#სილამაზე

2024 წლის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობები

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ჩვენს ყოველდღიურობაში გაზაფხულმა უკვე შემოაბიჯა. დღე გაიზარდა, მზე უფრო ხშირად ანათებს და ზამთრის დეპრესიიდან გამოსვლის დროც დადგა. ნათელი დღეები და კარგი ამინდები მოტივაციაა უფრო მეტი დრო დავუთმოთ ტანსაცმლისა და აქსესუარების არჩევას. The Diary გთავაზობთ ვარცხნილობის იდეებს, რომლებიც გაზაფხულის დღეებს გაგიხალისებთ. 

ფერადი ბაფთები და ლენტები 

უკვე დიდი ხანია, რაც ფერადი ლენტები და ბაფთები ცნობილი ტრენდების ნაწილი გახდა. ლენტებით ხშირად ანაცვლებენ ქამრებს, ყელსაბამებსა და ჩანთის აქსესუარებს. მაგრამ 2024 წლის მოდის ჩვენებებზე დიზაინერებმა მათ ახალი დანიშნულება შესძინეს და ვარცხნილობის ნაწილად აქციეს. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სულაც არაა საჭირო ახალი აქსესუარის ყიდვა, ალბათ სახლში ყველას გვაქვს საჩუქრის შეფუთვისთვის განკუთვნილი ლენტები, რომლებსაც ახალი სიცოცხლე შეგვიძლია მივანიჭოთ. ეს ტრენდი იმპროვიზაციის უსაზღვრო წყაროა. შეგიძლიათ ინსპირაცია Dior-ისგან აიღოთ, რომელიც თმის სამაგრის ნაცვლად შავ, ელეგანტურ ლენტებს იყენებს. 

Dior, დიორი

Comb Headbands

თმის სტილისტმა Jawara Wauchope-იმ Peter Do-ს კოლექციისთვის ცენტრალური ნიუ-იორკის სტილი პოდიუმზე გააცოცხლა. ნიუ-იორკი ყოველთვის ქაოსთან და გადატვირთულობასთან ასოცირდება. ხალხი ყველა მიმართულებით მიიჩქარის, თითქოს ნიუ-იორკელებს დრო არ უნდა ჰქონდეთ თავის მოვლის რუტინისთვის, თუმცა ამ ქალაქის ქუჩის სტილი ყოველთვის გამორჩეულია. ამ კონცეფციის გაცოცხლება უნდოდა დიზაინერს შემოქმედებით გუნდთან ერთად და ე.წ. სავარცხელი თმის სამაგრის იდეაც გაჩნდა. ასეთი თმის სამაგრები კი, დამეთანხმებით, თბილისის ყველა კუთხეში მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ. იგივე ტრენდი მეორდება ცნობილი ბრენდების შოუებზეც, როგორიცაა Givenchy და Maryling.

Bella Hadid, ბელა ჰადიდი

გადაწეული თმა 

უკან გადაწეული თმა არც არასდროს გამქრალა ტრენდების სიიდან, თუმცა ამ გაზაფხულზე კიდევ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ვარცხნილობით ნებისმიერ ლუქს შეგიძლიათ ელეგენატურობა შესძინოთ. თანაც, მისი შექმნა სახლის პირობებში ძალიან მარტივია. ის ერთდროულად უხდება ჯინსისა და მაისურის კომბინაციას, თუ საღამოს ელეგანტურ კაბას. 

ჰეილი ბიბერი, Hailey Bieber

აქსესუარები 

2024 რომ ექსპერიმენტების წელია, ეს უკვე დაამტკიცა მოდის ჩვენებებმაც და ქუჩის სტილის ტრენდებმაც. მინიმალიზმი უკვე მოსაწყენია, ამიტომ უფრო თამამად ვიყენებთ დიდ, თვალშისაცემ აქსესუარებს. ვარცხნილობებიც არ არის გამონაკლისი. ყველაზე გავრცელებული აქსესუარი წვრილი და ოდნავ მსხვილი ნაჭრის "აბადოკებია", 60-იანი წლების მოდის განუყრელი ნაწილი 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს პოპულარობას. 

ბირკინის წინამო 

ალბათ ყველას გსმენიათ ბირკინის ჩანთის შესახებ, რომელიც ცნობილი მომღერლისა და მოდის მნიშვნელოვანი ფიგურის, ჯეინ ბირკინის სახელს ატარებს. ჯეინი ათწლეულების მანძილზე იყო სტილის ინსპირაცია სხვადასხვა ასაკის ქალბატონებისთვის. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ჯეინ ბირკინის სახელის გაგონებისას თვალწინ წარმომიდგება გოგონა, თავისი ცნობილი მოწნული კალათითა და წინამოთი. ჯეინის ვარცხნილობა ამ გაზაფხულის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდია.

ჯეინ ბირკინი, Jane Birkin

ზევით