#მოგზაურობა

თაკო ფიჩხაიას ჩანაწერები: დაუვიწყარი მოგზაურობა კოლუმბიაში #Travel

გაზიარება:

 

კოლუმბიაში პირველი მოგზაურობა მსოფლიო პანდემიის პირობებში გადაწყდა, მე და ჩემს 5 მეგობარს, ჩვენი კოლუმბიელი მეგობრები დაგვიკავშირდნენ და რესპუბლიკაში შესასვლელი თითოეული დეტალი გაგვაცნეს, მათვე დაგვიგეგმეს კოლუმბიური ტური, დეტალურად აგვიხსნეს სად წავიდოდით და რას ვნახავდით, ასეთ შემოთავაზებაზე კი უარის თქმა შეუძლებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ორგზის აცრილები ვიყავით, კოლუმბიის რესპუბლიკაში შესასვლელად PCR ტესტის გაკეთება მაინც დაგვჭირდა, წარვადგინეთ ჩვენი აცრის საბუთები და პარალელურად შევასვეთ რეგისტრაციის ფორმა.

COVID 19-ის პანდემია კოლუმბიაშიც ისევე მძაფრად იგრძნობა, როგორც საქართველოში, რესპუბლიკაში ყოფნის განმავლობაში რამდენიმე ქალაქს ვესტუმრეთ, თუმცა შეზღუდვები თითოეულ მათგანში მოქმედებდა, პირბადის ტარება ყველგან სავალდებულო გახლდათ, გარდა რესტორნებისა, ბუნებრივია. ერთ-ერთ ქალაქში კი 10 საათიდან კომენდანტის საათიც კი მოქმედებდა და ამ დროიდან სრულიად ყველაფერი იკეტებოდა.

კოლუმბია ყველა ქვეყნისგან განსხვავდება, აქამდე ასეთ ეგზოტიკურ ადგილას არასდროს ვყოფილვარ, აქაურობა არაფერს ჰგავს, არც სახლები და ბუნება და მითუმეტეს - არც ხალხი.

პირველი გაჩერება

ჩვენი კოლუმბიური თავგადასავალი ბოგოტაში დაიწყო, ქალაქში, რომელიც უბნების მიხედვითაა დანომრილი, მარტივად რომ გაგარკვიოთ - რაც უფრო მაღალი ნომერი აქვს უბანს მინიჭებული, ის მეტად პრესტიჟულად და უსაფრთხოდ ითვლება, დაბალი ნუმერაციის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი ძველ ქალაქში, გადაადგილება საშიშია და ჩვენი მსგავს ადგილებში ჩვენი მასპინძელი მეგობრები ტელეფონის გამოყენების უფლებასაც კი არ გვაძლევდნენ.

კოლუმბიური სამზარეულო ძალიან განსხვავებული და გამორჩეულია, პირადად მე მექსიკურ სამზარეულოს მივამსგავსებდი, თუმცა ეს მხარე ზღვის პროდუქტების სიუხვითაც გამოირჩევა.

კარტაჰენა

ეს ქალაქი ყველაზე განსხვავებულია, რაც კი ამ დრომდე მინახავს: ფერადი სახლები, დაბალი შენობები, დიდი ისტორია და მის ხაზგასასმელად და შესანარჩუნებლად საგულდაგულოდ გავლებული გალავანი, რომელიც საკუთარ თავში სიძველეს და საუკუნოვან ისტორიას ინახავს. თუმცა, მეორე მხრივ გალავანს გარეთ თანამედროვე ცხოვრება ჩქეფს, კარტაჰენა, ტურისტულად ყველაზე განვითარებული ქალაქია.

კარტაჰენადან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე კუნძული ტიერა ბომბა მდებარეობს, გიჟური გართობების კუნძული, რომელიც საკუთარი აურით თავს აუცილებლად დაგამახსოვრებთ.

ნაციონალური პარკი

გზად, რამდენიმე ქალაქის გავლის შემდეგ ტეირონას ნაციონალურ პარკში ამოვყავით თავი, აქ ცხოვრებაში პირველად ვნახე პალმების ტყე, თუმცა გარდა პალმებისა, უამრავი უცნობი მცენარე და მათ შორის ქვეწარმავალიც კი ვიხილე. ნაციონალურ პარკს ჰყავს მკვიდრი მოსახლეობაც, რომლებიც ტომების ცხოვრებით ცხოვრობენ და ეს ადამიანები კოლუმბიელებისგან რადიკალურად განსხვავდებიან. აქვთ განსხვავებული ჩაცმის სტილი, რელიგია და პირადად მე ამ უნიკალურობით ინდიელებიც კი მომაგონეს.

აღფრთოვანება

ჩემში აღფრთოვანება ბუნებამ გამოიწვია, განსაკუთრებით მომეწონა ზღვისპირა ადგილები და ჩვენი მოსასვენებელი - ნაციონალურ პარკთან მდებარე კოტეჯები, რომლებიც ჯუნგლების ასოციაციას მიქმნიდა. კოტეჯ-სასტუმრო არ იყო ბუნებისგან იზოლირებული, დილას ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებდა, უკანა ეზოში კიბორჩხალები დაცოცავდნენ და იგუანაც კი ისე მიმოდიოდა, თითქოს ძაღლი ყოფილიყო და არა იგუანა.

აღმოჩენა

კარტაჰენაში, ტანსაცმლის ბევრი კოლუმბიური ბრენდი აღმოვაჩინე, რაც აქამდე რა თქმა უნდა არ ვიცოდი, უნდა აღვნიშნო, რომ მათ ძალიან საინტერესო და სახასიათო მოდა აქვთ - ყველგან მხოლოდ საცურაო კოსტუმებს, მათზე მოსაცმელებსა და ფერად კაბებს შეხვდებით. ეკვატორთან სიახლოვისა და მუდამ მაღალმა ტემპერატურამ მცხოვრებლებს მუდმივი ამაღლებული განწყობა შეუქმნა და ეს ყველაფერში გამოიხატება, მათ შორის მათ მოდაშიც.

მედელინი

სამწუხაროდ, ამ ქალაქში ყველაზე ცოტა დრო დავყავით, რიგი შეფერხებების გამო, ის კი ტურისტებისთვის ყველაზე კომფორტულ ლოკაციას წარმოადგენდა. სასტუმროში საშუალება გვქონდა მომსახურე პერსონალთან ინგლისურ ენაზე გვესაუბრა, ქალაქში საერთაშორისო ბრენდების და კაფე-რესტორნების აღმოჩენაც იყო შესაძლებელი.

განვითარებული ქალაქის ფონზე ქალაქის ყველაზე ღარიბად დასახლებული უბანიც ვიხილეთ, მაღლა, მთებში მცხოვრები ხალხი, რომლებიც პატარა სახლებს საკუთარი ხელით აშენებენ და საერთო საპირფარეშოებით სარგებლობენ, ამ ადგილამდე მისვლა მხოლოდ მოპედით ან საბაგიროს საშუალებით გახლდათ შესაძლებელი, ჩვენ გადაადგილებისთვის ეს უკანასკნელი ავირჩიეთ.

რჩევა: თუ კოლუმბიაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, მაშინ გირჩევთ ესპანური ენის ცოდნა გადაამოწმოთ, რადგან ინგლისურად ამ ქვეყანაში კომუნიკაცია ძალიან გაგიჭირდებათ, გახსოვდეთ, ეს ქვეყანა ინგლისურენოვანი ტურისტებისთვის არაა გათვლილი.

ზევით