#GOGO! #სილამაზე

„უსული“ - სიყვარულით შექმნილი სილამაზის ელექსირები რაჭის მთებიდან

გაზიარება:

ჩაკეტილ სივრცეში რომ ახალი იდეები იბადება, ამაში გასული წლის პრაქტიკამ არა ერთხელ დაგვარწმუნა და დღეს ამ თეორიის ერთ-ერთ არგუმენტს - „უსულს“ გაგაცნობთ. „უსული“ საგვარეულო რეცეპტებით შექმნილი თავის მოვლის, კოსმეტიკისა და სამკურნალო წამლების ხელნაკეთი ბრენდია, რომლის შექმნის იდეა ნანი კობახიძესა და ხატია ლობჯანიძეს პანდემიის პირობებში გაუჩნდათ.

სტარტაპ იდეამ ფრთები მალევე შეისხა და როგორც ნანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, არარაჭული ტემპით დაიბადა „უსული“ - სიყვარულით შექმნილი სილამაზის ელექსირები რაჭის მთებიდან“

პირველ ყოვლისა, დავიწყოთ უსულის ისტორიით, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რა გზა განვლეთ, იდეიდან - სტარტაპამდე.

პანდემიის პერიოდში მე და ხატია ოჯახთან ერთად თბილისიდან რაჭაში გადმოვედით. მიზნად გვქონდა დავბრუნებოდით მშობლიურ კერას და საკუთარი, თუმცა სხვებისგან განსხვავებული საქმიანობით დავკავებულიყავით, რომ ჩვენი ულამაზესი მხარე სხვაგვარი კუთხით წარმოგვეჩინა, ისეთით არავის, რომ არ ჰქონოდა გაკეთებული. კარგი პერიოდი იყო დალი ბებოსგან საფუძვლიანად შეგვესწავლა და დაგვემზადებინა ჩვენი სილამაზის ელექსირები და დიდი ხნის ჩანაფიქრი განგვეხორციელებინა.

ბევრი არ გვიფიქრია სამოქმედო გეგმაზე, ოპერატიულად, საკუთარი ფინანსებით შევიძინეთ ინგრედიენტები, შესაფუთი აქსესაურები და ბებოსთან ერთად დავიწყეთ პროდუქციის დამზადება.

მოვიფიქრეთ სახელი, ლოგო და ვუალა,“ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ ხომ რაჭველები ვართ და ასე ექსპრომტად, არარაჭული ტემპით დაიბადა „უსული“ - სიყვარულით შექმნილი სილამაზის ელექსირები რაჭის მთებიდან“. მას შემდეგ აქტიურად ვზრუნავთ ადამიანების კმაყოფილებასა და ბედნიერებაზე.

რაც შეეხება სახელს, ბრენდის სახელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქართული და კავშირი ჰქონოდა ჩვენს საქმიანობასთან ან ოჯახთან, ამიტომ ძიება „სიტყვის კონა“-დან დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ - უსული (ძვ.ქ. ლამაზი, მოხდენილი), არ დაგიმალავთ და ეს ზუსტად ის იყო, რასაც ვეძებდით - მისტიური, განსხვავებული, უნიკალური. სილამაზეს უკავშირდება, ქართულია და რაც მთავარია ადამიანების დიდ ინტერესს იწვევს.

რომ მოგვიყვეთ, რა პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

უსული 100 % ნატურალურ ხელნაკეთ კოსმეტიკას და თავის მოვლის ნამდვილ ძალას სთავაზობს მომხმარებელს. საკმაოდ მრავალფეროვან, დაახლოებით ოცამდე პროდუქტს, ესენია: დღის და ღამის დამატენიანებელი საცხი, თვალის საცხი, ტუჩის ბალმი, პრობლემური კანის საცხი, სახის და ტანის კოსმეტიკური საპონი, საპნის და ყავის სკრაბი, თაფლის ნიღაბი, სახის შრატი(სერუმი), ტანის დასაბანი გელი, მიცერალური წყალი, მამაკაცის სახის დამატენიანებელი საცხი, წვერის სერუმი, წვერის გასაპარსი ქაფი, თმის გამაჯანსაღებელი ნიღაბი...

ასევე, პროდუქცია იცვლება , სეზონის, ინგრედიენტების აქტუალობის მიხედვით, როგორიც არის ტანის ბრჭყვიალა შიმერი, რომელიც ნამზეურისთვის იდეალურია. ასევე, უსულის პროდუქციას ძალიან მალე შეემატება ბალახეული ჩაი, რომელიც ჩვენ ულამაზეს ბაღში იქნება მოყვანილი, რომლის მოვლაშიც ხატია, კარლი და მე აქტიურად ვართ ჩაბმული ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

როგორ იქმნება უსულის პროდუქცია? 

უსულის პროდუქცია იქმნება საგვარეულო რეცეპტებით, თუმცა ფარმაკოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების ბაზაზე, ბუნებრივი, ნატურალური ინგრედიენტებით, რაჭის მთისა და ტყის მცენარეებით, ესენია: ზაფრანა, მრავალძარღვა, პიტნა, გვირილა, იასამანი, ალოე, ვარდი, ასკილი, ცაცხვის ფოთლები, ქაცვის ზეთი, ოხრახუშის ნაყენი, მატიტელა, აბლიპიხა, ფისა და კიდევ რამდენიმე ინგრედიენტი.

პროდუქციის დასამზადებლად გამოყენებულია: სპერმაცეპტი, კაკაოს ცხიმი, რაჭული ფუტკრის ცვილი, თაფლი, შიის კარაქი, მცენარეული ზეთები, მათ შორის ჩვენ მიერ გამოხდილი კაკლის ზეთი, კაოლინი, ზღვის მარილი. აქვე დავძენ, რომ თითოეული ინგრედიენტი, რომლის შესყიდვასაც ვახორციელებთ არის ლაბორატორიულად შემოწმებული და თან ახლავს ხარისხის სერტიფიკატი. არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და პარაბენებს. „უსული“-ს პროდუქციას ვუწოდებთ „ცოცხალს“, რადგან მასში შემავალი მცენარეული კომპონენტები ინარჩუნებენ სასიცოცხლო თვისებებს და ბიოაქტიური ნივთიერებები დაუზიანებელი რჩება.

როგორია უსულის კონცეფცია...

მდგრადი განვითარების მიზნებისა და ადამიანების ჯანმრთელობის საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ვცდილობთ ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად სასარგებლო იყოს ჩვენი მომხმარებლის და ჩვენი პროდუქციით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. ვიზრუნოთ მათ სილამაზესა და ბედნიერებაზე, შევინარჩუნოთ ხარისხი ნებისმიერ ფასად და აქტიურად ჩავერთოთ გარემოსდაცვით ღონისძიებებში, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის დაცვასა და განვითარებაში.

როგორია თქვენი და უსულის სამომავლო გეგმები, რომელი მწვერვალების დაპყრობას აპირებთ მომავალში?

ძალიან დიდი სამოქმედო გეგმა გვაქვს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. გამოვყოფ მათ შორის ყველაზე აქტუალურს, რომელთა პროცესინგი მიმდინარეობს - „უსული“-ს ბუტიკური ტიპის მაღაზია - სალონის გახსნა თბილისში, ასევე, ვმუშაობთ, რამდენიმე ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროდუქტზე, რომელიც მალე დაემატება ჩვენ კატალოგს, დაგეგმილი გვაქვს არაერთი მწვანე აქტივობა გარემოს დაცვითი მიმართულებით და მიწვეული ვართ რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზე, რაც ძალიან გვეამაყება და უდიდეს სტიმულს გვაძლევს.

სტატია მომზადდა საქართველოს მეწარმეთა ასოციაციასა და The Diary-ს მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ანტერპრენერი ქალების მხარდაჭერას. ვებ პლატფორმა The Diary-ის პროექტი - GOGO! იმ ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უამრავი სირთულის მიუხედავად, ახალ კომპანიებს, თუ ბრენდებს საკუთარი ძალებით ქმნიან.
ზევით