან დიორის მიმართ. ბატონი დიორი 1905 წლის 21 იანვარს, საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ გრანვილში დაიბადა და მოულოდნელობებით აღსავსე, საოცარი ცხოვრებით იცხოვრა. კრისტიანმა გამოიარა სიმდიდრეც და სიღარიბეც, შიშიც და დიდებაც და საკუთარი შინაგანი ხმის კარნახით მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახლი Dior-იც დააარსა.

კრისტიან დიორის შემოქმედებამ მისი სახელის უკვდავყოფა მოახერხა და მოდის სამყაროს ისეთი ფიგურების გვერდით დაიკავა ადგილი, როგორებიც კოკო შანელი, პიერ ბალმანი, ლუი ვუიტონი და სხვები არიან.

„ელეგანტურობის საიდუმლო თავის მოვლაა. საუკეთესო სამოსი, საუკეთესო სამკაული არ გამოჩნდება, თუ ადამიანი მოვლილი არ არის“ - კრისტიან დიორი

ნება მიეცით ხელოვნებას, წარმართოს თქვენი გზა

მოდის ინდუსტრიაში გამოჩენამდე და ყველა დროის ერთ-ერთი ლეგენდარული დიზაინერის სახელის დამკვიდრებამდე, კრისტიან დიორი მცირე არტ გალერეის მფლობელი იყო, რომელშიც თვით სალვადორ დალისა და პაბლო პიკასოს ნამუშევრები ინახებოდა. ნათელია, რომ კრისტიანმა ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული მოდის სამყაროში გადმოიტანა და სწორედ ხელოვნების მიმართ თაყვანისცემით, აღფრთოვანებითა და მოწიწებით თავი დაუვიწყარ შემოქმედად დაგვამახსოვრა.

ბუნებრივია, იყო შეშინებული

„ამ სამყაროში ძალიან გვიან შევაბიჯე, სხვები მის შესახებ მთელი ცხოვრება სწავლობდნენ, მე კი მხოლოდ ინსტინქტები გამაჩნდა და ყოველთვის მეშინოდა, რომ რაიმეს არასწორად გავაკეთებდი, შესაძლოა სწორედ ამ შიშმა მიბიძგა ფიგურა შემექმნა“ - კრისტიან დიორი. 

Dior-ის შექმნის შანსი კრისტიანს ორჯერ მიეცა, თუმცა მომავალმა დიზაინერმა შეთავაზება, იდეა და წამოწყება ორივეჯერ უარყო. მხოლოდ მას შემდეგ გადადგა დიორმა მოდის სახლის ჩამოყალიბებისკენ ნაბიჯი, რაც მოდის სამყაროში პიერ ბალმანი გამოჩნდა.

ენდეთ თქვენს იდეებს და მიჰყევით მათ

Dior-მა პირველი კოლექცია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამოუშვა. ქვეყნები მსოფლიო ომის შედეგებს მეორედ იმკიდნენ, ქალები შავ სამოსში გამოწყობილები დადიოდნენ გლოვის ნიშნად. შესაძლოა ეს არ იყო საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რომ კრისტიან დიორს მდიდრული და ფერადი სტილის აზროვნება საზოგადოებისთვისაც გაეზიარებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს იყო ერთადერთი რაც სამყაროს ადამიანებისგან სჭირდებოდა - ყურადღების გადატანა რაიმე ნამდვილად ღირებულსა და ფასეულზე.

კრისტიან დიორის ხედვამ მსოფლიოს მოტივაცია მისცა, თავად კი მოდის სამყაროში new look-ის სტატუსი მოიპოვა.

როდესაც ყოყმანობთ, აირჩიეთ წითელი

"რა თქმა უნდა წითელი ფერი ყველასთვის არსებობს", თქვა ერთხელ კრისტიან დიორმა. მისი ტუჩსაცხის Rouge Dior 99-ის დამსახურებით დღეს  ყველას შეუძლია წითელი ტუჩსაცხი ხმამაღალი განცხადების გასაკეთებლად გამოიყენოს.

სამყარო დეტალების გარშემო ტრიალებს

კრისტიან დიორს ღრმად სწამდა, რომ ისტორიის, ამბის გადმოცემა დეტალების საშუალებით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, მისი მოდის სახლის ხელწერად დეტალები ერთ-ერთ მთავარ ორიენტირად მალევე იქცა. თითოეული პროდუქტი, რომელიც მოდის სახლს ამ დრომდე გამოუშვია ან უშვებს, იქნება ეს სამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარი, სუნამო თუ პარფიუმერია - ყველაფერი დეტალებისგან შედგება, სწორედ ეს გამოარჩევს Dior-ს სხვებისგან და მათზე მაღლაც კი აყენებს.

ზევით