#კულტურა #კინო

EMMYS 2024-ზე ნომინაციების რეკორდები იხსნება

გაზიარება:

ამერიკაში, კვირა საღამოს ემის 76-ე დაჯილდოებაზე საყვარელი სერიალებისა და მსახიობების საგულშემატკივროდ, ყველა ტელევიზორის წინ მოკალათდა. ლოს-ანჯელესში, Peacock Theatre-ში გამართული ემის დაჯილდოების წამყვანები ჰოლივუდის ცნობილი მამა-შვილი, დენ და იუჯინ ლევი იყვნენ.

ემის დაჯილდოება, დენ ლევი, იუჯინ ლევი
ფოტო: Christopher Polk

ემის წლევანდელი ცერემონია ახალ-ახალი რეკორდებით იყო დახუნძლული. იაპონურმა დრამამ - Shōgun, Creative Arts Emmys-სა  და Primetime Emmys-ზე, 25 ნომინაციიდან გამარჯვება 18 კატეგორიაში მოიპოვა. ამ შედეგით, სერიალი ემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთ სეზონიანი დრამა გახდა. სტატიის ბოლოს ყველა კატეგორიაში ნომინირებული და გამარჯვებული სერიალებისა და მსახიობების სიას გაეცნოთ, რამდენიმე მათგანზე კი, უფრო ვრცლად მოგიყვებით.

The Bear

კრისტოფერ სთორერის სერიალი ჩიკაგოში მდებარე რესტორნის მზარეულებზეა. პატარა სივრცეში თავმოყრილი, ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნებით, თუ ყოველდღიური პრობლემებით დამძიმებულები ადამიანების ცხოვრება რეჟისორისა და მსახიობების გასაოცარი პროფესიონალიზმის წყალობით, საოცრად საინტერესოდაა მოთხრობილი.

სწორედ ამიტომაა, რომ გუშინ, კომედიური ჟანრის რამდენიმე კატეგორიაში ნომინირებული სერიალის მსახიობებმა დამსახურებული ჯილდოები მოიპოვეს. ამავე ჟანრის საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი და კაცი მსახიობების ტიტული ებონ მოს-ბაჩრახიმ და ლაიზა კოლონ-ზაიასმა დაიმსახურეს. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჯერემი ალენ უაითი მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი მსახიობის ნომინაციას მოიგებდა და ასეც მოხდა. კომედიურმა სერიალმა ემი საუკეთესო რეჟისურისთვისაც დაიმსახურა.

Emmys 2024, ემის დაჯილდოება, The Bear, Liza Colón-Zayas, ლაიზა კოლონ-ზაიასი, Jeremy Allen White, ჯერემი ალენ უაითი,  Ebon Moss-Bachrach, ებონ მოს-ბახრახი
ფოტო: Robyn Beck

Hacks

სერიალი Hacks, რომელშიც მთავარ როლს ჟან სმარტი ასრულებს, კომედიურ ჟანრში საუკეთესო შოუს კატეგორიის გამარჯვებული გახდა. ხოლო ჟან სმარტი, შინ კომედიის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდოთი დაბრუნდა. სერიალმა საუკეთესო სცენარის ნომინაციაც მოიგო. Hacks-ი ლეგენდარული კომიკოსის, დებორა ვენსისა და ახალგაზრდა, დამწყები მწერლის, ეივა დანიელსის შესახებ ინსპირაციულ ამბავს გვიყვება.

ემის დაჯილდოება 2024, Emmys 2024, Hacks, Jean Smart, ჟან სმარტი

სერიალის საუკეთესო ნაწილი სწორედ ამ ორი მსახიობის მიერ, 45 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, შექმნილი ეკრანული წყვილია. ეივა და დებორა ამბის დასაწყისში მოსისხლე მტრებად გვევლინებიან და ბოლოსკენ ერთმანეთის მესაიდუმლე საუკეთესო მეგობრები ხდებიან.

ემის დაჯილდოება 2024, Hacks, Emmys 2024

Baby Reindeer

ემის კატეგორიაში - Limited or Anthology Series - გამარჯვებული ნეტფლიქსის ჰიტი, Baby Reindeer გახდა. მთავარი როლის შემსრულებელმა, რიჩარდ გადიმ ამავე კატეგორიაში საუკეთესო კაცი მსახიობის ტიტული მოიპოვა. სერიალში Stalker-ის როლის საოცარი შესრულებისთვის კი, ჯესიკა განინგმა, მეორეხარისხოვანი ქალი მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა. არც სერიალის სცენარიც დარჩენილა ჯილდოს გარეშე.

რიჩარდ გადი ის ადამიანია, რომელიც მძიმე პირადი ისტორიის შესახებ მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ესაუბრება. ეს მინისერიალი ავტორის პირადი აღიარებაა და ადამიანურ ტრავმებზე ფსიქოლოგიური დეტექტივის სტილში მოგვითხრობს. ამ სერიალის ნახვა იმდენად რთულია, რომ შესაძლოა რამდენჯერმე შეწყვეტაც მოგინდეთ. თუმცა, ამბის თხრობის ხელოვნება, სცენარი და შესრულება იმდენად მაღალხარისხიანია, რომ ძალები უნდა მოიკრიბოთ და ყველა ეპიზოდს ბოლომდე უყუროთ. ამას, ემის უამრავი ნომინაცია და დამსახურებული ჯილდოებიც ადასტურებს.

Shōgun

რეკორდსმენ Shōgun-საც მოვაკითხეთ. იაპონური დრამის სამყაროში ასეთი გამონათქვამი არსებობს - ყველა ადამიანს სამი გული აქვს. ერთი მისი ენაა, რომელიც ყველასთვის თვალსაჩინოა. მეორე მკერდში ძგერს და მხოლოდ მეგობრებისთვისაა განკუთვნილი. მესამე, საიდუმლო გული კი, ისე ღრმადაა ჩამარხული, რომ მას ვერავინ იპოვის.

ჯეიმს კლაველის ისტორიულ რომანზე დაფუძნებული სერიალი დრამის ჟანრის საუკეთესო შოუს ტიტულს დაეუფლა. სერიალის სიუჟეტის მიხედვით, ინგლისელი მეზღვაური გემის ჩაძირვის შემდეგ იაპონიის უცხო მიწაზე ძალაუფლებისთვის გაჩაღებული ომის ქარცეცხლში აღმოჩნდება. სერიალი დასავლური და აღმოსავლური კულტურების დაპირისპირებებს, პოლიტიკურ ინტრიგებსა და პიროვნულ ბრძოლებს ეხება. დრამის კატეგორიაში მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობების ჯილდოს მფლობელები Hiroyuki Sanada და Anna Sawai გახდნენ. მსახიობებთან ერთად, შინ სერიალის სარეჟისორო გუნდიც გამარჯვებული დაბრუნდა.

ემის დაჯილდოება, Emmys 2024, Shogun,  Anna Sawai, Hiroyuki Sanada
ფოტო: Gilbert Flores

ემის დაჯილდოების ნომინანტებისა და გამარჯვებულების სიას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ. ახლა კი, საუკეთესო მომენტებს თვალი ერთად გადავავლოთ.

ზევით