8 მარტისთვის თბილისის 8 საუკეთესო კაფე-რესტორანს წარმოგიდგენთ

8 მარტიდან რესტორნების შიდა სივრცეები ფუნქციონირებას განაახლებს. სტატიაში, The Diary-ის გუნდის ფავორიტ ლოკაციების განვიხილავთ, რომლებსაც ორშაბათიდან შეგიძლიათ ესტუმროთ.

Café Stamba

კაფე სტამბა

კაფე სტამბა დიდი ხანია თბილისელების თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცა. აქ არამხოლოდ გემრიელი სამზარეულო, არამედ მშვენიერი გარემოა იმისათვის, რომ მეგობრებთან ერთად კარგი დრო გაატაროთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და სოციალიზაციით დაკავდეთ, რის დეფიციტსაც დღეს ნამდვილად განვიცდით. 

Monograph

მონოგრაფი

არც ისე დიდი ხანია, რაც სასტუმრო მონოგრაფი გაიხსნა. მიუხედავად Covid19-ით გამოწვეული ლოქდაუნისა, ლოკაციამ დედაქალაქის მკვიდრთათვის თავის მოწონება უკვე მოასწრო. იტალიელი მზარეულის მიერ მომზადებული კერძები გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. აქ საკმაოდ საინტერესო ღვინის მენიუ აქვთ, რომელშიც ექსკლუზიურ მცირე მარნებსაც იპოვით. მოგეხსენებათ, რომ მცირე მარნები მომხმარებლებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ასევე, აღსანიშნავია რესტორნის ტერასა თბილისის პანორამული ხედებით, რომელიც თავს პირველივე სტუმრობაზე შეგაყვარებთ.

Sirajkhana 

სირაჯხანა

სირაჯხანა ღვინის სახლს ნიშნავს. ღვინოს კი (თან ქართულს) სასტუმრო „მუზეუმის“ მარანში დიდი რაოდენობით იპოვით. თუ კი ქართული ტრადიციული კერძების მოყვარული ხართ, სირაჯხანაში მათ საუკეთესო ვერსიებს აღმოაჩენთ.

Café Leila

კაფე ლეილა

პიტნის ცოცხალი ლიმონათი, თურქული ყავა, ჭვიშტარის ჩხირები... მგონი კაფე ლეილაში ადგილის დღესვე დაჯავშნა ურიგო იდეა არაა. გამორჩეულ კერძებთან ერთად კაფე ლეილას გარემო მოგხიბლავთ, რომელიც მინი მუზეუმს მოგაგონებთ. ასევე აღსანიშნავია მომსახურე პერსონალი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ. მოკლედ, ლეილას The Diary-სგან 8 კი!

Shavi Lomi

შავი ლომი

შავი ლომი ბოლო ათწლეულია თბილისის თანამედროვე კულინარიულ ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დიდი, ძველი სახლი ბაღით - კი, ეს რესტორანი შავი ლომია. ლიმონის კრევეტის კუსკუსი, ან ქათამი კაკლისა და ბროწეულის სოუსში... აბა, როგორ ჟღერს?! ქალაქის ძველ ნაწილში სეირნობისას, ამ ადგილს გვერდს ნუ ჩაუვლით! 

Veriko

ვერიკო

ბელიაშვილიდან ხალხი პეტრიაშვილზე ინაცვლებს და ღვინის ქარხანას იპყრობს. აქ კი ერთი გამორჩეული რესტორანი მდებარეობს, მაღალი დონის კერძებითა და უკარგესი მომსახურებით - საყვარელი ვერიკო ვერაზე. ხაჭაპური ტრუფელით? დიახ, ახლავე მომართვით!  

Keto da Kote

ქეთო და კოტე

ქალაქის ულამაზესი ხედით, დახვეწილი და ნატიფი, თბილისური ეზოების ესთეტიკით - ეს რესტორანი ქეთო და კოტეა. მენიუში კერძების ჩამონათვალი საკმაოდ მწირია, მაგრამ მერწმუნეთ, თითოეული მათგანი ცალკე სტატიას იმსახურებს. აქ ვერ იპოვით კლასიკურ, მამა-პაპურ ხინკალს, თუმცა აღმოაჩენთ მინი ხინკალს ყველის პესტოს სოუსით. გურმანი ხართ? მაშინ თქვენი გზა ქეთო და კოტესკენ მიდის!

Barbarestan

ბარბარესთან

ბარბარესთან სტუმრობა ძველისძველ გემოებთან ზიარების და წარსულში მოგზაურობის შანსია. ეს ტრადიციული საოჯახო რესტორანია, სადაც კერძებს, მე-19 საუკუნის ლეგენდარული ქართველი მწერლისა და კულინარის - ბარბარე ჯორჯაძის ორიგინალური რეცეპტებით ამზადებენ.

ზევით