#მოდა

Christian Dior - მარია გრაცია კიურის SS22 Haute Couture Show

გაზიარება:

პარიზში Haute Couture ჩვენებები ოფიციალურად დაიწყო. Schiaparelli-ს და მისი კრეატიული დირექტორის დენიელ როზბერის სიურრეალისტური ჩვენების შემდეგ, დროა თვალი მარია გრაცია კიურის ქმნილებებს შევავლოთ Christian Dior-თვის, რომლისთვისაც მთავარი ორიენტირი ამჯერადაც ადამიანის სხეული რჩება.

მარია გრაცია კიურისთვის მეტავერსი და მასთან დაკავშირებული რეზონანსი საინტერესო არ არის, დიზაინერს და ბრენდის კრეატიულ დირექტორს ამაზე მეტად ქსოვილების, ორნამენტებისა და დეტალების სინთეზი ხიბლავს ქალისა თუ მამაკაცის სხეულთან. Christian Dior-ის 2022 Haute Couture ჩვენებაზე მარია გრაცია კიურის მიერ შექმნილი სილუეტები - მკვეთრი ფორმები, ორიგინალური აქსესუარები, ნაკეცებიანი კალთები თუ მბზინავი დეტალები - ყველაფერი იმას მიუთითებდა, რომ ტანსაცმელი ქალის სხეულის ბუნებრივი გაგრძელება იყო.

როგორც ლეგენდარული კრისტიან დიორი მიიჩნევდა, ისტორიის გადმოცემა ყველაზე კარგად დეტალების საშუალებით არის შესაძლებელი, ამ ხელწერას მისი შთამომავლები და Christian Dior-ის მემკვიდრეობის გამაგრძელებლები ყოველთვის დამაჯერებლად იმეორებდნენ. არსად, არც ერთ სხვა ჩვენებაზე, ისეთ აღფრთოვანებას და პატივისცემას არ იწვევს დეტალები, როგორც ეს Dior-ის შემთხვევაში ხდება.

მარია გრაცია კიურიც დეტალებზე ორიენტირებული მემკვიდრეა. მის ახალ Haute Couture კოლექციაში პოდიუმზე გამოსული მოდელი და მისი სამოსი ერთი მთლიანობა არიან, სილუეტის თითოეული დეტალი დამოუკიდებლადაც არსებობს, მაგრამ მთლიანობაში ქმნის სრულყოფილ ტანდემს, რომლისკენაც დიზაინერი ყოველი ახალი ჩვენებით მიისწრაფვის.

ზევით