ხელოვანები თავისუფლებისთვის

ვასო აბაშიძის ახალი თეატრის პროტესტი

| ნინა სიმსივე |

თავისუფალი სული ზღაპრული ჯინი არ არის, რომ სადღაც გამოამწყვდიო და დაეპატრონო. სულს ყველაზე დიდი ძალა აქვს, იბრძოლოს თავისუფლებისთვის.

„ჩვენ, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიეთ ვათავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან. უფრო ხშირად კი იგი თვითონ ითავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში...“, - ფილმი „კუკარაჩა“

მე ყველა ხელოვანს ტყვეობიდან გათავისუფლებულ სულად ვთვლი, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავს თავისუფლებას. ალბათ სწორედ ამიტომ, ხელოვანები პირველი დღიდან მოყოლებული შეუჩერებლად და დაუღალავად იბრძვიან. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის, გისოსების ჩამონგრევისთვის.

23 იანვარი ქართული თეატრის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა თბილისში, თეატრის წინ, გამართა საპროტესტო მანიფესტი, რომელიც უკავშირდებოდა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას. მანიფესტზე თეატრალებმა პროტესტი და სოლიდარობა გამოხატეს დაკავებულების მიმართ. ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც 21 იანვარს ამოიწურა თეატრის მიერ გაცემული ულტიმატუმის ვადა, რომელიც პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა.

„ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ-ნახავთ, რა შეუძლია თეატრს“-დავით დოიაშვილი

ახალი თეატრი, დავით დოიაშვილი
დავით დოიაშვილი
ფოტო: მზია საგანელიძე

ხელოვნებას შეუძლია ყველა ადამიანის გონებაში შეაღწიოს და დაიხსნას ტყვეობიდან. ხელოვნებას დიდი ძალა აქვს. სწორედ ამის დამტკიცება სურთ თეატრალებს და არ გაჩერდებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და ანდრო ჭიჭინაძე მათთან ერთად არ დადგება სცენაზე. გუშინ იყო ყველაზე მშვიდობიანი, ლამაზი, შთამბეჭდავი საპროტესტო ღამე, პერფორმანსი საქართველოსთვის.

ქართული თეატრი საჭირო დროს ყოველთვის დგას ქართველი ხალხის მხარეს. 9 აპრილის დროს რუსთაველის თეატრის მსახიობებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი დემონსტრანტებს, გამოხატეს პროტესტი საბჭოთა ძალადობის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერ აქციებში. თეატრის  სცენაზე ხშირად იდგმებოდა პიესები, რომლებიც ქართველ ხალხს შთაგონებასა და ძალას აძლევდა.

გასულ წელს, რუსული კანონის წინააღმდეგ, თეატრალურმა საზოგადოებამ აქტიურად გამოხატა პროტესტი. ბევრი მათგანი ქუჩაში შეუერთდა დემონსტრაციებს, თუმცა ამასთან ერთად, მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ აზრს სცენაზე, სხვადასხვა პერფორმანსებით, ბანერებით და მთავრობის მიმართ წაყენებული მოთხოვნებით. სპექტაკლების დასასრულს, თეატრებში მსახიობები გამოდიოდნენ მოთხოვნით: „არა რუსულ კანონს!“ - ასეთი გამოსვლები ხაზს უსვამს იმას, რომ თეატრი სოციალური პლატფორმაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების საჭიროებებსა და მოთხოვნებს. 

ათონელის თეატრი
ათონელის თეატრი

თუმანიშვილის თეატრში ხშირად იდგმება სპექტაკლები, რომლებიც გამოირჩევა სოციალური კრიტიკით. მათი პიესები ხშირად აჟღერებს გლობალიზაციისა და კულტურული თვითმყოფადობის დაკარგვის თემებს.

ბოლო დროს თეატრალები ქუჩაში პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს, საზოგადოების ყურადღებას სოციალური და პოლიტიკური პრობლემებისკენ მიმართავენ.

ქართული თეატრის ჩართულობა პროტესტში ყოველთვის გამოხატავდა ხალხის ტკივილსა და სურვილს სამართლიანობისკენ. მისი სცენები სოციალური დიალოგისა და ცვლილებების ინსპირაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და არის.

ზევით