#მოდა #საზოგადოება

Victoria’s Secret „ანგელოზების“ ეპოქას ასრულებს - ვინ ჩაანაცვლებს მოდელებს?

გაზიარება:

მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალის თეთრეულის ბრენდი Victoria’s Secret, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან შეუდარებელ, მომხიბვლელ და საოცრად სექსუალურ ქალებს გვაცნობდა, საკუთარ ნიშაზე უარს ამბობს, „ანგელოზების“ ეპოქას ასრულებს და რებრენდინგის გზას მიმართავს.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ Victoria’s Secret მსოფლიოს მილიონობით გულშემატკივარს „ანგელოზებს“ აღარ წარუდგენს, ქალებს, რომლებზეც ამ დრომდე იდგა ბრენდის სახელი, სახე და იმიჯი. მოგეხსენებათ, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალის თეთრეულის ბრენდი არა ერთ სკანდალში გაეხვა, Victoria’s Secret-ის მისამართით ისმოდა ხმამაღალი კრიტიკა, რამაც, ჯერ მისი რეიტინგის სერიოზული ვარდნა, შემდეგ ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი შოუს გაუქმება ახლა კი რებრენდინგი გამოიწვია.

თუ კი აღარ იქნებიან „ანგელოზები“, ვინ ჩაანაცვლებს მათ? - სიახლემ ლოგიკური კითხვა გააჩინა და მას პასუხი Victoria’s Secret-ის წარმომადგენლებმა უმალვე გასცეს, ამიერიდან ქალის თეთრეულის წარმომადგენლები ფეხბურთელი მეგან რაპინო, მოდელი პალომა ელსესსერი, მსახიობი პრიანკა ჩოპრა, ფოტოგრაფი ამანდა დე კადენე, აგრეთვე ბრენდის პირველი ტრანსგენდერი მოდელი ვალენტინა სამპაიო და ადუტ აკეჩი არიან.

Victoria’s Secret-ში გარდამტეხი ცვლილებები, ბრენდის კრეატიული დირექტორის პოსტზე რაულ მარტინესის დანიშვნიდან ნახევარი წლის შემდეგ განხორციელდა. როგორც ჩანს, Victoria’s Secret გადარჩენის გზებს ეძებდა, რაულმა კი ბრენდს ყველაზე რეალური გამოსავალი შესთავაზა და რებრენდინგის გზით, მას ახალი სიცოცხლე შესძინა, იქნება თუ არა წარმატებული ამ საქმეში ჩადებული შრომა - ამას დრო გვაჩვენებს.

ზევით