#კინო

Nocturnal Animals: ტომ ფორდის ტოქსიკური შურისძიების ამბავი

გაზიარება:

ჯოან დიდონი წერდა: „ჩვენ საკუთარ თავს ვუყვებით ამბებს, რომ ვიცხოვროთ“, თუმცა ხანდახან საზარელი ზღაპრების მოგონებაც გვიწევს, რათა ჩვენში ჩაბუდებული ტკივილი, სასოწარკვეთა და იმედგაცრუება გადმოვცეთ. 2016 წელს დიდ ეკრანებზე, მოდის სამყაროს საკულტო ფიგურის - ტომ ფორდის რიგით მეორე ეკრანიზაცია Nocturnal Animals გამოჩნდა, რომელიც ორიგინალური თხრობის პრინციპით გამოირჩეოდა. ეს იყო მკაცრი გამაფრთხილებელი ზღაპარი სიყვარულზე, შურისძიებაზე, ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის ჩატეხილ ხიდზე, ჩრდილში მოქცეულ იმ ცხოვრებაზე, სადაც რეალური ადამიანები გამოგონილ პერსონაჟებად იქცევიან, ხოლო ძველი ტკივილი თხრობის ჭურჭლად გვევლინება.

ხელოვნება გულის გარეშე, ასე მოიხსენიეს Nocturnal Animals-ს კრიტიკოსებმა, მაშინ დამტკიცდა, რომ ტომ ფორდმა საწადელს მიაღწია - მან მაყურებელი გააბრაზა.

Nocturnal Animals ორჯაჭვიანი თხრობის ნარატივით გამორჩეული ფილმია, რომელშიც ერთმანეთის პარალელურად მიმდინარე ორი ისტორია თანაბარ ინტერესს მოიპოვებს მაყურებლისგან. რეალურსა და გამოგონილ ისტორიებს შორის ზღვარი იმდენად მცირეა, რომ ისინი თანაბარი სიმძლავრით შემოიჭრებიან ჩვენს გონებაში და ფილმის მსვლელობის არც ერთი წუთს ინტრიგის გარეშე არ გვტოვებენ, მათ შორის არც ფინალურ სცენაში.

ფილმში მოქმედება ლოს-ანჯელესში ვითარდება, თუმცა უფრო სწორი იქნება იმის ხსენება, რომ ის ლოს-ანჯელესში იწყება, ტომ ფორდი ჯერ რეალურ სამყაროში ჩაგვახედებს, შემდეგ კი ნელ-ნელა, ოსტატურად შემოჰყავს ტკივილით აღსავსე გამოგონილი ისტორია. Nocturnal Animals-ის პროტაგონისტი სუზანი (ემი ადამსი) არის სამხატვრო გალერეის მფლობელი წარმატებული ქალია, რომელსაც პირად ცხოვრებაში დიდი იმედგაცრუება ხვდა წილად - მისი ქორწინება დანგრევის პირასაა.

ერთ დღესაც სიუზანი სახლში პირველი ქმრისგან ედუარდისგან, რომლისგანაც ბოლო 20 წელია არაფერი სმენია, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ რომანს იღებს საჩუქრად, რომელიც როგორც აღმოჩნდა ედუარდმა სწორედ მას მიუძღვნა. როგორც კი სიუზანი წიგნის კითხვას იწყებს, ფილმში მეორე სიუჟეტის ხაზი შემოდის ედუარდის რომანის ეკრანიზაცია, რომელიც ფილმის მამოძრავებელ ძალადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

გამოგონილი ისტორია ტონის (ჯეიკ ჯილენჰოლი) და მისი ოჯახის მოგზაურობით იწყება, ძველი Mercedes-ით ოჯახი მარფაში, ტეხასისკენ მიემართება. ღამით, ორ ზოლიან გზატკეცილზე, მათ სიმყუდროვეს მამაკაცთა ბანდა არღვევს, რომლებიც კოშმარივით შემოიჭრებიან მათ ცხოვრებაში, ისინი ტონის სცემენ და მისი ცოლი და ქალიშვილი ძალის გამოყენებით მიჰყავთ ადგილიდან. ამის შემდეგ იწყება ტონის ბრძოლა ოჯახის დასაბრუნებლად და სამართლიანობის აღსადგენად, თუმცა მისთვის მარტივი არ არის, არც სიუზანისთვისაა მარტივი მხატვრული ლიტერატურის ძალას გაუსწოროს თვალი და მასში მისი ყოფილი მეუღლე და საკუთარი თავი ამოიცნოს.

 

ტონის „გამოგონილი“ ამბავი იკვეთება სიუზანის „ნამდვილთან“ - თუმცა, სამართლიანად რომ ვთქვათ, ის ძირითადად რომანის კითხვას, აბაზანის მიღებას, ლოგინში გაღვიძებასა და წიგნის ავტორთან, ედუარდთან კარგა ხნის წინანდელ სასიყვარულო ურთიერთობას ასახავს. 

ისტორიის ცენტრში სიუზანი, როგორც ამბის გასაღები ან მთავარი შიფრი. ეს ორი ამბავი ოსტატურად არის გადაჯაჭვული, ზოგჯერ ზედმეტად ოსტატურადაც კი.

თავისი ორმაგობითა და რთული შემობრუნებით, Nocturnal Animals ​​წააგავს სარკეების დარბაზს, რომელიც განწირულია დასანგრევად.

ზევით