#მოდა #დეკორი

Biba: საკულტო მაღაზია 60-იანების ლონდონში

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

დღევანდელი სტატიის მთავარი გმირი მაღაზიაა. დიახ, საკულტო ადგილი, რომელიც 1960-იან წლებში მოდის ცენტრად, A-lister-ების თავშეყრის ადგილად და ინტერიერის დიზაინის ეტალონად ჩამოყალიბდა. მოგეხსენებათ, ლონდონი 60-იანი წლების ბრიტანეთის კულტურული რევოლუციის ცენტრი გახლდათ, მაღაზია Biba კი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 1964 წელს, საფოსტო ბუტიკმა ჟურნალ Daily Mirror-ში ვარდისფერი კუბოკრული კაბა გამოაქვეყნა, რომელიც ძალიან ჰგავდა ბრიჯიტ ბარდოს ცნობილ საქორწინო კაბას. მომდევნო დღეს მაღაზიამ საოცნებო შედეგს მიაღწია და სამოსის 17 ათასამდე ერთეული გაყიდა.

biba london store,brigitte bardot,wedding dress,gingham,

კაბის დიზაინის უკან biba-ს მფლობელი, პოლონელი დიზაინერი, ბარბარა ჰულანიცკი იდგა. მან მაღაზია ქმართან, სტივენ ფითც-საიმონათან ერთად გახსნა. წარმატების პიკში Biba kensington High Street-ზე გადავიდა. იგი 7 სართულიან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, რომელიც 15-მდე სხვადასხვა დეპარტამენტს მოიცავდა, მათ შორის ქალის, კაცისა და ბავშვების ტანსაცმელს, საკვების, წიგნების მაღაზიებს, ბავშვთა გასართობ კუთხესა და რესტორანს.

biba london store,ინტერიერი

ექსტრავაგანტული და არაორდინალური იყო არა მხოლოდ მაღაზიაში გაყიდული ტანსაცმელი, არამედ მისი ინტერიერი. 20 ათასი კვადრატული ფუტის ფართობი კონცეპტუალური მაღაზიისთვის დამახასიათებელ დეტალებს აერთიანებდა. დიზაინი არტ-დეკოს სტილში იყო გადაწყვეტილი და ჩაბნელებული სივრცე გლამურულ ეფექტს ქმნიდა.

ინტერიერის გამორჩეულ ელემენტს მაღაზიაში განთავსებული არაერთი სარკე და ფარშევანგის ბუმბული წარმოადგენდა.

great dane,dog,dogfood,biba london store

andy warhol, soup can,biba store

კვების განყოფილება ალბათ ყველაზე მეტ არაორდინალურ დეტალს მოიცავდა. ძაღლის საჭმელს თავად ბარბარა ჰულანიცკის ძაღლის ფორმის სტენდზე შეხვდებოდით, ხოლო ქილის სუპებს, დიდი ზომის სათავსოში, რომელსაც ენდი უორჰოლის ყველასათვის ცნობილი ქილის დიზაინი ჰქონდა.

The rainbow room,david bowie,the beatles,mick jagger,yoko ono,rolling stones,annie lennox,biba london store,restaurant interior,rainbow

სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი განსაკუთრებული სივრცე რესტორანი სახელად “The Rainbow Room” გახლდათ. რესტორნის ჭერი ცისარტყელას ფერებში იყო განათებული, რითაც ყველას ყურადღებას იქცევდა. ცნობილი სახეებისთვის რესტორანი ძირითადი თავშეყრის ადგილი გახდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს Rainbow room-ში რომ შეგესეირნათ, Rolling Stones-ისა და The Beatles-ის წევრებს, David Bowie-ის, ან Annie Lennox-ს გადაეყრებოდით.

გამორჩეული ინტერიერის გამო David Bowie-ის ერთ-ერთი კლიპი სწორედ "The Rainbow Room"-შია გადაღებული.

Biba-ს ხშირად როკის ლეგენდა, ფრედი მერკურიც სტუმრობდა. მაღაზიის სივრცე სპეციალურად გააცოცხლეს მუსიკოსის ბიოგრაფიული ფილმისთვის "The Bohemian Rhapsody". ფრედი მერკურის თავდაპირველი შეყვარებული და დიდი ხნის მეგობარი, მერი ოსტინი სწორედ Biba-ში მუშაობდა და ვარაუდობენ, რომ მათ შესაძლოა იქ გაიცნეს ერთმანეთი.

biba london store,barbara hulanicki,interior,

ბიბას დეკორი ერთდროულად შემაშინებელიც იყო და აღმაფრთოვანებელიც. როგორც ამბობენ, მაღაზიების ინტერიერი ბარბარას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს წარმოადგენდა. საბავშვო სართული ცენტრს დიზაინერის ორსულობის პერიოდში დაემატა და მისი დეკორი დისნეის ინსპირაციით იყო გაწყობილი. მინიატურული კარუსელი, სოკოს ფორმის სკამები, მაგიდები და სხვა დეტალები განყოფილებას ბავშვთა გასართობ კუთხედ აქცევდა, მშობლებს კი საშუალებას აძლევდა, ბავშვების გარეშე, თავისუფლად ეშოპინგათ Biba-ში.

ბარბარა კულანიცკის მაღაზიაში ძირითადად ახალი, გამორჩეული დიზაინის ნივთები იყიდებოდა, თუმცა, მომხმარებლებისთვის ფრანგული არტ დეკოს ანტიკვარული ნივთებიც იყო ხელმისაწვდომი. მათ შორის იყო მაგიდის ნათურები და ქანდაკებები, რომლებიც პოლონელმა დიზაინერმა საფრანგეთის ბაზრობებზე შეაგროვა.

ბარბარა ჰულანიცკი 1960-იანი წლების 6 ყველაზე გავლენიან ბრიტანელთაგან ერთ-ერთად დასახელდა.

biba london store,ინტერიერი,მოდა

მისი დიდების ეპოქაში მაღაზიას ყოველკვირეულად 100000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. Biba-სთვის დამახასიათებელი იყო მოდუნებული, თავისუფალი გარემო, სადაც თანამშრომლები პოტენციურ კლიენტებზე არ ახდენდნენ გავლენას. როგორც ცნობილია, ნებისმიერი ასისტენტი, რომელიც დასვამდა კითხვას “რით შემიძლია დაგეხმაროთ?”, მაშინვე სამსახურის გარეშე რჩებოდა. აგრეთვე, ბიბა იყო პირველი მაღაზია, რომელმაც მომხმარებლებს მაკიაჟის მოსინჯვის უფლება მისცა.

anna wintour,vogue editor,vogue,fashion,biba london store,shopgirl

საკულტო მაღაზია საბოლოოდ, 1975 წლის სექტემბერში დაიხურა. აქციების მფლობელებს, Biba-ს ინტერიერის შეცვლა და მისი მეტად გაკომერციულება სურდათ, რასაც ბარბარა არ დაეთანხმა. ასე დასრულდა ზღაპარი, რომელშიც იმ პერიოდის ლონდონი ცხოვრობდა. მაღაზია არ იყო მხოლოდ ლონდონელების საყვარელი ადგილი, არამედ მის სანახავად მთელი მსოფლიოდან სტუმრობდნენ ქალაქს. როგორც ცნობილია, წარმატების პიკში Biba ლონდონის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის მეორე ადგილზე მოექცა, მის შემდეგ კი სიაში ბაკინგემის სასახლე მოდიოდა.

 

კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია, რომ მაღაზიაში Vogue-ის ედიტორი, ანნა ვინტური მუშაობდა. 

დღესდღეობით სავაჭრო ცენტრის დეკორის უამრავი დეტალი კოლექციის ნაწილს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია თითქმის 50 წლის წინ დაიკეტა, მასზე დღემდე საუბრობენ. ბიბას ერთ-ერთი დიზაინერი, კასია ჩარკო, დღემდე ბლოგს აწარმოებს, რომელიც ბრენდის ერთგვარ ისტორიულ არქივად ჩამოყალიბდა. მაღაზიის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი “Beyond Biba: A Portrait of Baraba Hulanicki".

ზევით