#დეკორი

სალომე გულორდავას ესთეტიკა - მონოქრომული სტილისა და პრაქტიკულობის ტანდემი

გაზიარება:

ინტერიერის დიზაინის მიმართ ინტერესი სალომე გულორდავას ცხოვრებაში ბავშვობაში ჩნდება, როგორც ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს, დაახლოებით მეშვიდე კლასში იყო, როდესაც იმ პროგრამების ძიება დაიწყო, სადაც 3D განზომილებაში სახლებისა და მათი ინტერიერის შექმნას შეძლებდა.

მომავლის პროფესიაში გადადგმული პირველი ნაბიჯებიც ადრეული ასაკიდან იღებენ სათავეს, ახლობლების სარემონტო პროცესებში ჩართვისა და მათი დახმარების მცდელობების შემდეგ, სალომემ პირველი დამოუკიდებელი პროექტიც შექმნა - მეგობრისთვის პატარა შოურუმი დააპროექტა "დღემდე მახსოვს ის ემოციები, როდესაც დავასრულეთ და კარი მომხმარებლებისთვის გაიღო".

ის ემოციები იმდენად მომაჯადოებელი აღმოჩნდა, რომ მისი ხელახლა განცდის სურვილმა, სალომე გულორდავას, როგორც ინტერიერის დიზაინერის ცხოვრება და კარიერა განსაზღვრა. დღეს, სალომე წარმატებით მოღვაწეობს ინდუსტრიაში და საკუთარ გამოცდილებას სტუდენტებსაც უზიარებს.

ჩამოყალიბებული ხელწერა

ჩემი ხელწერის დახასიათება, ალბათ, შორიდან დამკვირვებელი თვალისთვის უფრო მარტივი იქნება, თუმცა რაც მე შემიძლია ვთქვა არის ის რომ, უპირატესობას მონოქრომულ, შედარებით მინიმალისტურ სტილს ვანიჭებ; დიდ ყურადღებას ვუთმობ ფუნქციურობას და პრაქტიკულობას.

ყველა დამკვეთის სახლს ისე ვუდგები როგორც ჩემსას, შესაბამისად მასალებსაც რომელსაც ვარჩევ აუცილებლად პრაქტიკული და გამოცდილი უნდა იყოს

ჩემი პორტფოლიო

ჩემს პორტფოლიოში შეხვდებით, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, სპას, სავარჯიშო დარბაზს, სახლის კინოთეატრს, შოურუმებს, გაყიდვების ოფისს და სამუშაო ოფისებს, ამჟამად ვმუშაობ მაღაზიაზე და ზღვისპირა სასტუმროზე.

ინსპირაცია ნებისმიერ წამს, ნებისმიერი ნივთის თუ პეიზაჟის დანახვისას შეიძლება მოვიდეს, მთავარია შენ იყო მზად მის მისაღებად

სწავლების პროცესის უპირატესობები

ადამიანებს გადასცე ცოდნა, რომელიც მათ გამოადგებათ მომავალ საქმიანობაში არის უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე. სულ ფიქრობ რამე ხომ არ დააკელი, ამა თუ იმ საკითხის ახსნა რომელი ტექნიკით სჯობს და რამდენად ღირებულია თითოეული შენი სიტყვა და გამოცდილება, ამავდროულად საბოლოო ჯამში ძალიან სასიამოვნოა საოცარი შედეგების ხილვა…

2023 წლის ტრენდები

2023 წლის ტრენდი, ახალი და ძველი ერების საინტერესო კომბინაციის შექმნა იქნება, მიმდინარე წელს 70-იანი წლების სტილი მეტად ინტენსიურად შემოვა და დიდ ადგილს დაიკავებს ადამიანების საცხოვრებელ სახლებში, ასევე სააბაზანოს ეგრეთწოდებულ სპად და რიტუალურ ადგილად გადაქცევა იქნება ტრენდული. მოსალოდნელია ფერადი ფერთა გამა ინტერიერში , თუმცა პასტელურ და ბუნებასთან მიახლოებულ ტონებში.. მნიშვნელოვანი რჩება ეკოლოგიურობა, გადამუშავებადი და მრავალჯერადი ავეჯის გამოყენება…

ზევით