ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
სანამ ილია თოფურია "ელ მატადორი" გახდებოდა და მისი ჩემპიონობის ამბავი მთელ მსოფლიოს მოედებოდა, იყო ისტორია, რომელიც ომს, ოკუპაციას, ემიგრაციასა და უამრავ სირთულეს იტევს და რომელზეც, აქამდე არც არაფერი ვიცოდით. სწორედ ამ ამბავს გვიყვება გიორგი კეკელიძის წიგნი "დედა და ილია", რომელიც ინგა ბენდელიანი თოფურიას ცხოვრების ქრონოლოგიას მიჰყვება და ილიას ჩემპიონობით გვირგვინდება.
The Diary Originals-ის რუბრიკაში ქართველი ელ მატადორის დედას და დას ვუმასპინძლეთ. მარიამ თოფურია და ინგა ბენდელიანი თოფურია ჩვენთან ინტერვიუში ბესტსელერ "დედა და ილიაზე", ოჯახურ ამბებსა და წარმატებისკენ განვლილ გზაზე გვიყვებიან. ინტერვიუს ჩასაწერად, რა თქმა უნდა, chicos.tbilisi-ს კაფეს ვესტუმრეთ.
როდის გაჩნდა "დედა და ილიას" დაწერის იდეა?
ინგა: წიგნის იდეა დიდი ხანია თან დამდევს. ყოველთვის მინდოდა, ჩემი მტკივნეული და ტრაგიკული ისტორია მომეყოლა. შემთხვევით, ბერი ანდრიას ფონდში შევხვდი გიორგი კეკელიძეს, რომელსაც ასევე ჰქონდა იდეად, რომ ილიაზე წიგნი დაეწერა. მოკლე დიალოგის შემდეგ, გადავწყვიტეთ რომ ეს ამბავი ჩემი ისტორიით მოგვეყოლა, რადგან ილიამდე იყო ყველაფერი ის, რაც სწორედ ამ წიგნშია მოთხრობილი.
ილიამდე იყო აფხაზეთი, რომელიც დღესაც დღის წესრიგში დგას და ყველას ტკივილია. ვფიქრობ, წიგნი ძალიან საჭირო დროს გამოვიდა, რადგან მომავალმა თაობამ, მათ შორის ჩემმა შვილებმაც, უკეთ უნდა გაიგოს ის დეტალები, რაც აქამდე აფხაზეთზე არ იცოდნენ. მიხარია, რომ უკვე წიგნის წაკითხვა სრულიად საქართველოს შეუძლია, მალე ესპანურადაც გამოვა და ვფიქრობ, მსოფლიოს უფრო მეტად გავაცნობთ ჩვენს ქვეყანას.
ვისთვის დაიწერა ეს წიგნი?
ინგა: ეს წიგნი არ დაიწერა მხოლოდ აფხაზი ხალხისთვის. წიგნში მოთხრობილია სხვა ადამიანების ისტორიებიც, მათი ვინც ჭუბერის გზა გამოიარა. მე რამდენიმე წელია, რაც მეჩვენება, რომ აფხაზეთის საკითხი თითქოს მივიწყებულია.
ამ წიგნის მეშვეობით, აფხაზეთის დევნილებს მინდა დარჩეთ იმის გრძნობა, რომ მათი ისტორია არავის დაგვივიწყებია.
ამასთანავე, ეს წიგნი მომავალი თაობისთვის დაიწერა. ეს არის ისტორია, რომელიც სკოლის პედაგოგებს შეუძლიათ მოსწავლეებს ასწავლონ კიდეც. ესპანეთში კი, სადაც ყველამ იცის 2008 წლის ომის შესახებ, გაიგებენ აფხაზეთზეც.
რა დახვდება მკითხველს, როდესაც გადაშლის წიგნს?
ინგა: ეს წიგნი არის მოტივაციაზე. მე ამ წიგნით ვამბობ - ნახეთ საიდან სად მოვედით. მოვდივართ დევნილობიდან და ემიგრაციიდან და დღეს ოთხი წარმატებული, მათგან ერთი მსოფლიო ჩემპიონი შვილი მყავს. ჩემი თაობის ხალხი და ახალგაზრდები ბევრ სამოტივაციო რამეს წაიკითხავენ ამ წიგნში. შეიძლება ზოგს შერცხვეს კიდეც იმის, თუ რაზეც ახლა წუწუნებს, რადგან აქ ჩანს, რომ ადამიანს ყველა ბარიერის, დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. ეს წიგნი არის ძალა და ადამიანებს უჩენს განცდას, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
მე თუ შევძელი, ესე იგი ყველა შეძლებს, მთავარია მოინდომო, გინდოდეს და გჯეროდეს.
იმ სირთულეების ფონზე რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიარეთ, თქვენ თვითონ სად პოულობდით მოტივაციას რომ არ დანებებულიყავით?
ინგა: 21 წლის ვიყავი აფხაზეთიდან რომ წამოვედი. ძალიან კარგი ბავშვობა მაქვს გავლილი და ყველაფერი მქონდა იმისთვის, რომ უზომოდ ბედნიერი ახალგაზრდა ვყოფილიყავი, ჩემი გეგმებით და მომავლის ჩანაფიქრებით. შემდეგ დაიწყო ომი, მაშინ მეორე შვილზე ფეხმძიმედ ვიყავი. ყველას ვეუბნები, რომ ჩემში, ისევე როგორც ყველა ადამიანში, რაღაც იყო რეზერვირებული, რომელსაც, თავს ასეთი ტრაგედია რომ არ გადამხდენოდა, არც კი ვიცი თუ გამოვიყენებდი. ყველა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა შეეკითხოს, თუ რა უნდა ამ ცხოვრებისგან. მეც ეს გავაკეთე, ვუთხარი თავს, რომ ან დავრჩებოდი ამ პრობლემაში, ან გამოვუშვებდი იმ ძალას, რომელიც ჩემში იყო. მივხდი, რომ ძლიერი ქალის რეზერვი მქონია. რომ ვკითხე საკუთარ თავს - ვაგრძელებ ცხოვრებას? პასუხი გავეცი, რომ კი, ვაგრძელებ ცხოვრებას, ვიწყებ თავიდან.
მთავარია შენ თავთან იყო ავტორიტეტი, არაფერმა უნდა წაგაქციოს, შენგან უნდა მოდიოდეს ძალა.
შემდეგ უკვე, ეტაპობრივად ისე წავიდა ყველაფერი, რომ სხვა ბევრი მოტივაცია გაჩნდა. ბავშვებს გაზრდა და თანადგომა სჭირდებოდათ.
როგორ შეძელით, რომ ამხელა ტრავმა წარმატების ფორმულად აქციეთ?
ინგა: მე ამ ტკივილით ვცხოვრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტკივილში დავრჩი. პირიქით, ეს ყველაფერი დამეხმარა გაძლიერებაში. ტკივილი ამ წარმატების საფუძველია, ეს წარმატება არის ის გზა, რომელიც მე გავიარე და ახლა შემიძლია ადამიანებს დავანახო, თუ სად ვარ მე დღეს.
მარიამ, რა გახსოვთ იმ რთული პერიოდიდან, რომელიც წიგნშია აღწერილი?
მარიამი: აფხაზეთის დატოვების დროს, მე ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ეს მხოლოდ დედაჩემის ან ჩემი ოჯახის ისტორია არ არის, არამედ ეს ჩემი ისტორიაცაა, რომლითაც 31 წელია მოვდივარ და ბევრი რამ მასწავლა მან. მასწავლა, რომ შეიძლება ბევრჯერ დაეცე და ფერფლიდან, როგორც ფენიქსი ისე აღდგე.
რა გადმოვიდა თქვენში დედისგან?
მარიამი: დედისგან სიძლიერე ოთხივე დედმამიშვილს გამოგვყვა და ამან ცხოვრების გზაზე ბევრი რამ გადაგვალახვინა. დედასგან გვაქვს ერთობა, სიყვარული, საკუთარი თავის რწმენა. კარგი ნათქვამია - რაც არ გკლავს გაძლიერებს - ეს არის ის, რაც დედაჩემისა და აფხაზეთიდან უამრავი დევნილის ტრაგედიამ გვასწავლა.
რომელი გავხართ დედას ყველაზე მეტად?
მარიამი: ყველანი ვგავართ. დედის სიძლიერე, მოტივაცია, თავდაჯერებულობა ოთხივეს თანაბრად გვაქვს. მაგრამ მაინც გამოვყოფ ელ მატადორ ილია თოფურიას, რომელიც ხასიათით ყველაზე მეტად ჰგავს დედას.
მარიამ, იყო დრო, როცა მშობლები მეორედ იყვნენ ემიგრაციაში და ბავშვები მარტო ცხოვრობდით. ამ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?
მარიამი: ახლანდელი გადმოსახედიდან, როცა მეც უკვე დედა ვარ, მგონია რომ ეს იყო სრული სიგიჟე, იმ პერიოდში კი, ეს იყო ახალი თავგადასავალი, ცხოვრება გადარჩენისთვის. იმ დრომ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს, ვისწავლეთ ზრუნვა, ფაქტობრივად მშობლის ინსტინქტი იქიდან მოდის. მიუხედავად ჩვენი ასაკისთვის შეუფერებელი მენტალური თუ ფიზიკური სირთულეებისა, მხიარული და კარგი პერიოდი იყო. ბევრ რაღაცასთან გამკლავება გვიწევდა. რომ არა ის პერიოდი, არ შეიქმნებოდა ილია ელ მატადორი, ალექსანდრე ელ კონკისტადორი, ანა, მარიამი.
ინგა, როდის მიხვდით, რომ ჩემპიონი გეზარებოდათ ოჯახში?
ინგა: ძალიან პატარა ასაკიდან. ოთხი წლის იყო ილია, ხუთის ალექსანდრე, როდესაც გერმანიაში ძიუდოზე შევიყვანეთ. ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ძალა ეტყობოდათ. არ ჰგავდნენ თავისი ასაკის ბავშვებს. მეც და ჩემს მეუღლესაც თავიდანვე გვჯეროდა მათი.
ერთხელ მწვრთნელიც კი თქვენ უპოვეთ ილიას და ალექსანდრეს, არა?
ინგა: კი, ასე იყო. პარკში, ბავშვს როცა ვასეირნებდი, დავინახე ბიჭი, რომელსაც დამტვრეული ჰქონდა ყურები. მივედი და ვკითხე თუ ჭიდაობდა. კუბელი აღმოჩნდა და იცოდა ქართველების შესახებ, იცოდა, რომ აქ ნიჭიერი ხალხია. მითხრა ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუზე მიგვეყვანა ბავშვები. სპორტულ დარბაზში ისეთი ოჯახური სიტუაცია იყო, რომ ფაქტობრივად სახლიდან-სახლში მივიყვანეთ ილია და ალექსანდრე. ღმერთის საჩუქარი იყო ის ადამიანი.
როგორია ილია რინგს მიღმა?
მარიამი: თავმდაბალი, მოსიყვარულე, ტოლერანტი და სულ ხელმისაწვდომია. ცოტა დრო აქვს და სულ ვარჯიშობს, მაგრამ საღამოს, ძილის წინ საერთო ჯგუფში ვიკრიბებით და ერთმანეთს სიახლეებს ვუზიარებთ. ჯგუფს All Star ჰქვია.
ინგა: ჩემსა და ილიაში ხასიათობრივ მსგავსებებს ვხედავ. ზოგჯერ, როცა ველაპარაკები ვგრძნობ, რომ საკუთარ თავს ვესაუბრები და ცოტა უკან უნდა დავიხიო. ილიამ ის სიამაყე, რომელიც მთელი ცხოვრებაა მაქვს გამისამმაგა. ის ბევრი ადამიანის ინსპირაცია და იმედია.
ილიასგან ყოველთვის ძალიან ქართული მუხტი მოდის
ინგა: გერმანიაში დილით 7 საათზე ჩემი შვილები ქართული ცეკვების ფონზე იცვამდნენ და ისე მიდიოდნენ ბაღში. ხომ იცით ქართული ანდაზა, სადაც ხარ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო, ჩემს შვილებსაც, სადაც არიან იქაური ქუდი ახურავთ, მაგრამ ის ქუდი მათ სისხლს არ ცვლის. არიან იმ ქვეყანაში, რომელიც მათ გვერდში დაუდგა და მადლიერები არიან ამ ქვეყნის, მადლიერების გამოხატვაც ქართული საქციელია.
ქართველი დიზაინერების ბრენდებს ხშირად ატარებთ, რა არის ამის მიზეზი?
ინგა: მიზეზი არის უპირველეს ყოვლისა ის, რომ სადაც დავდივარ მინდა, სულით, გულით, მთლიანად ქართველი ვიყო. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ვცხოვრობ, დიდ პატივს ვცემ ქართულ ბრენდებს, რომლებიც ჩემთვის ყველგან და ყველაფერში პირველები არიან.
რა ემოციებით უყურებთ ხოლმე ილიას ბრძოლებს?
ინგა: ჩვენ დიდი ოჯახი გვყავს და ამდენ ადამიანში, ბრძოლის პროცესშიც და მოსამზადებელ პერიოდშიც, ყველაზე ადეკვატური მე ვარ. ბრძოლაზე მთელი ოჯახით პირველად მაშინ წავედით, როცა ილია ქამრისთვის იბრძოდა. პირობა გვქონდა მთელს ოჯახს დადებული, რომ ყველანი იქ ვიქნებოდით ამ დღეს.
მარიამი: ნერვიულობა და სტრესი ბრძოლამდე 2-3 კვირით ადრე იწყება. როდესაც ილია აქტიურად იკლებს წონას, ჩვენც ვწყვეტთ ნორმალურად კვებას და მასთან ერთად, სინქრონულად ვიკლებთ წონაში. ბოლო კვირა ყველაზე რთულია. მთელი ოჯახი მივდივართ მამა გაბრიელის საფლავზე, ვლოცულობთ. ეს არის ერთადერთი ადგილი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას სიმშვიდე ვპოვოთ.
რაც შეეხება თვითონ ბრძოლის დროს, შეუძლებელია მშვიდად და წყნარად დარჩე. ოჯახიდან არცერთს გვეპარება ეჭვი რომ ილია მოიგებს, მაგრამ ვნერვიულობთ იმაზე, რომ რამე არ იტკინოს, არ დაუზიანდეს. ჩვენ არ გვაქვს ის მოვალეობა, რომ იმ მომენტში საღი აზრი შევინარჩუნოთ და ილიას რამე რჩევა მივცეთ. ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე ალექსანდრეს აქვს. მან ყველაფერი უნდა დააფიქსიროს, საჭირო რჩევა მისცეს ილიას.
ბრძოლის შემდეგ ჯერ ილიას ვულოცავ და მერე მივდივარ ალექსანდრესთან, რომ მადლობა გადავუხადო მას.
ბრძოლის დროს როგორი განწყობა გაქვთ?
ინგა: მე მჯერა, რომ დედასა და შვილს შორის კავშირია და მე თუ აფორიაქებული ვარ, ვიცი ილიაც ცუდად იქნება, ამიტომ საკუთარი თავის დამამშვიდებელი მე თვითონ ვარ.
მარიამი: ბოლო ბრძოლებს ილიას შვილი, უგოც დაესწრო და პასუხისმგებლობა გვქონდა, რომ ჩვენს შემხედველი ბავშვი არ აღელვებულიყო.
პატარა ელ მატადორზეც მოგვიყევით, რამდენად გრძელდება უგოში ქართველობა?
ინგა: ჩემს თავზე მაქვს ის პასუხისმგებლობა აღებული, თუ რამდენად ქართველი იქნება უგო. პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო მის დედას, რომელთანაც უგო იზრდება. ბავშვი ოთხი წლის ასაკში, ხასიათით, სისხლით, ქცევებით არის აბსოლუტურად ქართველი. ისღა დარჩა, რომ სკოლის ასაკიდან ქართულად წერა-კითხვა ისწავლოს. უგო ბევრად ქართველია, ვიდრე მის ასაკში მამამისი იყო გერმანიაში.
უგო არის მთავარი თოფურია თოფურიებში.
მარიამი: პატარა ასაკიდან ჩოხით დადის. თვითონაც სულ ამბობს, რომ ქართველია.
ბოლოსთვის, ერთ კარგ მოგონებას ხომ არ გაიხსენებდით აფხაზეთზე?
ინგა: თუ ცუდ ხასიათზე ვარ, თვალებს ვხუჭავ და ყოველთვის მივდივარ ჩემს სახლში, ფაცხაში, სადაც ყველა ერთად ვისხედით და ისმოდა ქართული, მეგრული, აფხაზური სიმღერები. ამ დროს ის სურნელი, ხმები მოდის ჩემთან, რომელიც იმ ფაცხაში ტრიალებს. მსოფლიო მოვიარე და ვერაფერმა შეცვალა ის ადგილი და ვერც ის სურნელი, რომელიც აფხაზეთშია.
რას ეტყოდით აფხაზ ხალხს?
ინგა: ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საერთო და ბევრიც სალაპარაკო. მე მზად ვარ რომ ჩავეხუტო აფხაზებს და ჩემი სათქმელი ვუთხრა მათ. ეს არ იყო ომი, ეს იყო ტრაგედია, სადაც არც ერთი ჩვენგანი არ არის დამნაშავე, ჩვენ გვყავს ერთი საერთო დიდი მტერი, მოვა დრო და ეს ყველაფერი არგუმენტებით გაჟღერდება და ამაში თვითონაც დარწმუნდებიან აფხაზები. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ.