დღეს, დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის ვაჟა-ფშაველას (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის) დაბადებიდან 161 წელი შესრულდა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, სწორედ დღეს მოევლინა სამყაროს ქართველი გენიოსი, რომელმაც თავისი განუმეორებელი პოემებით, მოთხრობებით, ფილოსოფიური ნარკვევებით, პიესებითა და პუბლიცისტური წერილებით დიდი წვლილი შეიტანა ქართული სალიტერატურო ენის გამდიდრებისა და განვითარების საქმეში.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები ბევრ სხვა ღირსებასთან ერთად იმითაც გამოირჩევა, რომ ამ შემოქმედებისადმი ინტერესიც დროის გასვლასთან ერთად არათუ ნელდება, არამედ სულ უფრო მატულობს. ვაჟას რთული კომპოზიციები და საინტერესო ექსპოზიციები უსწრებდნენ დროს, ავტორის შეუფასებელი ინტელექტი, მისი ყოველი ფრაზა დღეს დაწერილივით ახალი და აქტუალურია.

მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის - ვაჟა-ფშაველა
161 წლის წინ, ჩარგალში დაბადებულმა და სპარტანული წესით აღზრდილმა ლუკა რაზიკაშვილმა, XIX საუკუნის 80-იან წლებში „ახალი სუნთქვა“ შემოიტანა ჩვენს მრავალსაუკუნოვან მწერლობაში, ვაჟას ლიტერატურულ-ენობრივი პოზიცია, როგორც ოდესღაც მისი თანამედროვეების, აგრეთვე მომავალი თაობების აღტაცებას და შთაგონებას დღემდე განაგრძობს.

ათწლეულების, საუკუნეების გასვლის შემდეგაც კი ვაჟა-ფშაველას ფენომენი ბოლომდე ამოუხსნელად რჩება. გულის სიღრმიდან ამოსული შემოქმედება, ვაჟასეული სიცოცხლის ხოტბა, მისი ეთიკურ-ესთეტიკური შეხედულებები და ჰეროიკული გმირები, როგორც სულის სარკე, ქართული ლიტერატურის უზარმაზარ მემკვიდრეობად არის მიჩნეული. მემკვიდრეობას, რომელიც გვიყვება თავისუფლების, თანასწორობის, სულიერებისა და სამართლიანობის შესახებ.

მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა… ენაში იმალება ინდივიდუალობა, მისი მე… ფესვები მწერლის ენისა, სტილისა, იქ არის ჩაწმახნული - ვაჟა-ფშაველა
ვაჟა-ფშაველას პერსონაჟები მთლის დიალექტზე არიან ამეტყველებული, ამ ფშაურმა კილომ უდიდესი თავისებურება შესძინა მწერლის შემოქმედებას, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიალექტს ვაჟა მხოლოდ პოეზიაში იყენებდა, რაც შეეხება მის პროზაულ ნაწარმოებებსა თუ წერილებს, ისინი წმინდა ლიტერატურული ენით გახლავთ შექმნილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაჟას გენიალურობას.
ვაჟას შემოქმედებაზე, მის დანატოვარზე თვალის გადავლებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ სამყარო, რომელიც მან შექმნა რეალური და ხელშესახებია, ის სუნთქავს და იბრძვის არსებობისთვის, მისი სამყარო ცოცხალია და იცოცხლებს მანამ, სანამ მისი სახელი იარსებებს.