ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
| ანა ციხელაშვილი |
„ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა იოზეფ კ.-ს, რადგან არაფერი დაუშავებია და ერთ მშვენიერ დილას მაინც დააპატიმრეს“ – ასე იწყება ფრანც კაფკას 1914-1915 წლებში დაწერილი რომანი „პროცესი“. ეს „მშვენიერი დილა“ სიმბოლურად იმ წერტილს წარმოადგენს, როცა ადამიანი რეალობის მიერ გამოწვეულ ჩაკეტილ სისტემაში ხვდება. კაფკას ნაწარმოებები, განსაკუთრებით „პროცესი“, თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური კრიზისებისა და ავტორიტარული რეჟიმების ფონზე ერთგვარ წინასწარმეტყველებად აღიქმება. ეს წიგნი, რომელმაც ფრანც კაფკა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად აქცია, მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე ახსენა.
„გამახსენდა კაფკას პერსონაჟი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის, რა ხდება მის თავს. ეს რომანი (პროცესი) არის გაურკვევლობაზე. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-თქო. რაღაცნაირად, მოხერხდა და ძალიან უცნაურია“, - ანდრო ჭიჭინაძე.
ანდროს სიტყვები განგაშის ზარივით გაისმა ჩემს გონებაში და გამახსენა, რა საზარელი შიშიც დამეუფლა ამ წიგნის პირველად წაკითხვის შემდეგ. ეს უნივერსალური შიშია: ყველა, ვინც კი წიგნს გადაშლის, ბნელ რეალობაში იძირება და იპყრობს შფოთი, რომ წიგნის სიუჟეტი სადაცაა, აწმყოში გადმოინაცვლებს.
იოზეფ კ.-ზე ბევრი არაფერი ვიცით. მისი ცხოვრება თვალშისაცემი ხდება მაშინ, როცა ერთ დილას კ.-ს სახლში შავებში გამოწყობილი უცნობი მამაკაცები მოდიან და გამოუცხადებენ, რომ დაპატიმრებულია. ეს კაცები არ არიან ტრადიციული სამართალდამცავები, არამედ იდუმალი, ჩრდილოვანი სისტემის წარმომადგენლები. მთელი წიგნის განმავლობაში იოზეფ კ., და მასთან ერთად მკითხველი, ცდილობს ამოხსნას საიდუმლო: რაში სდებენ მას ბრალს. რომანი სრულდება ისე, რომ ვერავინ იგებს, რა დააშავა კ.-მ, ვერც მაშინ, როცა საბოლოო განაჩენი აღსრულდება.
ამ რომანში აღწერილია ისეთი რეალობა, რომელიც ფრანც კაფკამდე არავის გონებაში არ დაბადებულა. სწორედ ამიტომ გაჩნდა ტერმინი „კაფკაესკი“, რომელიც ისეთ მოვლენებს მიესადაგება, როგორშიც კაფკას პერსონაჟია აღმოჩენილი. კაფკაესკი რეალობა კოშმარია, სადაც სამართალი მიუწვდომელია, სისტემა მჩაგვრელი და უშინაარსოა, ხოლო ლოგიკას, მსჯელობასა და სიტყვებს ფუნქცია დაკარგული აქვთ.
დაპატიმრების შემდეგ კ.-ს შეუძლია ცხოვრება ჩვეულ რიტმში გააგრძელოს, ოღონდ აუცილებელია, რომ სასამართლო მოსმენებს დაესწროს ხოლმე. ასე იწყება ლაბირინთი, რომელშიც კ. და მკითხველი ცდილობენ პასუხების პოვნასა და მათი დახმარებით გასასვლელის მოძებნას. იოზეფ კ.-ს დანაშაული არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში ამას არავინ აჟღერებს. თუმცა ის, რომ კ.-ს პროცესი მიმდინარეობს, ყველასთვის ცნობილია - შემთხვევითი გამვლელებისთვისაც კი. გვიჩნდება განცდა, რომ იოზეფ კ.-მ საკუთარი თავის შესახებ ყველაზე ნაკლები რამ იცის, მათ შორის ისიც, თუ რა დანაშაულისთვის ასამართლებენ. სასამართლოს ადგილმდებარეობა იმდენად აბსურდულია, რომ კ. პირველ მოსმენაზე აგვიანებს, რადგან ფიზიკურად ვერ პოულობს სხვენს, სადაც პროცესი უნდა გაიმართოს.
მტკივნეული და თავზარდამცემია, უყურო იოზეფ კ.-ს თითოეულ მცდელობას, დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ეს პროცესი ხომ უბრალო სპექტაკლია, რომლის დასასრულიც ყველასთვის ცნობილია. მხოლოდ კ.-ს აქვს მოლოდინი, რომ სადღაც სამართალს იპოვის.
ფრანც კაფკა სასამართლო სისტემას არ წარმოადგენს სამართლიანობის ინსტიტუტად, არამედ აღწერს მას როგორც გაუგებარ და უშინაარსო ძალას. იოზეფ კ.-ში კი ნელ-ნელა იზრდება დანაშაულისა და სირცხვილის შეგრძნება, რაც მიუთითებს, რამდენად მკვლელი და სასტიკია სისტემა, რომელსაც უდანაშაულო ადამიანის საკუთარ თავში ეჭვის შეტანა და გონებაში კითხვის გაჩენა შეუძლია: იქნებ მართლა დამნაშავე ვარ?
გაურკვევლობა, რომელიც იპყრობს მკითხველს რომანის დასრულების შემდეგ შიშში გადაიზრდება. ეს ეგზისტენციალური შიშია, რომ ერთ დღეს შესაძლოა უდანაშაულო ადამიანს ბრალი დასდონ და გაასამართლონ კიდეც.
რომანის დასასრულზე არ მოგიყვებით - თავად უნდა წაიკითხოთ, რადგან სწორედ ესაა „პროცესის“ დანიშნულება: როდესაც ჩვენც აღმოვჩნდებით ისეთი აბსურდული და ტოტალური ძალის წინაშე, როგორიც იოზეფ კ.-ს ქალაქის სასამართლოა, გადავშალოთ ეს წიგნი, როგორც სახელმძღვანელო. „პროცესი“ გაკვეთილია, რომელიც გვასწავლის, რომ თავად არ ვიქცეთ მოსამართლეებად და არ მივცეთ აბსურდს შესაძლებლობა, უდანაშაულო დამნაშავეებად გვაქციოს.
„პროცესი“ არ სთავაზობს მკითხველს ნუგეშს, ის გვაიძულებს დავსვათ კითხვები სამართლისა და ძალაუფლების შესახებ. იოზეფ კ.-ს ბედი შეხსენებაა, რომ სიფხიზლე გვმართებს, რათა არ აღმოვჩნდეთ მჩაგვრელი მექანიზმების მხარეს და იმისთვის, რომ სასამართლო ემსახურებოდეს ხალხსა და კანონს.
კაფკას „პროცესი“ რჩება საუკეთესო ალეგორიად მჩაგვრელი სისტემების წინააღმდეგ ინდივიდის ბრძოლის შესახებ. რომანი აღწერს გაუცხოებას, რომელსაც აგონიაში ჩავარდნილი ადამიანები განიცდიან - ისინი, ვინც რაღაც ძალის მიერ, იქნება ეს ბიუროკრატია, სოციალური ნორმები თუ ავტორიტარული რეჟიმები, დეჰუმანიზებულნი, იდენტობა წართმეულნი და პირამოკერილნი არიან.
იოზეფ კ.-ს ამბავი მხოლოდ ფიქციური ნარატივი არ არის, ის გვიყვება უნივერსალურ ადამიანურ გამოცდილებაზე - ბრძოლაზე გაუგებარი ან უკონტროლო ძალების წინააღმდეგ. განა როგორ შეიძლება ებრძოლო იმას, რაც არ არსებობს? ან როგორ შეიძლება დაადანაშაულო ვინმე დანაშაულში, რომლის არსიც ერთ ადამიანსაც კი არ ესმის?
ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ იოზეფ კ. ბანკში მუშაობდა. ის მორჩილი, ჩვეულებრივი, რუტინული ადამიანი იყო და სწორედ ამ სისტემის მსხვერპლად იქცა. მას იდენტობა ფაქტობრივად არ აქვს - ეს პერსონაჟი განასახიერებს ყველას, ვინც ამ წიგნს გადაშლის. სწორედ ამიტომაა ეს ამბავი საზარელი: კითხვისას არ გვეუფლება გრძნობა, თითქოს ერთი ჩვეულებრივი პერსონაჟის თავზე დატრიალდა კოშმარი, არამედ გვიპყრობს ეჭვი, რომ თავად ვართ იოზეფ კ. ან გავხდებით იგი, თუ ახლა არ დავიწყეთ პროტესტი და კითხვების დასმა.