#ცნობილები #კინო

„მინდა, რომ ჩემი ზღაპრები კინოდ იქცეს“ - ინტერვიუ ნატალია ყიფშიძესთან

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ნატალია ყიფშიძე ბავშვობიდანვე კინოს სამყაროში იზრდებოდა – გადასაღებ მოედანზე გატარებულმა წლებმა მისი მომავალი თითქოს უკვე განსაზღვრა. დღეს მისი მთავარი მიზანი რეჟისორობაა და ამ გზაზე აქტიურად მიიწევს. ჩვენს ინტერვიუში ნატალია თავის შემოქმედებით გზაზე, ქართულ კინოსამყაროზე და კინოში ქალების როლზე გვესაუბრება.

ნატალია ჩვენი რუბრიკის, The Diary Originals-ის სტუმარია და ინტერვიუს ჩასაწერად ტრადიციულად chicos.tbilisi-ს კაფეს ვესტუმრეთ.

Natalia Kipshidze, ნატალია ყიფშიძე

მსახიობობა

ნატალია, რატომ გადაწყვიტე „ცვალებად ნიშნებში“ მონაწილეობა?

მე არ ვარ პროფესიით მსახიობი, მაგრამ ამ როლს ნაწილობრივ სწორედ იმ მიზეზით დავთანხმდი, რომ შესაძლებლობა მქონოდა სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობის პროცესს ახლოს გავცნობოდი. რადგან რეჟისორობა მინდა, ეს გამოცდილება ჩემთვის განსაკუთრებულად ღირებული იყო - პირველ რიგში, იმიტომ, რომ რეჟისორის მსახიობებთან ურთიერთობა და მათდამი დამოკიდებულება მესწავლა.

ცვალებადი ნიშნები, changing signs, ნატალია ყიფშიძე, ირაკლი კვირიკაძე, ანუკი ბუბუტეიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, დათა ჩაჩუა, ანდრო ჭიჭინაძე

ეს სერიალი მნიშვნელოვან თემებს ეხება, შენი პერსონაჟის ამბავიც ძალიან სენსიტიურ ნარატივს მიყვება, როგორი იყო ამ როლზე მუშაობის პროცესი?

დრო იყო, ჩვენს თაობას ჰქონოდა დასტური იმისა, რომ საერთო პრობლემები, რომლებიც ყველას გვაწუხებს, ნორმალურია და მათზე საუბარი აუცილებელია. ჩემი პერსონაჟის ისტორია რთულ თემებს ეხება. ამ სერიალმა აჩვენა რეალობა, რომელშიც მოზარდები და სტუდენტები ცდილობენ სოციუმის მიერ დაწესებულ სტანდარტებს მოერგონ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ აქვს თანაბარი ფინანსური შესაძლებლობები. ბევრისთვის მეგობრობის შესანარჩუნებლად ეს ნიშნავს ტყუილებზე დაფუძნებული რეალობის შექმნას, რაც, სამწუხაროდ, საკმაოდ გავრცელებული გამოცდილებაა.

ჩემს პერსონაჟსაც სწორედ ეს პრობლემა ჰქონდა – მას გამოგონილ რეალობაში ცხოვრება უწევდა. სერიების გასვლის შემდეგ უამრავი ადამიანი გამომეხმაურა და გამიზიარა, რომ მათაც მსგავსი გზა გაუვლიათ. გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში ადამიანები იძულებულნი არიან, დამალონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა. ეს დიდი პრობლემა და სერიოზული გამოწვევაა. მიხარია, რომ „ცვალებადი ნიშნები“ ამ საკითხზე ღიად საუბრობს და იმედია, ეს დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.

რაც შეეხება მეორე სეზონს, აქ ერთ-ერთი მთავარი თემა ძალადობა და ტოქსიკური ურთიერთობები იყო. მეც და ჩემი მეგობრებიც ვყოფილვართ ტოქსიკურ ურთიერთობაში და ყველას ერთი რამ გვაკავშირებდა – ხმას არ ვიღებდით. ხმის არ ამოღება კი ზოგჯერ ფატალური შედეგით სრულდება. ფემიციდის ამდენად დიდი მაჩვენებელი სწორედ იმიტომ არის, რომ ქალებს ხმის ამოღების ეშინიათ და ეს რეალობაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

რეჟისურა

როდის დაინტერესდი რეჟისურით?

ნატალია ყიფშიძე, Natalia Kipshidze
ფოტოს ავტორი: თაკო რობაქიძე

ძალიან პატარა ასაკიდან ჩემი მშობლები გადასაღებ მოედანზე დამატარებდნენ, და ეს სივრცე ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული და მაგიური იყო. სრულად დარწმუნებული ვიყავი, რომ მსახიობობა მინდოდა. ერთადერთი სხვა რამ, რაც ასევე მხიბლავდა, წერა იყო. თუმცა, 17 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ სინამდვილეში მსახიობობა არასდროს მნდომებია – უბრალოდ, გადასაღებ მოედანზე ვიყავი შეყვარებული.

ნატალია ყიფშიძე, Natalia Kipshidze
კადრი ფილმის - „აგვისტოს 5 დღე“ - გადაღებებიდან

ვიფიქრე, რომ წერას გავყვებოდი და ციფრული მედიისა და კომუნიკაციების ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც ვწერდი სხვადასხვა თემაზე – ჟურნალისტიკიდან პიარსა და მარკეტინგამდე. ერთ-ერთ კურსზე ფროდაქშენი გავიარე და პირველად გავეცანი კინოს წარმოების შიდა პროცესებს. სწორედ ამ პერიოდში, ათ პროექტზე ვიმუშავე ანაზღაურების გარეშე, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც საჭირო იყო, და ყოველდღიურად 12 საათზე მეტს ვმუშაობდი. მაშინ მივხვდი, რომ ეს სფერო ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო.

ჩემი საბაკალავრო ნაშრომის თემა ასეთი იყო: „რა ეტაპებს გადიან კინორეჟისორები პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებამდე“. ამ თემაზე მუშაობისას რეჟისორებთან ინტერვიუები ჩავწერე და გავაცნობიერე, რომ იმისთვის, რომ ფილმის გადაღება მესწავლა, აუცილებელი იყო ყველა დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება მქონოდა – ეს მაძლევდა შესაძლებლობას, უკეთ მესწავლა კომუნიკაცია და თითოეული პროცესის სიღრმისეულად აღქმა.

ნატალია ყიფშიძე, Natalia Kipshidze
ქართული სერიალის, „ბოლო სეზონის“ გადაღებები

დავიწყე მუშაობა სხვადასხვა პოზიციაზე, როგორიცაა კასტინგის დირექტორი, ტრანსპორტის ლოჯისტიკის უფროსი და კასტინგის ასისტენტი. მსახიობობაც ამ ექსპერიმენტის ნაწილია. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საზღვარგარეთ კინემატოგრაფიის შესწავლა მიზიდავს – მინდა, რომ კარგი ოპერატორი გავხდე. შემდეგ დავუბრუნდები ჩემს ნამდვილ სფეროს – რეჟისურასა და სცენარისტობას – და გადავიღებ ფილმებს. ამის მეტი არაფერი მინდა. ჩემი მიზანია, რომ ჩემი ზღაპრები კინოდ იქცეს.

Natalia Kipshidze, ნატალია ყიფშიძე

რომელი ფილმის სცენარია შენთვის სრულყოფილი და რატომ?

ფილმი არ ვიცი, მაგრამ იდეალური სცენარის მაგალითი არის სერიალი „სოპრანო“. ამ სერიალის სცენარი, კადრები, პერსონაჟების განვითარება – ყველაფერი არის სრულყოფილი. რაც შეეხება რეჟისორს, ჩემი იდეალი სერგო ფარაჯანოვია.

რა გაძლევს წერის ინსპირაციას?

ვწერ, როცა გულნატკენი ან ძალიან გახარებული ვარ. ემოციების ოვერდოზი იწვევს ჩემში წერის სურვილს. ჩემი საყვარელი ჩანახატია „ხე ადგა და წავიდა“, რომელიც სცენარისტთა სკოლაში დავწერე და მინდა, ერთ დღეს ანიმაცია გახდეს. ხეების დახმარებით ორი ადამიანის სიყვარული აღვწერე. საერთოდ, არ მიყვარს პირდაპირ რაიმეს გაგება ან მოყოლა, ყველაფერში მეტაფორების გამოყენება მიყვარს.

ვინ არის შენი საყვარელი რეჟისორი და რატომ?

ჩემთვის უდიდესი ინსპირაციის წყაროა სერგო ფარაჯანოვი – მისი უნიკალური ხედვა, სამყაროსადმი დამოკიდებულება და გამბედაობა. განსაკუთრებულად მიყვარს სორენტინო, ხოლო დეივიდ ლინჩს თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად ვთვლი.

ფარაჯანოვთან პირადი კავშირიც მაძლევს დამატებით ემოციურ დატვირთვას – ის ჩემი დიდი ბებიის ახლო მეგობარი იყო, და ბებიაჩემისგან მის შესახებ უამრავი საინტერესო ისტორია მომისმენია. ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მოგონება, რომელიც ჩვენს ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა, სერგოს მიერ ბებიაჩემისთვის 12 წლის ასაკში ნაჩუქარი პიანინოა. როდესაც მეც 12 წლის გავხდი, ბებომ ეს პიანინო მე გადმომცა.

Zurab Kipshidze, ზურაბ ყიფშიძე, სერგო ფარაჯანოვი, Sergei Parajanov

ჩემთვის სერგო იყო გენიოსი, ოქროს თევზი რომ მოვიდეს სურვილის ასასრულებლად, უბრალოდ ვთხოვდი ერთხელ, საუზმეზე, სერგოსთან საუბრის შანსი მომცემოდა. სამწუხაროა, რომ ეს კაცი ჩვენს ქვეყანაში არ არის დაფასებული. ის სულ ამბობდა რომ სამი სამშობლო ჰქონდა: უკრაინა, საქართველო და სომხეთი. იმაზე ნაწყენი ვარ, რომ ხალხის დაფასება ზოგჯერ ძალიან გვიჭირს.

რას ფიქრობ საქართველოზე, როგორც ფილმის გადასაღებ სივრცეზე?

დღევანდელ კინოსამყაროში საქართველო ცნობილი გახდა, როგორც საინტერესო გადასაღები მოედანი. ეს ბუნებრივია, რადგან საქართველოში რეჟისორმა ერთ დღეს შეიძლება გადაიღოს ქუჩა, ორ საათში მთა და შემდეგ ზღვა, ჯერ გადაიღოს თანამედროვე და იმ დღესვე მე-16 საუკუნის შენობა. ამ მრავალფეროვნების გამო, საქართველო უცხოელი პროდიუსერებისთვის ძალიან საინტერესოა. ეს ფაქტი მხოლოდ ეკონომიკურად კი არა, კინოს განვითარების კუთხითაც გვეხმარება. როდესაც უცხოელები ჩამოდიან, ქართველები მათგან ბევრს ვსწავლობთ, ჩვენც ვუზიარებთ გამოცდილებას და ახალ კონტაქტებს ვამყარებთ.

ნატალია ყიფშიძე, Natalia Kipshidze

როგორ წარმოგიდგენია შენი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი?

ზუსტად ვიცი, როგორი იქნება ჩემი ფილმი – ის ყოველღამე მესიზმრება. ეს ისტორია ჩემს პირველ ზღაპარს ეფუძნება, რომელიც ჯერ არ გამომიქვეყნებია, და ახლა ვცდილობ, რომ სცენარად გადავაქციო. თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ჩემ გარშემო ბევრს, მეც მიჭირს კონცენტრირება. მიუხედავად ამისა, ვცდილობ, რომ ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ნაპერწკალი ვიპოვო. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობის შემდეგ ახალი, საინტერესო პროექტები დაიბადება. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე ლამაზი ყვავილი სწორედ ჭუჭყში იზრდება.

კინო, პროტესტი და ქალი კინოში

როგორ ხედავ კინოს მომავალს ევროპულ საქართველოში?

მგონია, რომ ეს პროცესი ძალიან საინტერესო იქნება. სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ეცდებიან იმ სივრცეში შემოსვლას, სადაც უკვე ცხოვრობენ ნიჭიერი ადამიანები. ჩვენი ქვეყანა უნიკალური ლოკაციების მქონეა, რაც კინოსამყაროსთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. ყველას მოუნდება ამ სივრცის აღმოჩენა და მასში ადგილის დამკვიდრება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართველები არავის ჩამორჩებიან – პირიქით, უცხოელებთან ერთად საერთო შემოქმედებითი პროცესით ახალი და საინტერესო შედეგები დაიბადება.

ნატალია ყიფშიძე, Natalia Kipshidze

შენი აზრით, როგორია ქალის როლი ქართულ კინო სივრცეში?

მართალია, რომ ბაბუა და მამა შესანიშნავი მსახიობები არიან, მაგრამ მათ წინ ჩემი დიდი ბებია, ელენე ყიფშიძე, და მისი დიდი ბებია, ბაბო კორინთელი, იდგნენ – ქალები, რომლებიც ამ სფეროს პირველ პიონერთა შორის იყვნენ. ზოგადად, ქალი კინოს არსებობისა და განვითარების განუყოფელი ნაწილია.

და ეს მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ მრავალი ნიჭიერი მსახიობი, რეჟისორი და კინოწარმოების სხვადასხვა დეპარტამენტში მომუშავე ქალი გვყავს. ჩემი აზრით, ქალი თავადაა შემოქმედების უდიდესი მუზა. საკუთარი გამოცდილებიდან, კინოგადაღების სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქალები ამ ინდუსტრიაში გაცილებით აქტიურები არიან, ვიდრე ეს ფართო საზოგადოებას წარმოუდგენია. კამერის მიღმა, კინოს შექმნის პროცესში, მინიმუმ 60-70 პროცენტი სწორედ ქალები არიან.

ნატალია ყიფშიძე, Natalia Kipshidze

არის კინო პოლიტიკური?

არამარტო კინო, არამედ ხელოვნება – იქნება ეს ტილო თუ ლექსი – ყოველთვის პოლიტიკური იყო და არის. არ არსებობს აპოლიტიკური არტისტი; ვინც ამბობს, რომ ასეთია, უბრალოდ იტყუება. შეუძლებელია, პოლიტიკა ადამიანს არ შეეხოს. ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი ხელოვანი ქმნის პოლიტიკურ ნამუშევარს – იქნება ის რეჟიმის წინააღმდეგი თუ მისი მომხრე. დღევანდელი რეჟიმის შემზღუდავი კანონების მიზანიც სწორედ ის არის, რომ რეჟისორებმა გადაიღონ კინო იმაზე, თუ რამდენად "კარგია" დღევანდელი საქართველო, რაც თავისთავად უკვე პოლიტიკურ აქტად იქცევა.

პროტესტზე რომ ფილმს იღებდე, როგორები იქნებოდნენ შენი მთავარი გმირები?

ჩემი მთავარი გმირი იქნებოდა ქალი, რომელიც ზის ქუჩაში და ყიდის დროშებს. ფილმს სწორედ მისი პერსპექტივიდან დავინახავდი. ეს ქალი ყველაფრის მოწმეა, ყველაფერს ხედავს – მას არ სჭირდება ტელევიზორის ყურება, რომ გაიგოს, რა არის სწორი და რა არასწორი. ის იცნობს ხალხის განწყობებს, გრძნობს ცვლილებებს და უსმენს ყოველდღიურ დიალოგებს. საინტერესო იქნებოდა მისი თვალით დანახული ისტორია – რას უყვება მეზობლებს ყავის სმისას, რას ჰყვება შვილიშვილებს, როგორ აღიქვამს რეალობას, რომელსაც სხვები ეკრანებიდან სწავლობენ.

ზევით